დღეს გორში ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა ქართული დერბი მიიღო.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად და მაღალ ტემპში დაიწყო. დინამოელებმა მალევე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს სტუმართა კართან. შეხვედრის 23-ე წუთზე ტორპედო ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს. ჯერ ზორან მარუშიჩი გადიოდა მეკარესთან პირისპირ და ბოლო წამს მცველმა აართვა ბურთი, მომდევნო შეტევაში კი უსმანე კამარას დარტყმული მოიგერია ოთო გოშაძემ. ათიოდე წუთში თბილისელთა შეტევას საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი ხარაიშვილი აგვირგვინებდა, თუმცა ბურთი მცირედით აცდა ქუთაისელთა კარს. ტაიმის ბოლოს დავით კობოურის გასროლა და მეკარემ ეს მომენტიც განმუხტა. მსაჯმა პირველ ნახევარს 2 წუთი დაამატა, რომლის ბოლოსაც დინამომ თავისი კოლოსალური სათამაშო უპირატესობა საბოლოოდ გოლში ასახა. უსმანე კამარას გადაცემა, ძლიერი და ზუსტი დარტყმით იმრან ულად ომარმა დააგვირგვინა და დინამომ ტაიმი 1-0 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე გუნდებმა მწვავე მომენტები გაცვალეს. ზორან მაუშიჩის და უსმანე კამარას სახიფათო დარტყმებს საპასუხოდ სანდეი ფელაის და ლაშა შერგელაშვილის ძლიერი, მაგრამ არაზუსტი დარტყმები მოჰყვა. შეხვედრის 57-ე წუთზე იმრანს შეეძლო დედაქალაქელთა უფრო დაწინაურება, მისი დარტყმული ოთო გოშაძემ მოიგერია. 62-ე წუთზე უკვე თორნიკე კირკიტაძეს მართებდა უკეთ დარტყმა და ანგარიშიც გაიზრდებოდა. ამის შემდეგ კი ზორან მარუშიჩმა შეიძლება ითქვას საგოლე მომენტი ქარს გაატანა. სამაგიეროდ ქუთაისელებმა გამოიყენეს შექმნილი მომენტი და გიული მანჯგალაძემ 78-ე წუთზე ანგარიში ახლო მანძილიდან გაათანაბრა. დინამოელებმა მალევე მოახერხეს ხელმეორედ დაწინაურება. სამ წუთში გიორგი ხარაიშვილის პასი ზუსტი დარტყმით შეცვლაზე შემოსულმა ვაგნერ გონსალვეშმა დააგვირგვინა და თბილისელთა მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა 2-1. მატჩის 86-ე წუთზე მოედანზე დინამოელთა ფორმით დებიუტანტი, ახალგაზრდა ნიკოლოზ უგრეხელიძე გამოჩნდა, მან იმრანი შეცვალა. მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა, სწორედ ბოლო მეხუთე წუთზე დინამოს კართან მიჯრით სამი საგოლე მომენტი შეიქმნა, ორ შემთხვევაში დავით კერესელიძემ იხსნა დინამო, ბოლოს კი ცარიელ კარიდან ბურთი თავით გუნდის კაპიტანმა გამოიტანა და დერბიც დინამომ 2-1 მოიგო.
მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 12 აპრილს ბათუმში, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი