• Geo
  • Eng
02.07.2014
დინამო 1:2 ბრიუგე

დღეს დილით დინამოელებმა ჩვეული დატვირთვით ივარჯიშეს, საღამოს ადგილობრივი დროით 19.00 საათზე კი მორიგი სპარინგი გამართეს. დინამოელთა მეტოქე ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, გასულ სეზონში ვერცხლისმედალოსანი- ბრიუგე გახლდათ. შეხვედრა ჰოლანდიაში, ჰოენდერლოოს მახლობლად დაბა- ხარდერენში გაიმართა.

მატჩის საწყის წუთებში ბელგიელები უკეთ გამოიყურებოდნენ. მე-14 წუთზე ფლანგურ გარღვევას, საჯარიმოში ჩაწოდება და ესპანელი- ვიქტორ ვასკესის გოლი მოჰყვა. ბრიუგე დაწინაურდა 1:0. დინამოელებს მალე მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ ჯანელიძეს არ გაუმართლა. ტაიმის დარჩენილ დროში დაახლოებით თანაბარი თამაში წარიმართა, მაგრამ გატანა ბელგიელებმა მაინც შეძლეს. მე-40 წუთზე ჩვენს კართან, პირველის გაშვებული ბურთის მსგავსი შეტევა განხორციელდა და ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი ყველას რაფაელოვმა დაასწრო და ისრაელის ნაკრების შემტევმა დინამოელთა კარში მეორე ბურთი გაიტანა. მეორე ნახევარში ბილეკმა და პრუდომმა მთელი რიგი ცვლილებები განახორციელეს. დინამოელებმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და პრაქტიკულად მთელი მეორე 45 წუთის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას. ანგარიშში სხვაობის შემცირება 71-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეძლო. ზუსტად 5 წუთში, ვუო-გრიგალაშვილი-გორგიაშვილის მიერ გათამაშებული სახიფათო კომბინაცია, სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა. საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომის გამო თამაშში ჩართვა ლორიასაც მოუხდა. დინამოს შეეძლო მარცხისგან თავის დაღწევა. ბოლო წუთზე ჯიღაური ურტყამდა ხელსაყრელი სიტუაციიდან. საბოლოოდ ბრიუგემ ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და 2:1 იმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ომარ მიგინეიშვილს, ნიკა დაუშვილს, გიორგი ხიდეშელს, საბა ლობჟანიძეს, გიორგი ჩირგაძეს, გიორგი მერებაშვილს და ჩისკო მუნიოსს, რომელიც გუნდს დღეს შეუერთდა.

შეხვედრას ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ბატონი- რომან ფიფია დაესწრო, ასევე კლუბის დირექტორი- ლევან ზუხბაია.  მატჩს თვალყურს ადევნებდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი- თემურ ქეცბაიაც.

დინამო: ლორია, ხურცილავა, თოთაძე, დოსოუდილი(65-გველესიანი), შერგელაშვილი (65-კვირკველია), ცინცაძე (65-პაპავა), ძარია (65-პარუნაშვილი), პაპუნაშვილი (65-გრიგალაშვილი), ჯანელიძე (65-ჯიღაური), მარცვალაძე (65-გორგიაშვილი), ჯორდა (65-ვუო)

ბრიუგე: კუიოვოჩი, დე ბოკი, მეჩელე, ენგელსი, შტორმი, ვანგი, სიმონსი, რაფაელოვი, ვასკესი, სობოტა, შაბალა

გოლები: 0:1 ვასკესი  14’  0:2 რაფაელოვი 40’  1:2 ჯიღაური (ვუოს პასით) 71’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024