23 ივლისს დინამო თბილისი ყაზახეთში, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრაში აქტობეს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
23 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 9 ოფიციალურ მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 15/13 თბილისელთა სასარგებლოდ.
1949 წელს დინამომ ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტთან ფრედ 2:2 ითამაშა. გოლები ზაზროევმა და მახარაძემ გაიტანეს. 1965 წელს მოსკოვში ცსკა- მ აჯობა დინამოს 1:0. 1977 წელს ვოროშილოვგრადის ზარიასთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1981 წელს ისევ ლენინგრადში მატჩი ზენიტთან და ისევ ფრე 2:2. გოლები შენგელიამ და ჟელუდკოვმა (საკუთარ კარში) გაიტანეს.
1996 წელს უეფას თასის პირველ ეტაპზე დინამომ ლუქსემბურგის გრევენმახერთან 2:2 ითამაშა. კიკნაძემ და კერძევაძემ გამოიჩინეს თავი. მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა ჩრდ. ირლანდიური კრუზეიდერსი 3:1 დაამარცხეს. კიკნაძემ, გოგიჩაიშვილმა და მუჯირმა გაიტანეს გოლები. 2003 წელს იმავე გათამაშების პირველ ეტაპზე მტკვრისპირელები ალბანურმა ტირანამ 3:0 დაამარცხა. 2009 წელს ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე დინამომ მერებაშვილის დუბლით და გურამ კაშიას ერთი გოლით 3:1 დაამარცხა ლიეპაიას მეტალურგსი. 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა ფარერების სტრეიმურს 3:1 აჯობა. გოლები ჩისკომ, დვალმა და გლიშიჩმა გაიტანეს.