• Geo
  • Eng
19.04.2016
იურაი იარაბეკი: არ მესმის, რა არის გასაკვირი ამ გადაწყვეტილებაში?!

ბოლო უქმეებზე თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურასთან" 0:1 წააგო და უშუალო მდევარ "სამტრედიას" სხვაობის შემცირების შანსი მისცა. თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს ინტერვიუ ამ მატჩის შემდეგ ჩამოვართვით...სლოვაკ სპეციალისტს ჯერ იმაზე ვკითხეთ, თუ რით იყო გამოწვეული მის გუნდში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნა. სხვათა შორის, ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ცხადია, იარაბეკის არგუმენტები საინტერესოა..

- დიახ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ვითამაშეთ, რადგან 20 აპრილს იმავე "ჩიხურასთან" სათასო მატჩი გველის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია და ამის გამო, გუნდის ლიდერები - ამისულაშვილი და იაშვილი დავასვენეთ.

- გელაშვილისა და პარუნაშვილის არყოფნა რაღამ გამოიწვია?
- ორივეს მცირე ტრავმა აწუხებდა და ზედმეტ რისკს მოვერიდეთ. იმავეს ვიტყვი ცინცაძესთან დაკავშირებითაც, რომელმაც სრული დატვირთვით ვარჯიში ახლახან განაახლა. ამ სეზონში თბილისის "დინამოს" მიზანი დუბლის შესრულებაა - ჩემპიონობასთან ერთად, თასის მოპოვებაც გვსურს და არ მესმის, რა არის იმაში გასაკვირი, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რამდენიმეს კი - გავუფრთხილდით? რთულ სეზონში ძალების გადანაწილება ჩვეულებრივი მოვლენაა. წინ ნახევარფინალია და ამისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.

- თქვენი აზრით, "ჩიხურასთან" წაგების თავიდან აცილება შეგეძლოთ?
- შეგვეძლო, საგოლე მომენტების ნაწილი მაინც რომ გამოგვეყენებინა. პირველ ტაიმში ჩემი გუნდი მომეწონა, აქტიურები ვიყავით და კარგადაც ვუტევდით. რამდენიმე საგოლე შანსი მეორე ნახევარშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

გაიხსენეთ, ჭანტურიშვილმა ბურთი ძელს რომ მოარტყა, ხელსაყრელი მომენტები ჰქონდათ კიტეიშვილსა და კაკაბაძესაც, მეორე ტაიმში კი - ქვილითაიას, ჯიღაურს... გარდა ამისა, საჩხერელებთან 3-5-2 ტაქტიკური სქემა გამოვცადეთ და ის ფეხბურთელები დავტვირთეთ, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. ესეც მიღებული პრაქტიკაა.

- "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ თქვით, რომ ქუთაისური გუნდი პირველი მეტოქე იყო, რომელმაც თბილისში, ასე ვთქვათ, ფეხბურთი ითამაშა. "ჩიხურაზე" რას იტყვით?

- უნდა ვაღიაროთ, რომ საჩხერლებმაც კარგად ითამაშეს და გვაჯობეს კიდეც. მეორე ნახევარში მეტოქემ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, ჩვენ კი მოედნის ცენტრში უპირატესობა დავკარგეთ, რასაც ბოლო წუთზე დაცვაში უხეში შეცდომა დაემატა და ასე გავუშვით გოლი... ნახევარში მეტოქემ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, ჩვენ კი მოედნის ცენტრში უპირატესობა დავკარგეთ, რასაც ბოლო წუთზე დაცვაში უხეში შეცდომა დაემატა და ასე გავუშვით გოლი...

მაგრამ, ვიმეორებ - მომენტებით რომ გვესარგებლა, საქმე აქამდე არ მივიდოდა. სამწუხაროდ, ასეთია ფეხბურთის წესი - ვერ გაიტან? დაისჯები!

- საერთოდ, "დინამო" მეორე ტაიმში კონცენტრაციას კარგავს ხოლმე. საჩხერეშიც, თითქოს კარგად გამოიყურებოდით, მაგრამ ბოლო მომენტში გუნდს იგივე დაემართა...
- კონცენტრაციასა და მომენტების რეალიზებაზე მართლაც მეტი გვაქვს სამუშაო. ჩვენ უფრო მეტოქის გოლის შემდეგ ვთამაშობთ მონდომებით. მაგრამ ამჯერად, "ჩიხურამ" 87-ე წუთზე გაგვიტანა და თამაშის შემოსატრიალებლად საკმარისი დრო აღარ დაგვრჩა. ბიჭები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა აგრესიული თამაშის დეფიციტია.

- ამ შეხვედრაში და, საერთოდ, მეორე წრის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ გუნდს ჰაერივით სჭირდება გაძლიერება - ასეთი თამაშით გუნდი ევროთასებზე შორს ვერ წავა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ვეთანხმები. გაძლიერება მართლაც გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაში მაღალი სტანდარტია და უკეთესი ფეხბურთი მოგვეთხოვება.

- მოთამაშეთა მიწვევასა და გაძლიერებას აპირებთ?
- დიახ, ასეთი ჩანაფიქრი ნამდვილად გვაქვს.

- ყველაზე პრობლემატურად რომელ რგოლს მიიჩნევთ?
- ახლა ამაზე ლაპარაკს მოვერიდები, ყველაფერი სეზონის შემდეგ გახდება ცნობილი.

- "დინამოში" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მიხვედით. თქვენს მოთხოვნებზე მოსარგებად გუნდს ალბათ მეტი დრო სჭირდება...
- რა თქმა უნდა, საამისოდ მინიმალური დრო მქონდა. მაგრამ ჩვენს მოთხოვნებს ფეხბურთელები ნელ-ნელა ეგუებიან და ითვისებენ.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/90898-iurai-iarabeki-ar-mesmis-ra-aris-gasakviri-am-gadatsyvetilebashi.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024