საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. 1 მარტს მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.
დღემდე ამ გუნდებს შორის ეროვნულ ასპარეზზე 54 შეხვედრა გაიმართა. ურთიერთშეხვედრებში დინამოელთა უპირატესობა აშკარაა – 44 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ 132/26 არის.
დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა 44 გამარჯვებიდან მეტოქე 16 შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აქედან აღსანიშნავია 1996 წელს გამართული მატჩი, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ბოლნისის სიონს 8:0 მოუგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა სიონის კარში ამდენივე გოლი გაიტანეს 1998 წელსაც, თუმცა საპასუხოდ ერთი გოლი მიიღეს და დაპირისპირება დინამოს გამარჯვებით – 8:1 დასრულდა. ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ბოლნისის სიონი 2000 წელს დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 9:0 სძლია.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 17 აგვისტოს შედგა. დინამო არენაზე გამართული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კარში ჩისკომ გაიტანა.