ხუთშაბათს 11 დეკემბერს დინამო არენაზე საქართველოს სუპერთასის ფინალი ჩატარდება. ერთმანეთს დინამო თბილისი და საჩხერის ჩიხურა დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
11 დეკემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში სულ ორი ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. 1993 წელს საქართველოს მეხუთე ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში დინამო თერჯოლის საპოვნელასთან დამარცხდა 1:2. გოლი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა. 2011 წელს, ოცდამესამე პირველობის მეჩვიდმეტე ტურში მტკვრისპირელებმა ფოთის კოლხეთთან საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს. შეხვედრა 1:1 დასრულდა. გოლი ფოთელთა კარში ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანა.