• Geo
  • Eng
30.10.2014
ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი იდეოლოგიის დონეზე უნდა იყოს აყვანილი

ამ სეზონის დაწყებამდე, ფაქტობრივად, ერთი კვირაღა რჩებოდა, თბილისის "დინამოში" მართლაც რომ საკადრო რევოლუცია მოხდა: ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" განცდილი მარცხის მერე ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი (თავის თანაშემწეებიანად) დაითხოვეს.

და რაც მთავარია - ძირითადი შემადგენლობის რადიკალური გაახალგაზრდავებაც გადაწყდა.

არ დავმალავთ: ბევრისთვის მართლაც საკამათო აღმოჩნდა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მიერ მიღებული ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ "დინამოს" დატოვება მოუხდათ არა მხოლოდ "გაურკვეველი კვალიფიკაციის" ლეგიონერებს, არამედ იმ გამოცდილ ქართველ ფეხბურთელებსაც, წლების განმავლობაში "დინამოს" შეუცვლელ მოთამაშეებადაც და ლიდერებადაც რომ მიიჩნეოდნენ.

თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, რომან ფიფიას მომავალზე გათვლილი და იმავდროულად, სარისკო გადაწყვეტილება მართებული გამოდგა: დებიუტანტი მწვრთნელის, კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ჩემპიონატშიც დამაჯერებლად ლიდერობს და, რაც მთავარია, ვერავინ რჩება გულგრილი ერთიანად გაახალგაზრდავებული გუნდის სანახაობრივი და მხოლოდ და მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებული თამაშით.

ჰო, მართლაც კარგა ხანია, ასეთი ლაღი და ეშხიანი ფეხბურთი არ გვიხილავს დინამოელთა შესრულებით. აი, თუნდაც ბოლო მატჩი გავიხსენოთ, როცა "დინამომ" მართლაც ლამაზ სტილში დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა ერთ-ერთი უშუალო მდევარი "სპარტაკი".

აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო... 21 წელს გადაცილებული; დანარჩენები კი, 19-20 წლის ბიჭები, არა მხოლოდ "დინამოს" ლიდერებად ყალიბდებიან, ზოგიერთ მათგანს უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ!

...მოკლედ, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტთან სასაუბროდ საკმარისზე მეტი მიზეზი გვქონდა.

- თქვენი გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ! თანაც არა მხოლოდ იმით, რომ დროის ძალიან მოკლე პერიოდში უამრავმა ახალწვეულმა ერთმანეთთან შეთამაშება მოასწრო. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ დღევანდელი "დინამო" ერთ მუშტად შეკრული გუნდია!

- მხოლოდ საკუთარი მოსაზრება არ არის: ბოლო წლებისგან განსხვავებით, "დინამო" ერთობ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს...
- სასიამოვნოა, როცა ამას სხვებიც ამჩნევენ, არ დაგიმალავთ და პირადად დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ამ ახალგაზრდა ბიჭების თამაშს ვუცქერ: თამაშის დროს მუდამ ცდილობენ, თავისუფალი სივრცეები მოძებნონ, ბურთზე უმკაცრესი კონტროლი აქვთ დაწესებული, არც უმისამართოდ იგერიებენ, მაქსიმალურად ცდილობენ შეტევებში მრავალფეროვნებას, აგრესიულ თამაშს და ასე შემდეგ.

- თუმცა, მოდი, ისიც ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდულ გუნდს, როგორც წესი, არასტაბილურობაც ახასიათებს, ანუ ძალიან ძნელია ასეთ ადრეულ ასაკში ყველა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება...
- გეთანხმებით და იმასაც გეტყვით, რომ ასეთი მოთხოვნა მათ წინაშე არც დაგვიყენებია. რა თქმა უნდა, "დინამოს" მიზანი ყველა მატჩში წარმატების მიღწევაა, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ხანდახან, შესაძლოა, ასე არ მოხდეს, თუმცა ეს ყველაფერი დროის ამბავია და მჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ეს ბიჭები დაკაცდებიან, ფეხბურთისთვის დაკაცდებიან...

- ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ ამ სეზონის დაწყებამდე მიღებულ რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ ნანობთ...
- მაშინაც ვთქვი და ახლაც იმ აზრზე ვრჩები: ეს უნდა გამეკეთებინა. არც იმას დავმალავ, რომ შესაძლოა დავაგვიანეთ კიდეც ასეთი "საკადრო რევოლუცია", აი, როგორც ჟურნალისტები "ნათლავთ" ხოლმე.

მეტსაც გეტყვით: პროცესები ისე ვითარდებოდა, სხვა ალტერნატივა აღარც ჩანდა და როცა დადგა ეს მომენტიც, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე.

