• Geo
  • Eng
25.02.2023
დინამომ ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა

დინამოელებმა 35-ე ჩემპიონატის პირველი მატჩი გორში, ადგილობრივ დილასთან გამართეს.

 

პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის მე-7 წუთზე დინამოს საჯარიმოს მისადგომებთან მოხდა. დანიშნული საჯარიმო დარტყმა კი მასპინძლებმა არაზუსტად შეასრულეს. ტაიმის შუამდე ტერიტორიული უპირატესობა გორელთა მხარეს გახლდათ, მეთოდურად კი მატჩი გათანაბრდა. 35-ე წუთზე იმრან ულად ომარმა ზუსტი გადაცემით უსმანე კამარა მოძებნა, რომელიც მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. ხუთიოდე წუთში დილას ფეხბურთელებმა სტატუს ქვო აღადგინეს, გოლი ტიერი გეილიმ გაიტანა. ტაიმის ბოლომდე კი დინამოს კიდევ ერთხელ შეეძლო დაწინაურება, თუმცა ბოლო მომენტში დავით სხირტლაძის დარტყმული მცველმა მოიგერია.

 

მეორე ტაიმი უკვე სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ 53-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა დინამო ხელმეორედ დააწინაურა, მას ზუსტად კამარამ უპასა. აქედან ერთ წუთში კი ჯიმი ტაბიძემ მეორედ მიიღო ყვითელი ბარათი და მოედანი დატოვა. დედაქალაქელები მოედანზე ათნი დარჩნენ, ხოლო იმრანის ნაცვლად სათამაშოდ ალექსანდრე კალანდაძე შევიდა. მატჩის 68-ე წუთზე კი დინამოელთა რიგებში გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა. ცოტახანში ლუკა კუტალაძემ გიორგი გაფრინდაშვილის დარტყმისგან იხსნა თბილისელთა კარი. მასპინძლებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობაც ხელთ იგდეს. მატჩის მე-80 წუთზე შეცვლაზე შემოსულ ზორან მარუშიჩზე ბოლო იმედის ჯარიმა და დილაც 10 კაცით რჩება მოედანზე, მსაჯმა წითელი ბარათი ზურაბ თევზაძეს უჩვენა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

 

მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 4 მარტს სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა გორში 19.00 საათზე დაიწყება.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024