დღეს ქუთაისში საქართველოს XXVI ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთის წინაშე პრინციპული მეტოქეები- ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი წარდგნენ.
58- ე ქართული დერბი ძლიერი წვიმის თანხლებით წარიმართა. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანი საკმაოდ დამძიმებული გახლდათ და ეს რათქმაუნდა შეხვედრაზეც აისახა. მატჩის დებიუტი დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საქმე სახიფათო მომენტამდე არ მისულა. პირველი ნახევრის შუაში ქუთაისელებმა შეუტიეს დინამოს კარს და 28- ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების უფლებაც მოიპოვეს. სიტუაციაში ყველაზე უკეთ თენგიზ ჩიკვილაძე გაერკვა და თავით გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში. გოლის შემდეგ ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი განხორციელდა, ტაიმი კი მასპინძელტა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი ასევე ხისტად და დაძაბულად გაგრძელდა. ძარიას ჰქონდა კარგი მომენტი მაგრამ არაზუსტად ითამაშა დინამოელმა ნახევარმცველმა. 66- ე წუთზე თავისი შანსი კარგად გამოიყენა ნიკა საბანაძემ და ტექნიკური დარტყმით შეხვედრაში სტატუს ქვო აღადგინა- 1:1. ნიკას ზუსტი დარტყმა დინამოელთა მიერ ტორპედოს კარში მე- 100 გატანილი გოლი აღმოჩნდა. თბილისელებმა განაგრძეს მეტოქეზე დაწოლა და 75- ე წუთზე საბანაძემ თითქმის ანალოგიური სიტუაციიდან დუბლი შეასრულა და დინამო დააწინაურა. მატჩის ბოლოსკენ ჩისკოს მართებდა გატანა ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ ესპანელმა ოდნავ არაზუსტად ითამაშა. საბოლოოდ ქართული კლასიკო თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ტორპედო 1:2 დინამო
გოლი: 1:0 ჩიკვილაძე 28’ 1:1 საბანაძე 66’ 1:2 საბანაძე 76’
გაფრთხილება: თოდუა 19’ მიგინეიშვილი 43’ ჭანტურია 62’ ჩიკვილაძე 82’ პარუნაშვილი 88’
ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, თოდუა, ბონდარენკო, ტუღუში (ქებურია 56), ჩიკვილაძე, ბაბუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ფიფია, მახვილაძე (კვერნაძე 77)
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (პაპავა 46), ჭანტურია, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, ძარია, პარუნაშვილი, ჩისკო, ჩირგაძე (ლობჟანიძე 60), საბანაძე (მჭედლიშვილი 90)
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი