• Geo
  • Eng
30.10.2014
2 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 2 ნოემბერს, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს. დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდება, მატჩი კი 18.00 საათზე დაიწყება.

2 ნოემბერს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. დინამოს აქტივში 6 მოგებაა, 1 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო პასივში 2 მარცხია. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 20/10 თბილისელთა სასარგებლოდ.

1957 წელს დინამოელები სტალინოს შახტიორთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. 1962 წელს დონის როსტოვში კალოევის გოლით ჩვენმა გუნდმა ადგილობრივი სკა 1:0 დაამარცხა. ათი წლის შემდეგ ლურჯ-თეთრებმა მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლეს და 2:0 აჯობეს მეტოქეს. თეთრ-წითლებს ლევან ნოდიამ და მანუჩარ მაჩაიძემ გაუტანეს. 1975 წელს თბილისელი და მოსკოველი თანაკლუბელების დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა. გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა. 1979 წელს მოსკოვში ლოკომოტივმა დაამარცხა ჩვენი გუნდი 4:2. გოლები ჩელებაძემ და კოპალეიშვილმა გაიტანეს. 1984 წელს ჩივაძისა და უმცროსი მესხის გოლებით მტკვრისპირელებმა დონის როსტოვის სკა დაამარცხეს 2:1.

1977 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში დინამო თბილისმა დანიურ კოპენჰაგენს უმასპინძლა. თბილისელებმა ჩელებაძის დუბლით 2:1 აჯობეს სტუმრებს.

საქართველოს ჩემპიონატში 2 ნოემბერს დინამომ 2 შეხვედრა გამართა და ორივეჯერ თელავის კახეთს უმასპინძლა. პირველ შემთხვევაში 1993 წელს თბილისელებმა კახეთს 8 გოლი გაუტანეს 2- ის საპასუხოდ. ჯამარაულმა და რეზო არველაძემ ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი. თითოჯერ სტუმართა კარი ანჩაბაძემ, ინალიშვილმა, იაშვილმა და ქინქლაძემ აიღო. მეორე მატჩი დინამომ 1996 წელს გამართა და 2:0 იმარჯვა. დუბლი იაშვილის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024