დინამო არენის საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია, გუნდის ყოფილი და მომავალი მთავარი მწვრთნელები დუშან უჰრინი და მალხაზ ჟვანია ჟურნალისტებს შეხვდნენ.
რომან ფიფია – მოგესალმებით, დღევანდელი შეხვედრის მიზეზი უკვე ყველასათვის ცნობილია. დუშან უჰრინი ამთავრებს თავის მოღვაწეობას დინამო თბილისში და სამშობლოში მიემგზავრება. მინდა გითხრათ, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ კიდევ ნახევარი წელი უნდა გვემუშავა ერთად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სამშობლოში ბრუნდება და უნდა უთავკაცოს წარმატებულ და საკმაოდ განთქმულ გუნდს, ჩვენ რა თქმა უნდა გავუგეთ ერთმანეთს და ვაძლევთ მას ამის შესაძლებლობას. მინდა მადლობა გადავუხადო დუშანს იმ მონდომებისთვის და იმ სამუშაოსთვის რაც მან დინამო თბილისისთვის გასწია და ვუსურვო წარმატებები თავის სამშობლოში. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია იქნება. მან ყველას დაუმტკიცა, რომ ღირსეული მწვრთნელია, მას აქვს თავისი გამორჩეული ხელწერა. ჩვენმა მეორე გუნდმაც, მას შემდეგ რაც ჟვანია გუნდში მოვიდა, დამაჯერებლად დაიწყო მოგებები.
დუშან უჰრინი – პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დინამო თბილისს ყველაფრისთვის, რაც ამ გუნდმა მომცა. ამ სეზონში გამარჯვება და თასის მოპოვება მინდა ვუსურვო და მომავალში წარმატებები. დინამო ძალიან დიდი გუნდია და მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ. წარამტება მინდა ვუსურვო ახალ მწვრთნელს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მას მომავალში.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რომან ფიფიას და მინდა აღვნიშნო, რომ მის გარეშე დინამო ჩემპიონი ვერ გახდებოდა და მინდა ვთქვა, რომ გუნდში ყველაფერი კეთდება არა თუ ასი პროცენტით, არამედ უფრო მეტით. ცხოვრებაში ყოველთვის დგება ახალი ნაბიჯის გადადგმის დრო. დიდი მადლობა.
მალხაზ ჟვანია – დიდი მადლობა პირველ რიგში ბატონ რომანს ნდობისთვის. მზად ვარ რომ დინამოს მოვემსახურე მანამდე, სანამ დინამოს დავჭირდები. ვეცდებით, დარჩენილ თამაშებში გუნდი მაქსიმალური კონცენტრაციით გავიდეს და სასურველი შედეგები აჩვენოს.
კლუბის პრეზიდენტმა და მწვრთნელებმა ასევე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.