24 ოქტომბერს დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრაში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლებს. გუნდების დაპირისპირება 17.00 საათზე დაიწყება.
ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ეროვნულ ჩემპიონატში დინამო და სპარტაკი ერთმანეთს 17– ჯერ დაუპირისპირდნენ 12 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. 38 გატანილი ბურთის საპასუხოდ მიღებული 10 გოლი – ასეთია დედაქალაქელთა მონაგარი.
სპარტაკთან ურთიერთშეხვედრებში დინამომ ერთადერთი მარცხი ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში განიცადა. 2010 წლის 18 აპრილს ჩატარებული შეხვედრა, ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. მტკვრისპირელებმა დიდი ანგარიშით რამდენჯერმე იმარჯვეს. გასვლაზე გორში ორჯერ დაამარცხეს სპარტაკი ანგარიშით 3:0. 2007 წლის 15 სექტემბერს მეცხრამეტე ჩემპიონატის მეხუთე ტურში და 2008 წლის 29 ნოემბერს მეოცე ჩემპიონატის მეცამეტე ტურში. თბილისში კი 2009 წლის 16 აგვისტოს ოცდამეერთე ჩემპიონატის პირველ ტურში დინამომ გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 აჯობა მეტოქეს.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და სპარტაკს შორის 2013 წლის 30 ნოემბერს, პირველობის მეთოთხმეტე ტურში გაიმართა. დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით- 4:0 დასრულდა. ცხინვალის სპარტაკის კარში გოლები პატრიკ ვუომ, ჩისკომ (2) და დორინ გოგამ გაიტანეს.