• Geo
  • Eng
09.10.2014
დინამო vs სიმურგი - მატჩამდე

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზისას 11 ოქტომბერს, დინამო თბილისი ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანული პრემიერ ლიგის სიმურგს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება.  

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი სიმურგი 2005 წელს ქალაქ ზაქათალაში დაარსდა. (სიმურგის ზედმეტსახელია- ფენიქსი) საკლუბო ფერებად ყვითელი და შავი ითვლება, ხოლო საშინაო მატჩებს კლუბი ზაქათალის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე ატარებს. მისი მოცულობა 4000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდმა თავდაპირველად ასპარეზობა აზერბაიჯანის პირველ ლიგაში დაიწყო. წარმატებული დებიუტის შემდეგ კი მომდევნო სეზონშივე პრემიერლიგაში გადავიდა. ზაქათალის გუნდმა საუკეთესო შედეგი 2008/2009 წლების სეზონში აჩვენა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ისრაელის ბნეი იეჰუდასთან ორი მატჩის ჯამში 0:4 დამარცხდა. გასული სეზონი სიმურგმა მეშვიდე ადგილზე დაასრულა. დღესდღეობით სიმურგი 7 ტურის შემდეგ დაგროვილი 9 ქულით მე- 7 ადგილზეა და პირველადგილოსან ინტერს 5 ქულით ჩამორჩება. გუნდში 10 ლეგიონერი ირიცხება.

 

 

მწვრთნელი და სიმურგი

სიმურგის მწვრთნელად 2012 წლის მარტიდან ქართველი სპეციალისტი- გიორგი ჩიხრაძე მუშაობს. ამ ზაფხულს სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი- ზვიად ჯელაძე გამოჩნდა. ზვიად ჯელაძე ბოლოს დინამო თბილისის აკადემიაში მოღვაწეობდა.
 

 

დინამომდე...

სიმურგმა მიმდინარე ჩემპიონატი ზედიზედ ორი გამარჯვებით გახსნა. ზაქათალელებმა ერთნაირი ანგარიშით 2:0 ჯერ აზალი დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ლენქორანის ხაზარი. წარმატებულ მატჩებს სამი მარცხი მოჰყვა. 1:2 ნეფთჩისთან, იგივე ანგარიში ქაბალასთან და 0:1 ყარაბახთან. შემდეგ სიმურგმა სუმგაითს აჯობა 3:2 და ბოლო შეხვედრაში ისევ მარცხი. 0:1 ბაქისთან.

 

 

დინამო VS სიმურგი

დინამო და სიმურგი ერთმანეთს ერთხელ შეხვედრილან. 2012 წლის 14 ოქტომბერს დინამოს ბაზაზე ეს გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:2 დასრულდა. ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ჩისკომ გახსნა. მეორე გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა, ხოლო 3:0 გიორგი სეთურიძემ გახადა. შემდეგ სიმურგმა ორი ბურთი მარცინის და ყურბანოვის გოლებით გაქვითა.

 

სიმურგის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში სიმურგის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

აღაჩანოვი - ბანასი, ახუნდოვი, ვაიცმანი, გიოქდემირი - ლამბო, პოლიაკი, ზარგეროვი, სტანოიევიჩი -  ეიუბოვი, ტრეშნაკი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024