დღეს დინამო არენაზე საქართველოს პირველობის მეხუთე ტურის მატჩი გაიმართა. ჩვენი გუნდი ეროვნულ ასპარეზზე პირველად დაუპირისპირდა ქობულეთის შუქურას. დინამოელებს ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი- ჩისკო მუნიოსი და მცველი- გიორგი გველესიანი აკლდა. დინამოს რიგებში დებიუტი ჰქონდა ნიკა ჭანტურიას, ასევე პირველად იყო სასტარტო შემადგენლობაში- საბა ლობჟანიძე.
შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ უკვე შუქურას მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა საიმედოდ ითამაშა. შეხვედრის 24- ე წუთზე პაპუნაშვილის გადაცემის შემდეგ საბანაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0. ეს გოლი ჩვენი გუნდის ფორვარდისთვის სადებიუტი გამოდგა. რამდენიმე წუთში საბანაძემ კიდევ აიღო მეტოქის კარი, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. საბოლოოდ საბანაძემ 36- ე წუთზე მაინც მოახერხა მეორე გოლის გატანა- 2:0. 4 წუთის შემდეგ საბა ლობჟანიძემ ტექნიკური დარტყმით სამამდე გაზარდა თბილისელთა უპირატესობა. დინამომ ტაიმი ბოლო წუთზე წარმოებული შედეგიანი კონტრშეტევით დააბოლოვა. ლობჟანიძე-პაპუნაშვილი, შერგელაშვილის კომბინაცია შუქურას კარის აღებით დასრულდა- 4:0. მეორე ტაიმის 62- ე წუთზე თავგანწირული ნახტომით დინამოს კარი ომარ მიგინეიშვილმა იხსნა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შესძლო. მის ნაცვლად მოედანზე ნიკა დაუშვილი გამოვიდა. 71- ე წუთზე საწადელს გიორგი პაპუნაშვილმა მიაღწია. მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარეს ხელიდან გაუვარდა და ანგარიში 5:0 გახდა. 81- ე წუთზე დინამოელების მორიგი კონტრშეტევა დასრულდა გოლით. პარუნაშვილის პასით მეექვსე გოლი ჩირგაძემ გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა კახი გოგიჩაიშვილის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შუქურასთვის ეს იყო პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში.
დინამო 6:0 შუქურა
გოლი: 1:0 საბანაძე 24’ 2:0 საბანაძე 36’ 3:0 ლობჟანიძე 40’ 4:0 შერგელაშვილი 45’ 5:0 პაპუნაშვილი 71’ 6:0 ჩირგაძე 81’
გაფრთხილება: კუტალია 27’
დინამო: მიგინეიშვილი (დაუშვილი 65), თოთაძე, ჭანტურია, პაპავა, შერგელაშვილი, ცინცაძე, ძარია (კაკაბაძე 62), პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, საბანაძე (ჩირგაძე 55)
შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გურული, ლობე (კალანდაძე 31), კუტალია (მეტრეველი 37), კუხიანიძე, თუხარელი (მესხი 46), ჩაფიძე, ჩელებაძე
მსაჯი: თ. გვანცელაძე