• Geo
  • Eng
06.10.2015
რომან ფიფია – ,,წასვლა არასდროს არ არის ცუდი”

რამდენიმე წელია “დინამო თბილისს” რომან ფიფია ინახავს. მას სხვადასხვა ბიზნესები აქვს, მაგრამ საზოგადოებამ მაინც “დინამოდან” გაიცნო, კიდევ იმ ქველმოქმედებებიდან, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული. “დინამო თბილისის” მეპატრონემ ბევრი მენეჯერი და მწვრთნელი შეცვალა. არ უყვარს ინტერვიუები, თუმცა “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ის იმ შეცდომებზე საუბრობს, რომელიც “დინამოში” ყოფნის პერიოდში დაუშვა. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, პირველი იყო, რომელმაც დაზარალებულებს დახმარების ხელი გაუწოდა და ხუთ ოჯახს ბინაც შეუძინა. ცოტამ თუ იცის დღეს, რომ რომან ფიფიამ, გაგრადან მამის საფლავის თბილისში გადმოტანაზე უარი რამდენჯერმე განაცხადა. როგორც თავად ამბობს, მას არ უნდა ერთადერთი ძაფის გაწყვეტა იმ ადგილთან, სადაც დაიბადა და გაიზარდა. რამ განაპირობა რომან ფიფიას ცხოვრებაში სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი დონე და რატომ აპირებს ის წასვლას. სამაგალითო სხვებისთვის – ემოციური და განსხვავებული რომან ფიფია “პრაიმტაიმთან” ამ ყველაფერზე საუბრობს.

– გასაგებია, რომ ვეტერანების ღვაწლი დიდია და ისინი მუდამ გვახსენებენ 1981 წელს, მაგრამ მათ არ მიუძღვით ბრალი ქართული ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში რომაა?

– არ შეიძლება, ასე დავადანაშაულოთ ვეტერანები, რომ მათი ბრალია ეს ყველაფერი, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალია, რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. ჩემიც, ვეტერანებისაც, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღეს წარადგინა კანდიდატურა ფედერაციის არჩევნებზე. იმიტომ, რომ დროულად არ ხდებოდა რეაგირება არაფერზე. რატომ გავხსენი მარტო მე აკადემია, ჩემამდე არავინ მოღვაწეობდა ქართულ ფეხბურთში? რატომ გააკეთა ეს ფიფიამ და რატომ ჩადო ინვესტიციები? როდესაც, ვსაუბრობთ, თუნდაც ბავშვთა ფეხბურთზე. უნიკალური სკოლა გაკეთდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში. ასეთი სკოლა რომ 4 გაკეთდებოდეს, უკვე საკმარისი იქნება. ჩვენ ხომ მივეცით მაგალითი. როდის გაგიგიათ, ფედერაციაში ამაზე საუბარი ყოფილიყოს. როგორ შეიძლება ასეთმა ფედერაციამ უკეთესი დღე მოგვიტანოს ხვალ. ამიტომ არის აუცილებელი ცვლილება. სწორედ ამიტომ დაუდგა „დინამო“ გვერდში კობიაშვილს. ჩვენ გვსურს ცვლილებები. კობიაშვილში ვხედავთ ფეხბურთის განვითარების უკეთეს გზას. ეს არის ჩვენი ხედვა.

– როგორ უნდა დაკომპლექტდეს აღმასკომი, ორგანო, რომელიც ფეხბურთში ცვლილებებს განაპირობებს?

