26 სექტემბერს დინამო თბილისი გორში ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ოფიციალური ვებ გვერდი წარმოგიდგენთ.
ჩვენი მეტოქე
გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.
მწვრთნელი და დილა
მიმდინარე წლის ივნისიდან გორის დილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი- უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე დინამოს მეორე გუნდს თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 ოფიციალური მატჩიდან ოთხ შემთხვევაში იმარჯვა. 6 ტურის შემდეგ დილა 10 ქულით გათამაშების მესამე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დილამ ამხანაგური მატჩები გამართა. დამარცხდა სპარტაკთან 1:2, ფრე 2:2 ვიტ ჯორჯიასთან, გამარჯვება სიონთან 3:1 და მარცხი დინამოსთან 1:4. პირველ ტურში დილამ სპარტაკს აჯობა 2:0, შემდეგ უგოლო ფრე ტორპედოსთან. თასის გათამაშებაში დილამ ლოკომოტივს მოუგო 3:1. ამას მოჰყვა მარცხი ბათუმთან მინიმალური ანგარიშით 0:1, შემდეგ გამარჯვება გურიასთან 2:0, წარმატება ზუგდიდთან 3:0 და ბოლო მატჩში მარცხი ჩიხურასთან 1:2.
დილა VS დინამო
ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 51–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.
ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.
უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2013 წლის 24 ნოემბერს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.
დილას სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
შეყრილაძე - ადამაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა - სეთურიძე, რაზმაძე, ახალკაცი, ერისთავი - არაბული, მოდებაძე