საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას, დინამოელები თბილისში, ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ. მატჩი 15.00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
1926 წელს ქალაქ ლანჩხუთში დაარსებული საფეხბურთოკლუბის თავდაპირველი სახელწოდება კიმი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და 1952 წელს საფეხბურთო ცხვრებას კიმის ნაცვლად კოლმეურნე დაუბრუნდა. 1960 წლის შემდეგ კი გუნდი დღევანდელი სახელწოდებით ასპარეზობს. საკლუბო ფერები ყვითელსა და მწვანეშია გადაწყვეტილი. ლანჩხუთის გურიამ პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 1961 წელს მიაღწია. გურულებმა რესპუბლიკის პირველობაზე იმარჯვეს და ანალოგიური შედეგი 1966 და 1971 წლებშიც გაიმეორა. ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა საქართველოს თასის გათამაშებაზე ზედიზედ ორჯერ – 1965 და 1966 წლებში იმარჯვეს, იგივე ტიტული გუნდმა 1971 წელსაც მოიპოვა. გურიამ შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა 1977 წელს. სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის B დივიზიონში ლაჩხუთის გურია პირველად 1967 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მეტოქე გუნდებისთვის მეტად უხერხულ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. B დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, გურიამ 1986 წელს სსრკ უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში განაგრძო ასპარეზობა. 1990 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთის გურია პირველი გუნდი გახდა, საქართველოს თასის პირველ გათამშებაზე წარმატებას, რომ მიაღწია. ლანჩხუთელი ფეხბურთელები 1999 წლამდე სტაბილურად ასპარეზობდნენ საქართველოს უმაღლეს ლიგაში, თუმცა აღნიშნულ წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012/2013 სეზონში კი გურიამ საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფის გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
მწვრთნელი და გურია
აგვისტოდან ლანჩხუთის გურიას თავკაცად თეიმურაზ ლორია დაინიშნა. იგი გურიას 2012-2013 სეზონშიც თავკაცობდა. პირველი წრის ბოლოსკენ გურულებმა ლორიას მეთაურობით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 15 ქულას მოუყარეს თავი და გათამაშების ცხრილში მე- 11 ადგილზე იმყოფებიან.
... დინამომდე
გურულებმა ჩემპიონატი არასახარბიელოდ დაიწყეს. პირველივე შეხვედრაში ექვსი უპასუხო ბურთით ზესტაფონთან დამარცხდნენ. ამას უგოლო ფრე მოჰყვა შუქურასთან და მარცხი თასზე საპოვნელასთან მინიმალური ანგარიშით 1:2. შემდეგ იყო უგოლო ფრე მეტალურგთან და წარუმატებლობა დილასთან 0:2. შემდეგი ორი მატჩი გურიამ მოიგო. 3:2 კოლხეთთან და 1:0 მერანთან. ამას მოჰყვა ზედიზედ 3 ფრე. 2:2 ვიტ ჯორჯიასთან, 1:1 სპარტაკთან და 2:2 ტორპედოსთან. გურიამ მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა ბათუმის დინამოს. დამარცხდა ზუგდიდთან 1:2 და სამტრედიასთან 1:3. ბოლოს იყო ფრე ჩიხურასთან 2:2.
დინამო VS გურია
დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 25 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 20 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი. ბურთების შეფარდება 75/15 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა.
დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.
უკანასკნელი მატჩი დინამოსა და გურიას შორის 27 აპრილს ლანჩხუთში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს. გურიას კარში გოლები ჩისკომ და მარცვალაძემ გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
დისკვალიფიკაციის გამო, ხვალინდელ შეხვედრას ფეხბურთელები არ დააკლდებიან.
დინამო VS გურია - მსაჯი
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართავს- ჯენერი ხორავა განსჯის. ჯენერი ხორავას ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ჯენერი ხორავამ იმსაჯა 21 ნოემბერს გამართული, ვიტ ჯორჯია 0:2 მეტალურგი გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ჯენერი ხორავამ ბოლოს 2014 წლის 10 აგვისტოს იმსაჯა. სამტრედიას წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც დინამომ 2:0 მოიგო, მატჩის მთავარმა არბიტრმა ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
გურია. სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ლანჩხუთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
ზუხბაია - ჟვანია, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, გოგიაშვილი - ჯოჯუა, კოშკაძე, შალამბერიძე, მიქაბერიძე, ჯიშკარიანი - ლომია