• Geo
  • Eng
06.05.2023
უგოლო ფრე გაგრასთან

დღეს გორში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გაგრას უმასპინძლა.

 

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი დინამოელებმა მე-2 წუთზე შექმნეს, საჯარიმოს კუთხიდან ძლიერად უსმანე კამარამ დაარტყა, ბურთი ოლექსანდრ ვორობეიმ უკუაგდო. 21-ე წუთზე დედაქალაქელებს რეალური საგოლე მომენტი შეექმნათ, ვაგნერ გონსალვეშის აქტიურობას გიორგი მოისწრაფიშვილი ასრულებდა, ბურთი კი ოდნავ აცდა გაგრელთა კარს. ამ მომენტიდან ცოტახანში დინამომ კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ჯერ უსმანე კამარას დარტყმულს გადაეღობა მცველი, დამატებაზე კი ვაგნერ გონსალვეშმა ვერ მოახერხა ზუსტი დარტყმა. შემდეგ გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს დ ორივე ჯერზე კარი მეკარეებმა იხსნეს. ჯერ ლუკა კუტალაძემ მათეუს მარკონდელეს ტექნიკური დარტყმული ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია, შემდეგ კი იმრანის გასროლილი ოლექსანდრ ვორობეიმ უკუაგდო. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე იმრანმა მოჭრილი დარტყმა შეასრულა, ბურთი ამჯერადაც ოდნავ აცდა კარს. მომდევნო შეტევაში ნიკა მალი აქტიურობდა და ისევ გადარჩა სტუმართა კარი. იმრანმა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან კიდევ ერთხელ დაარტყა და ამეჯარდ გაგრას კარი უკვე ძელმა იხსნა. ტაიმი 0-0 მორჩა.

 

მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლეთა მორიგი შეტევა, იმრანის გადაცემა და დავით სხირტლაძეს დარტყმული მეკარემ აუღო. დინამოეთა შეტევები არ ნელდებოდა თუმცა გოლამდე საქმე ვერ მიდოდა. 75-ე წუთზე ვორობეიმ კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი კარი, მან უსმანე კამარას ჩახვეული დარტყმა მოიგერია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გაბრიელ სიგუას მართებდა გატანა, მაგრამ დარტყმული არ გამოუვიდა. მომდევნო შეტევაში იდენტური მომენტი დავით კობოურმა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ თბილისელებმა კოლოსალური სათამაშო უპირატესობა შედეგში ვერ ასახეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

 

შემდეგ შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 10 მაისს წყალტუბოს სამგურალთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024