დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა კოკისპირული წვიმის ფონზე წარიმართა. სტუმრებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და საწყის 20 წუთში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. აღსანიშნავია ჯიმი ტაბიძის თავური, რომელიც ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა - სახიფათო სიტუაცია ბოლო წამს სამტრედიელთა მცველმა განმუხტა. Შეხვედრის 26-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი სამტრედიელთა კართან - გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემის შემდეგ იმრან ულად ომარი ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს მეტოქის კარისკენ. ბურთი კარს ოდნავ აცდა. დინამოელთა სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლში მატჩის 34-ე წუთზე აისახა. იმრან ულად ომარის გადაცემა ზორან მარუშიჩმა შედეგიანად დაასრულა 0-1. გატანილი გოლიდან 5 წუთში უსმანე კამარას შეეძლო დედაქალაქელთა კიდევ უფრო დაწინაურება. რამდენიმე ცრუ მოძრაობის შემდეგ კარში დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ტაიმის ბოლო წუთზე იმრანმა დაახლოვებით 20 მეტრიანი დისტანციიდან გაისროლა - სამტრედიელთა კარი ხარიხამ იხსნა და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ნახევარში დედაქალაქელთა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. სამტრედიალთა კარი ხარიხამ კიდევ ორჯერ იხსნა. ასევე აღნიშვნის ღირსია მასპინძელთა გოლკიპერის - რეზო ლომიძის თამაში, რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი. დინამოელებმა მეორე გოლი 58-ე წუთზე გაიტანეს. ვაგნერ გონსალვეშის ჩაწოდებული კუთხური დინამოელთა სერბმა ფორვარდმა გოლად აქცია და დუბლიც გაიფორმა. თბილისელებს კიდევ არაერთხელ მიეცათ კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.
მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 6 მაისს გორში, გაგრას წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი