• Geo
  • Eng
21.09.2014
დინამომ ლიდერობა გაიმყარა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა თბილისელებს თავიდან გაუჭირდათ ფოთელთა მასირებული თავდაცვითი ზღუდის გადალახვა. საბა ლობჟანიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი თავური ახლო მანძილიდან არაზუსტი გამოდგა. მატჩის 29- ე წუთზე პაპუნაშვილმა ითამაშა კარგად, შეტევას ცინცაძე აგვირგვინებდა ძლიერი დარტყმით, საბოლოოდ საბანაძემ ითამაშა ზუსტად და დინამომ გახსნა ანგარიში- 1:0.

შესვენებაზე საფეხბურთო კლუბმა დინამო თბილისმა გუნდის ვეტერანს და კაპიტანს- ზორბეგ ებრალიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა. ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ ვეტერან დინამოელს 70 ნომრიანი მაისური გადასცა.

მეორე ტაიმში კოლხეთმა გამოასწორა თამაში და 59- ე წუთზე გუგუჩიამ აღადგინა წონასწორობა- 1:1. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისელებმა აქტიურად შეუტიეს. 72- ე წუთზე ცინცაძის გადაცემა ტექნიკურად დაამუშავა ჩირგაძემ და ზუსტი დარტყმით წინ გაიყვანა დინამო- 2:1. 84- ე წუთზე დინამოელთა შემადგენლობაშა დავით ჯიქიას დებიუტი შედგა. მოედნიდან საბანაძე გავიდა. დარჩენილ წუთებში აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს დღევანდელ შეხვედრაში ომარ მიგინეიშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ჯანელიძე და ჩისკო მუნიოსი აკლდა. ჯერჯერობით ასევე არ გახლდათ გუნდის განაცხადში, გამოცდილი ახალწვეული- ზურაბ ხიზანიშვილი. თადარიგში პირველად მოხვდა 17 წლის გოლკიპერი- გიორგი კულუა, ნიკა დაუშვილმა კი ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს ფორმით სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დინამოელებმა გლადიატორებს სათამაშო მაისურები გადასცეს, რომელსაც ფან კლუბის წევრები საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. ჩვენი გუნდის მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა გადაეცემათ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ფანებს.

დინამო  2:1  კოლხეთი

გოლი: 1:0 საბანაძე 29’  1:1 გუგუჩია 59’  2:1 ჩირგაძე 72’ 

გაფრთხილება: კილასონია 62’  ბარამიძე 70’  ჯიქია 70’ 

დინამო: დაუშვილი, თოთაძე, ჭანტურია, შერგელაშვილი, პაპავა, ცინცაძე, ძარია, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი (მჭედლიშვილი 90), ლობჟანიძე (ჩირგაძე 59), საბანაძე (ჯიქია 84)

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა, გუგუჩია, ჯიქია, ჟიშკარიანი (სიჭინავა 56), ამბროლაძე, ქორჩილავა (ლ. კაკულია 80), ბარამიძე (სიჭინავა 76)

მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024