• Geo
  • Eng
16.06.2014
1982 თუ 2014

ბევრი თვლის და მათ შორის მეც, რომ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო იყო, დრამატიზმით, სანახაობით, ხარისხით, ციხიდან ახალ გამოსული განუმეორებელი პაოლო როსით, რობსონის 27-ე წამზე გატანილი გოლით, ფრანგების ჯერ მოგებული, შემდეგ წაგებული ნახევარფინალით, სტუპარის ჯერ ჩათვლილი და შემდეგ გაუქმებული გოლით, ალჟირის გერმანიასთან გამარჯვებით და გერმანულ-ავსტრიული ფარსით, შუმახერის დაუნდობლობით, ჩივაძის ფეხის დაცდენით და მერე გატანილი გოლით, ბასკებით სავსე ხელმოცარული ესპანეთით, უნგრეთის 10:1-ით, პასარელას არასწორი გოლით, ბეარზოტის ჩიბუხით, 17 წლის უაითსაიდით, კიგანისა და ბრუკინგის დუეტის ნახევარი საათით, 40 წლის ძოფით, დამარცხებული, მაგრამ ბრწყინვალე ბრაზილიით, მარადონას პირველად ნახვით და კიდევ ვინ იცის რამდენით, ერთი სიტყვით ყველაფრით...

ახლა ბრაზილიაში იმდენად კარგი სტარტია, რომ თუ ასე გაგრძელდა და გონებამ არ აჯობა გულს და პრაგმატიზმმა და სიფრთხილემ არ იძალა, არის შანსი ეს მუნდიალი საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ შევიდეს საფეხბურთო ისტორიაში და რაც მთავარია ჩვენს მეხსიერებაში.    ჯერ-ჯერობით ჩემი აზრით, აგრესიული, გულიანი და გიჟური ფეხბურთის დღესასწაულია. ყველა გუნდის, ყველა ფეხბურთელი პირველივე წუთიდან მაქსიმალურად ცდილობს შესაძლებლობების ზღვარზე თამაშს. საოცრად მაღალია თამაშის ტემპი, კიდევ უფრო იმატა სისწრაფეებმა, ყველა, სუსტიც და ძლიერიც, ფავორიტიც და აუტსაიდერიც პირველ რიგში  შეტევას ცდილობს. ჯერ-ჯერობით აგრესიული, შემტევი ფეხბურთი ბატონობს და მეფობს. ყველა წყვილში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არის ძლიერი და სუსტს ვერავისზე ვიტყვი, შედარებით ნაკლებად ძლიერი გუნდი. ყოველთვის ფავორიტი თავიდანვე ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას და არ ელოდება გამარჯვებას, ისე როგორც ურუგვაის მოუვიდა, რომ რადგან უფრო ძლიერია გამარჯვება აუცილებლად თავისით მოვა.

ყველა შეხვედრაში იყო ისეთი მომენტები, რომელიც დასამახსოვრებელია. თითქოს ყველა მატჩი ერთმანეთს ჰგავს რიტმით, თავდადებით, მაღალი ხარისხით, მაგრამ ყველა მატჩი ამავდროულად განსხვავებულია. გახსნის მატჩს ვერ დაივიწყებ, ჯერ იმიტომ რომ გახსნის იყო, შემდეგ კი მსაჯის მიერ დაჩაგრული ხორვატების დავიწყებაც არ იქნება სწორი საქციელი. ან მექსიკელების წარმოუდგენელი სურვილი გამარჯვების. მე მგონი მხოლოდ მონდომებაც ეყოფოდათ კამერუნის დასამარცხებლად. მფრინავმა ჰოლანდიელებმა კი კიდევ ერთხელ შეახსენეს მსოფლიოს ვისი ჯიში აქვთ. თურმე ესპანეთის განადგურებაც შეიძლება თუ იფრენ. სწრაფი ტემპი და აზროვნება, ტექნიკა, ტაქტიკა, ხასიათი, მოტივაცია, სისწრაფე და სირბილი არა. იმ მატჩის ისე მოსაგებად მხოლოდ ფრენა იყო საჭირო და ჰოლანდიელებმაც იფრინეს. რა ვან პერსი გადახტა თავით რო შეაგდო? ვან პერსი გაფრინდა. კასილასმა კი რამდენი იხოხა. ვან პერსის ფრენა და კასილასის ხოხვა ყოველთვის გამახსენებს მაგ თამაშს. ან ჰოლანდია-ესპანეთი 5:1-ს  რა გახსენება უნდა. ჩილეს დასაწყისმა ავსტრალიასთან, მარტო ავსტრალიელებს კი არა მეც დამახვია თავბრუ ტელევიზორთან, თან დაწოლილს. მაგრამ მერე ცოტა ზედმეტი მოუვიდათ და თვითონაც ცოტა რეტიანებივით იყვნენ. კოლუმბიის წარმოდგენა ფალკაოსთან ერთად. რა მაგარი იქნებოდა. მის გარეშეც მაგრები არიან, მაგრამ მასთან ერთად რა მაგარი იქნებოდა წარმოიდგინეთ. ისე წარმოდგენას რაც შეეხება. ჩვენი ნაკრები წარმოვიდგინე მსოფლიოზე. ოცნებას, რომ კაცი არ მოუკლავს ნაღდია, მაგრამ თურმე ოცნებასაც ჰქონია ჰორიზონტი. საბერძნეთზე უკეთ მაინც ვერ შევძელი ჩვენი გუნდის დანახვა. თან 0:3 წაგებულ საბერძნეთზე უკეთ. გთხოვთ სარკაზმად, ხუმრობად და ირონიად ნურავინ ჩამითვლით. ეს ჩემი და ალბათ ბევრი ჩვენთაგანის, ერთი დიდი საერთო ტკივილია. ტკივილი კი არა ტრაგედიაა.

ურგვაიზეა ნათქვამი და არა მარტო მათზე- რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. რადგან კავანი კავანია, ფორლანი ფორლანი იყო, გოდინებით, გარგანოებით და ლუის სუარესით სკამზე, ეგონათ აუცილებლად ჩაეხუტებოდათ გამარჯვება. პირველი დიდი სენსაცია. კემპბელზე კი ახლა უკვე  ყველაფერი ვიცი, სად დაიბადა, სად იზრდებოდა, ბავშვობაში ვინ უყვარდა, საიდან სად და რატომ გადავიდა, ლონდონის არსენალს რომ ეკუთვნის და ა.შ.

იტალია-ინგლისი, ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი. ბრძენი პირლო, ეშმაკი პრანდელი და ძალიან მაგარი იტალიელები. ამ თამაშზე დაუსრულებლად ვიფიქრებდი, მაგრამ ვინ გაცლის. თამაშს თამაში ცვლის, შთაბეჭდილებას შთაბეჭდილება,  საფეხბურთო ისტორიები გროვდება და  ცხოვრებაც  უფრო საინტერესო ხდება.

 

გიგა გვენცაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024