- გულახდილად გვიპასუხეთ: ეს ყველაფერი "აქტობესთან" ფიასკომ გადაგაწყვეტინათ?
- ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე გამოვარდნა, ასე ვთქვათ, დეტონატორივით იყო! თუმცა ეს არ იყო ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება.

- ვთქვათ, "დინამოს" დაეძლია ყაზახური გუნდის ბარიერი, მაშინ რა მოხდებოდა?
- რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც თავს იჩენდა გუნდში და საერთოდ, კლუბში დაგროვილი პრობლემები. იცით, ნამდვილად არ არის უბრალო თემა, როცა გუნდში ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გყავს, ქართულ რეალობასთან შედარებით, გუნდზე ასტრონომიულ თანხებს ხარჯავ და ამ დროს შედეგი ნულია!

შედეგში, ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ და ამიტომაც უნდა მიმეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე იქნებოდა გათვლილი.

პირდაპირ გეტყვით: ამ ზაფხულის მერე "დინამო" თავიდან დაიბადა. აი, თითქმის ისეთივე სიტუაციაა, ჩემ მოსვლამდე რაც აქ ხდებოდა: დიღმის საწვრთნელი ბაზა რა მდგომარეობაშიც იყო, თქვენც კარგად გემახსოვრებათ და "დინამოსგანაც", ფაქტობრივად, მხოლოდ სახელწოდება იყო შემორჩენილი...

- ჩვენს საუბარში უკვე არაერთხელ ახსენეთ "მომავალზე გათვლა" და ალბათ, უპრიანიც არის, "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაზეც დაგეკითხოთ...
- ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, რამეთუ იქ მოვარჯიშე ყველა ბავშვი ჩემი შვილებივით მიყვარს! აი, როგორც საკუთარ შვილებს ვზრდიდი, ასე იზრდებიან აკადემიაში ის ბავშვებიც, თანაც იზრდებიან არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელები.

უდიდესი ყურადღება ექცევა თითოეული მათგანის ფსიქოლოგიურ მომზადებას და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. ცალკე საუბრის თემაა მათი სწორად კვების საკითხი და კიდევ მრავალი სხვა.

- თქვენი ნაამბობიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ აკადემიის მთავარი მწვრთნელის, ჰოლანდიელი სპეციალისტის, ლუკ ნაიჰოლტის მუშაობით კმაყოფილი ხართ...
- არჩილ კეკელია, თემურ უგრეხელიძე, ჩვენი მწვრთნელები ყოველდღიურად ნაყოფიერად მუშაობენ და მას სრული კომფორტი შეუქმნეს. ნაიჰოლტის ჩამოსვლამ დაგვანახვა, რამდენად შორს ვყოფილვართ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებისგან, მაგრამ ამჟამად სულ სხვა ვითარებაა და ჩვენი აკადემიაც, როგორც იტყვიან, "თანამედროვე რელსებზეა" გადასული.

ჩამოვიყვანეთ სკაუტები, ფიზმომზადების მწვრთნელი თავის ასისტენტთან ერთად, მოვიწვიეთ ფსიქოლოგი; ამასთანავე, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ისე, როგორც წინა წელს, ჩვენი აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდმა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მერწმუნეთ, მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის შეჯიბრებებში გამოსვლით მათი ზრდის პროცესს ეფექტი ვეღარ ექნება.

- უკაცრავად, მაგრამ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ რომან ფიფიას "დინამოს" ძირითად გუნდზე მეტად საფეხბურთო აკადემია უყვარს!
- ჩათვალეთ, რომ მართლაც ასეა და იმედია, ეს ჩემი გულახდილი აღიარება იმავე "დინამოს" ძირითადი გუნდის წევრებისთვის საწყენი არ იქნება...

მიმაჩნია, რომ ბავშვების სწორად აღზრდა, საერთოდ, სოციალური თემაა და შესაძლოა "დინამოს" აკადემიაში დღესდღეობით მოვარჯიშე ბიჭებიდან დიდი ფეხბურთი ყველამ ვერ ითამაშოს, სამაგიეროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესებს ისწავლიან და აქ გატარებული პერიოდიც ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში შეუწყობთ ხელს.

- დღესდღეობით რამდენი ბავშვია აკადემიაში ?
- სულ 450 ბავშვია. აქედან 160 აკადემიაშია, დანარჩენი კი - სკოლაში. გამორჩეულად ნიჭიერი 30 ბავშვი, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, აკადემიაში ცხოვრობს და მჯერა, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. საერთოდ კი, მივიჩნევ, რომ გამორჩეულად ნიჭიერმა მოზარდმა ყველანაირი ფუფუნებით უნდა ისარგებლოს.

