• Geo
  • Eng
05.10.2014
დინამო vs მერანი - მატჩამდე

5 ოქტომბერს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩის ვიდეო და ტექსტური ლაივს ტრადიულად  ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

 

 

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში.  მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა,  თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008–2009 და 2009–2010 წლების სეზონებში. 2009–2010 სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010–2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011-2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

 

მწვრთნელი და მერანი

ზაფხულიდან მარტვილის მერანს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ვლადიმერ ლობასი თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით მერანმა ჩემპიონატში ჩატარებული შვიდი თამაშიდან ორში იმარჯვა, ერთი ფრედ ითამაშა და ოთხში დამარცხდა. დაგროვილი 7 ქულით გუნდი მე- 14 ადგილზეა. თასის გათამაშებაში ოზურგეთის მერცხალის დამარცხების შემდეგ მარტვილელები მერვედფინალში იასპარეზებენ.

 

 

დინამომდე...

მარტვილის მერანმა ჩემპიონატი ორი მარცხით გახსნა. ვიტ ჯორჯიასთან 0:2 და სპარტაკთან 0:1. თასის გათამაშების 1/16 ფინალში აჯობეს მერცხალს 4:1, რასაც ტორპედოსთან გამარჯვება 3:1 მოჰყა. შემდეგ უგოლო ფრე ზუგდიდთან. ორი მარცხი ბათუმის დინამოსთან და გურიასთან, შესაბამისად 1:3 და 0:1. ორი უპასუხო ბურთით გამარჯვება ჩიხურასთან და თასის საპასუხო შეხვედრაში წარმატება მერცხალთან ანგარიშით 3:2.

 

 

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 8–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა რვა თამაშიდან 6 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გაიმართა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 2:0 დაამარცხეს. გოლები გიორგი მერებაშვილმა და დარკო გლიშიჩმა გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში თბილისელთა მსგავსად ფეხბურთელებს არც მარტვილელები მოისაკლისებენ. გუნდები თბილისში გასამართ მატჩს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

 

 

დინამო vs მერანი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 5 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და დ. კვეტენაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა გასვლაზე სკ ზესტაფონი 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 26 სექტემბერს რუსთავში გამართული- მეტალურგი 2:2 ზესტაფონი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ექვსჯერ გააფრთხილა.

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე - მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, გეგეჭკორი - ბოლქვაძე, ჩიმაკაძე, წყაროზია, ჯღამაია, ფონიავა - შულაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024