კვირას 21 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურში, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 51 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 34 შემთხვევაში იმარჯვეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 115/36 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება, ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 2012 წლის 18 ნოემბერს ფოთში, ფაზისის სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები მიკელ ალვარომ და ჩისკო მუნიოსმა გაიტანეს.