• Geo
  • Eng
24.12.2015
რა ცვლილებები მოხდება თბილისის "დინამოში" - ინტერვიუ კლუბის დირექტორთან

თბილისის "დინამოს" დირექტორი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "დინამო" სულ მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. გარდა ამისა, საინტერესოა, რა ცვლილებები მოხდება გუნდში...

- როდის დაიწყებს "დინამო" მზადებას ახალი სეზონისათვის?
- 9 იანვარს შევიკრიბებით და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე წავალთ. მეტოქეთა ვინაობა ჯერაც დგინდება და არ მინდა, ვიჩქარო. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს. ერთ-ერთია ბელორუსის ბატე. დავბინავდებით ბელეკში, სასტუმრო "სუსესიში".

- როდის გაცხადდება "დინამოს" ახალწვეულთა ვინაობა?
- მას შემდეგ, რაც გაიცხრილება უამრავი კანდიდატურა და არჩევანს გააკეთებს მთავარი მწვრთნელი. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, ყველა კანდიდატურას განხილვა სჭირდება. როგორც გითხარით, საბოლოო ვერდიქტს მთავარი მწვრთნელი გამოიტანს.

- "დინამო", ალბათ, მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას...
- რა თქმა უნდა! შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი. 9 იანვარს რომ შევიკრიბებით, უფრო მეტი გვეცოდინება წამსვლელ-დამრჩენებზე.

- ლეგიონერები რჩებიან "დინამოში"?
- კი, ლიბორ ჰრდლიჩკა და რენე ფერეირა თბილისის "დინამოში" რჩებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- საინტერესოა, "დინამოს" პოტენციურ ახალწვეულთა შორის გამოცდილი, მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები თუ იქნებიან?
- აქცენტს სწორედ გამოცდილ, ბევრის მნახველ კადრებზე გავაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხარისხის ვარსკვლავები იქნებიან, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ვგულისხმობ - ისეთებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან გუნდს. გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. თუნდაც ალექსანდრე იაშვილის მაგალითი ცხადყოფს ამას.

- აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებზე.

- ამბობენ, "დინამოს" მოჰამედ ბანგურას კანდიდატურა შესთავაზესო. მას ადრე "სელტიკში" უთამაშია...
- უკვე გითხარით, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა შემოგვთავაზეს. არჩევანს გააკეთებს მწვრთნელი, იმ პოზიციების მიხედვით, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბანგურას, პირადად მე არაფერი ვიცი ამ კანდიდატურის თაობაზე...

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/86554-ra-cvlilebebi-mokhdeba-thbilisis-qdinamoshiq-interviu-klubis-direqtorthan.html

24.12.15

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024