აქვე ერთი ინფორმაციაც მინდა მოგაწოდოთ, რომელიც დღეს მივიღე: აკადემიაში ერთი ბავშვის აღზრდაზე წელიწადში 6 000 დოლარზე მეტი იხარჯება.

- ისევ ძირითად გუნდს დავუბრუნდეთ და ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ: ოთხი წელიწადი ხდება, რაც "დინამოს" პრეზიდენტი ბრძანდებით და ამ დროის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის რვაჯერ შეცვლა ბევრი ხომ არ არის?
- მიმაჩნია, რომ არ არის ბევრი და ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა დავაგვიანე კიდეც...

სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ამა თუ იმ საკადრო გადაწყვეტილების მიღებაში მენეჯერებს იმაზე მეტად ვუჯერებდი, ვიდრე ეს საჭირო იყო, თუმცა, როცა ვრწმუნდებოდი, რომ ესა თუ ის მწვრთნელი ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, მაშინ უკვე მე ვღებულობდი გადაწყვეტილებებს.

საერთოდაც, ვინც მიცნობს, ჩემი პრინციპი ყველამ იცის: სამსახურში მეგობრობას, ნაცნობობას თუ ნათესაობას არ "ვცნობ" და ამ პრინციპებს ვინც დაარღვევს, მასთან განშორება მიწევს.

- ერთ-ერთ ბოლო მწვრთნელზეც გვინდა გკითხოთ: დუშან უჰრინმა-უმცროსმა ხანგრძლივი პაუზის მერე "დინამოს" "დუბლი" შეასრულებინა, მაგრამ წინა სეზონის შუაგულში მასთანაც მოგიწიათ დამშვიდობება...
- გეთანხმებით. დუშანის დახმარებით ნანატრი ჩემპიონატიც მოვიგეთ და თასიც მოვიპოვეთ, თუმცა, მისი ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" სანახაობრივ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა და ამ ფაქტის გამო მუდამ უკმაყოფილო ვიყავი. მართალია, დუშანი ამას შესაბამისი შემსრულებლების არყოფნით ხსნიდა, მაგრამ მე მაინც განსხვავებული აზრი მქონდა.

- რომელიც, გვეეჭვება, ახლაც რომ გქონდეთ: კახა გოგიჩაიშვილის თავკაცობით, დღევანდელი "დინამო" მეტად და მეტად შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს უჩვენებს და ყოველივე ამის არდანახვა, ალბათ, სხვა გუნდის ქომაგებსაც გაუჭირდებათ...
- მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს" ფეხბურთელებს და, რაც მთავარია, სამწვრთნელო შტაბს. ზემოთაც ვახსენე, რომ შესაძლოა ყველა მატჩი ვერ მოიგო, მაგრამ როცა ვხედავ, თუ როგორ გააზრებულ ფეხბურთს უჩვენებს "დინამო" და თითოეული ფეხბურთელი როგორი მონდომებულია, არ შემიძლია, ეს ფაქტი არ მახარებდეს.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახა გოგიჩაიშვილის მიმართ გამოცხადებულმა ამხელა ნდობამ თითქმის 100 პროცენტით გაამართლა...
- გულახდილად გეტყვით: ამ ზაფხულს გერმანიაში საკუთარი თვალით რომ არ მენახა ჭაბუკი დინამოელებისა თუ მათი მწვრთნელების საქმისადმი დამოკიდებულება, შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება არც მიმეღო. თუმცა, როცა საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორი ერთსულოვნება იყო გუნდში, როგორ ისრუტავდნენ ბიჭები გოგიჩაიშვილისა და მისი თანაშემწეებისგან ყველა მითითებას, როგორი გულანთებული გამოდიოდა გუნდი ყოველ მატჩზე და როგორ ხარობდნენ ყველა წარმატებაზე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ "დინამოს" ძირითადი გუნდის გაძღოლა კახა გოგიჩაიშვილისთვის უნდა შემეთავაზებინა.

- თანაც, "გოგიჩა" ხომ ძველი დინამოელია...
- მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მიხარია, რომ ეს დამწყები მწვრთნელი, თავის შტაბთან ერთად, მაქსიმალური მონდომებით მუშაობს, თუმცა ერთი ან ორი შთამბეჭდავი მოგებით არ განისაზღვრება პროგრესი, მათ მუდმივი მუშაობა და წინსვლა მართებთ. პრინციპი, რომ "დინამო" ყოველთვის და ყველგან მუდმივად მოსაგებად უნდა გადიოდეს, არ უნდა დაირღვეს. თამაშიდან თამაშამდე, წლიდან წლამდე, გუნდი უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

