• Geo
  • Eng
21.10.2014
24 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

პარასკევს 24 ოქტომბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩს გამართავს. თბილისელები დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლებენ. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

24 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 3 პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ორი მატჩი მეტოქემ მოიგო და ორჯერაც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 11/8 მტკვრისპირელთა სასარგებლოდ.

1936 და 1937 წელს დინამოელები ჯერ ლენინგრადის კრასნაია ზარიას დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ იმავე სახელწოდების გუნდს უმასპინძლეს მოსკოვიდან. პირველ შემთხვევაში სტუმრებმა იმარჯვეს 2:3. პაიჭაძემ და ბერძენიშვილმა გაიტანეს გოლები. მეორე შეხვედრაში დინამომ სამი უპასუხო გოლით მოიგო. გავაშელმა და ასლამაზოვმა დალაშქრეს მოსკოვური გუნდის კარი. ერთი ბურთიც ლემეშევმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1967 წელს ასათიანის ზუსტი დარტყმით დინამომ ტაშკენტის პახტაკორს 1:0 მოუგო. სამი წლის შემდეგ ვოროშილოვგრადის ზარიასთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1982 წელს თბილისელები მოსკოვში სპარტაკთან დამარცხდნენ 1:4. ერთადერთი გოლი დინამოელთაგან ცაავამ გაიტანა.

1991 წელს დინამომ ოზურგეთში მერცხალს 4:1 აჯობა. ინალიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი შელიამ გაუტანა ოზურგეთელებს. 1998 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან ფრედ 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024