• Geo
  • Eng
26.04.2023
დინამოელებმა სანტეროს თასზე გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულეს

იტალიურ კაირო მონტენოტეში დასრულდა სანტეროს თასის გათამაშება, რომელზეც დინამოს 14 წლამდე შემადგენლობამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

დღეს თბილისელებმა პირველი მატჩი ნახევარფინალის ეგიდით ჯენოასთან ჩაატარეს და მეტად დაძაბული შეხვედრა 1-2 დათმეს. გოლი გენუელთა კარში სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა. ეს იყო პირველი ორი გოლი, რომელიც დინამოელებმა მთელი ტურნირის მანძილზე გაუშვეს. საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული სწორედ ჯენოა გახდა, რომელმაც ფინალი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მილანს მოუგო.

 

მესამე ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი მონცას დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები ნიკა ძაძამიძემ და ანდრია ეკუტიძემ გაიტანეს. პენალტების სერია იტალიელებმა უფრო ზუსტად წარმართეს და 5-3 იმარჯვეს.

 

ამრიგად შალვა კვარაცხელიას გუნდმა 32 გუნდიან გათამაშებაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩამოიტოვა - ინტერი, იუვენტუსი, ნაპოლი, სამპდორია, აუგსბურგი, ტორინო, ატალანტა და სხვა გუნდები.

 

დაჯილდოვების ცერმონიალზე საუკეთესო ფეხბურთელებიც გამოარჩიეს. გათამაშების საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრია ეკუტიძე (ბართიშვილი) აღიარეს.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა სანტეროს თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიურ აკვისთან 4-0 მოიგეს. შემდეგ ბოლიასკო 6-0 დაამარცხეს და მილანის ინტერს 1-0 აჯობეს. მერვედფინალში სანრემეზეს 2-0 მოუგეს, ხოლო მეოთხედფინალში ალესანდრიას თერთმეტმეტრიაენების სერიაში 5-4 მოუგეს.

   

აქვე გაგაცნობთ დინამოელთა სრულ შემადგენლობას:

სანდრო ბიძნაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024