- მომდევნო ტურში თქვენს გუნდს "ქართული კლასიკო" ელოდება, თანაც "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის ქუთაისში ჩატარებული ბოლო მატჩი როგორ დასრულდა, ყველას კარგად ახსოვს; ისე, როგორც იმ სკანდალური და ჩაშლილი მატჩის მერე გაკეთებული თქვენი საჯარო განცხადებაც, ორივე გუნდის ფანებს შერიგებისკენ რომ მოუწოდებდა: "ეს სიძულვილის კედელი უნდა დაინგრეს!"
- არც "ტორპედოს" და არც "დინამოს" გასაყოფი არაფერი აქვთ. როგორ შეიძლება ამ ორ უძველეს და დიდი ტრადიციის მქონე გუნდს შორის სიძულვილი არსებობდეს? კი ბატონო, დღესაც ვერ ვიხსენებ გულგრილად იმ საზარელ შემთხვევას: როგორც კი არეულობა დაიწყო, არც დავფიქრებულვარ, ისე ჩავედი მოედანზე, რომ ჩემი ფეხბურთელების გვერდით ვყოფილიყავი.

თუმცა, საბედნიეროდ, მერე მოვლენები სასიკეთოდ განვითარდა: "ტორპედოსა" და "დინამოს" ფანები ერთმანეთს შეხვდნენ და გულახდილადაც ისაუბრეს ერთმანეთში. სხვათა შორის, ეს შემოთავაზება "ტორპედოს" მხრიდან წამოვიდა და მადლობის მეტი არც არაფერი მეთქმის, ხოლო "ტორპედოსა" და "დინამოს" პაექრობა მხოლოდ და მხოლოდ მოედანზე უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს...

-კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხზეც: მხოლოდ "დინამო" და "ზესტაფონი" იყო, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდას რომ ეწინააღმდეგებოდნენ...
- დღესაც იმავე აზრის ვარ: 16- გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება შეცდომა იყო! 12-გუნდიანი ჩემპიონატის დროს ჰქონდათ გუნდების უმრავლესობას ფინანსური პრობლემები და ახლა ამ გაჭირვებული გუნდების რაოდენობა უფრო გაიზარდა. აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე: როგორ შეიძლება ისეთ ხელოვნურსაფარიან მოედნებზე თამაში, რომლებიც ძალიან შორს დგას თანამედროვე მოთხოვნებისგან?

- თქვენი აზრით, უმაღლეს ლიგაში გუნდების ოპტიმალური რაოდენობა რამდენი უნდა იყოს?
- ჩემი პასუხი შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველას 18-გუნდიანი ჩემპიონატი სჯობს, სადაც თამაშების ოპტიმალური რაოდენობა (34) იქნება. ოღონდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იდეალურ ინფრასტრუქტურულ პირობებს გულისხმობს.

აი, ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა 10-გუნდიანი (ოთხ წრედ) ჩემპიონატი გვქონდეს და ვიმედოვნებ, ამ სისტემაზე მალე გადავალთ.

- სახელმწიფოს როლი ქართული ფეხბურთის განვითარებაში...
- ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი იდეოლოგიის დონეზე უნდა იყოს აყვანილი. ჩვენ ხომ საფეხბურთო ქვეყანა ვიყავით დიდი დროის განმავლობაში და გვსურს, რომ მომავალშიც ასე იყოს. თუ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ქართული ფეხბურთის დაფინანსება, ხალხის დაინტერესება გაიზრდება და ყველა დონეზე პასუხისმგებლობაც მოიმატებს.

მოვა არჩევნების დრო და ქართული ფეხბურთის მმართველები შეიცვლებიან, თუმცა მანამდე დრო იკარგება. არადა, ყოველი დღე ძვირფასია და ვფიქრობ, ფუნქციონერებს ეს არ ესმით.

"ჯერ წავიდნენ და მერე მივხედავთ ქართულ ფეხბურთს" - ასეთი მიდგომა ქართული ფეხბურთის მომავლისთვის მცდარი და მავნებელია.

- იმედი რაღამ უნდა გაგვიჩინოს?
- ჩვენი ხვალინდელი დღე მხოლოდ და მხოლოდ ახალი თაობის აღზრდაშია! ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ამისათვის მაქსიმალური გავაკეთოთ. თუმცა ისიც მესმის, რომ ეს უზარმაზარი სამუშაო წყალში ჩაგვეყრება, თუ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება დაწყებული მუშაობა ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად და ასაღორძინებლად.

P.S. რამდენიმე დღის წინ ეროვნული ფეხბურთის განვითარებისა და სტრატეგიული პროექტების ინვესტირებისთვის ქართულ ეკონომიკაში, მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისთვის, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" XV ბიზნესრეიტინგზე - თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია სპეციალურ ნომინაციაში საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორი  :  გია ტუხაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024