საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 9 დეკემბერს სტუმრად, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს.
თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 39–ჯერ გაიმართა, საიდანაც 28 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 101:27 არის.
სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 12–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 13 სექტემბერს გაიმართა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჯაბა დვალმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა და დორინ გოგამ გაიტანეს.
დინამო თბილისს 9 დეკემბერს ორი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 1992 წლის 9 დეკემბერს დინამომ თბილისური დერბი მრეტების წინააღმდეგ - 1:2 დათმო. მრეტების კარში გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.
1987 წლის 9 დეკემბერს დინამომ უეფას თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბრემენის ვერდერს უმასპინძლა. დაპირისპირება ფრედ - 1:1.მეტოქის კარში გოლი თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა.