დინამო არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამო თბილისმა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო მატჩი, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ ვლადიმერ გაზაევი და მიხალ ბილეკი.
ვლადიმერ გაზაევი: პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა თბილისში და გვამხნევებდა, ასევე მივულოცავ ჩვენს ყველა გულშემატკივარს. მატჩის რეზულტატით კმაყოფილი ვარ, თუმცა სათამაშო ხარისხზე ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული ბრძოლისთვის. პირველ ტაიმში ოდნავ სათამაშო უპირატესობას ვფლობდით, მეორე ნახევარი კი მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. ჩვენ მოვიგეთ პირველი შეხვედრა, თუმცა მთავარი ბრძოლა კიდევ წინ გველოდება.
მიხალ ბილეკი: შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ და პირველივე წუთზე შეგვეძლო დაწინაურება. პირველ ტაიმში ასევე გვქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ვერ მოვახერხეთ მათი გამოყენება. მეორე ტაიმში უფრო აქტიურად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ შევძელით გოლის გატანა. ყაზახეთში მიმდინარეობს ჩემპიონატი და აქტობე კარგ სათამაშო ტონუსშია. ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს. ჩვენ თავაწეულები ჩავალთ ყაზახეთში და ვიბრძოლებთ ბოლომდე სასურველი შედეგის მოსაპოვებლად.