– ეს უკვე მსჯელობის საგანია. მე ვერ დავაკომპლექტებ, როგორც „დინამოს“ პრეზიდენტი, აღმასკომის წევრების რაოდენობას თუ შემადგენლობას. აღმასკომში უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ფულს დებს ქართულ ფეხბურთში. დიდი პატივისცემა ვეტერანებს, მაგრამ ჩვენ გვინდა საქმე, მათთან ერთად. უნდა ვუხმოთ ისეთ ხალხს, ვინც ხვალ წვლილს შეიტანს ქართულ ფეხბურთში. იქ ვეტერანებიც უნდა იყვნენ, მათი აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მაპატიეთ, გადამწყვეტი აზრი – არა. ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება დღეს, ქველმოქმედებაა. ბიზნესი, შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გახდეს, სწორედ ასეთ ხალხს უნდა უხმონ. ბევრი ბიზნესმენი გვყავს, ვისაც სურს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება, მაგრამ მათ გამჭვირვალობა, სისუფთავე და სიმართლე უნდათ. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია, რომელიმე ცალკეულ გუნდს მიეცეს ბიუჯეტიდან დაფინანსება ჩემს ხარჯზე, „დინამოს“ ხარჯზე, რომელიც იხდის საშემოსავლოს და აქედან ფინანსდება „დინამოს“ კონკრეტული კონკურენტი. ძალიან კარგია, კონკურენტს რა სჯობს, ფეხბურთი სხვანაირად ვერ ვითარდება, მაგრამ ჩემი ფულის ხარჯზე არა. „დინამომაც“ ზუსტად იგივე თანხა უნდა მიიღოს, რამდენსაც ცალკეული გუნდი იღებს. ეს უნდა იყოს სამართლიანი გადანაწილება, მხოლოდ სამართლიანი და ა.შ. ასე განვითარდება ჩვენი ფეხბურთი. ჩემი აზრით, 16 გუნდი, დღევანდელი საქართველოს პირობებში, ძალიან გაზრდილი რაოდენობაა.

– ძალიან ცოტა გვყავს ისეთი ადამიანი, ვინც ქართულ ფეხბურთში ინვესტიციას ჩადებს. ვნახეთ, რომ აღმასკომმა ილია კოკაია ფეხბურთიდან მოკვეთა. რას აკეთებს სახელმწიფო, სფფ, რომ ინვესტორი არ გაიქცეს?

– როგორც ხედავთ, სახელმწიფო დებს ფულს ფეხბურთში, ათეულობით მილიონს, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ არის სამართლიანი გადანაწილება. ამაზე გვაქვს გამახვილებული ყურადღება. ყველას უნდა შეხვდეს ერთნაირად. მე თუ მკითხავთ, კერძო მეპატრონეს მეტი უნდა ხვდებოდეს, ვიდრე საბიუჯეტო გუნდებს, რომ დაინტერესება იყოს. რაშია მაშინ დაინტერესება? თუ საბიუჯეტო გუნდი იღებს იმას, რასაც კერძო გუნდი, მაშინ ინვესტორს როგორ მოვიზიდავთ, საბოლოო მიზანი ხომ ინვესტორების მოზიდვაა. ბედნიერება იქნება, თუ უმაღლესი ლიგა, საბოლოოდ, დაკომპლექტებული იქნება კერძო კლუბებით. სრული კონკურენცია მაშინ დაიწყება და არა მაშინ, როდესაც, ბიუჯეტის ხარჯზე ხდება არასამართლიანი გადანაწილება, განუზომელი ხელფასების ხდა. ეს ნორმალური არ არის. ამას წერტილი დაესმება.

– ბოლო პერიოდში გამოჩნდა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც, პირდაპირ რომ ვთქვათ, თქვენ წინააღმდეგ იბრძვის. ბევრჯერ დაიწერა, რომ ქართული ფეხბურთიდან მიდიხართ, ვის არ აწყობს თქვენი აქ ყოფნა?

– ჩემი „დინამოში“ არყოფნა აწყობს ისეთ ხალხს, ვისაც ეშინია აქ შემოსვლის. ვისაც ეშინია იმ სიკეთის დანახვა, რაც გაკეთდა ქართულ ფეხბურთში, „დინამოსთვის“. ასეთ ხალხს არ აწყობს, თქვენ თვითონ მიხვდებით, ვინ არიან ეს ადამიანები. ვინც ამაზე ვერ ლაპარაკობს, ვინც ამას გაურბის, რომ ფიფიასნაირი ადამიანები არ იყვნენ ქართულ ფეხბურთში.
– ეს ჯგუფი თბილისის „დინამოს“ დაბრუნებას ითხოვს. თქვენ ხართ მათი მოპასუხე მხარე?

– ყოველთვის ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას და დღესაც შემიძლია დავაფიქსირო. ის, რომ შსს-მ „დინამო“ დაიბრუნა თავის დროს, როგორც წერენ და ლაპარაკობენ. შსს იყო მესაკუთრე, ამიტომ, „დინამოს“ დაბრუნებაზე იურიდიული ბაზა არ არსებობს. შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ შესჩივლონ სახელმწიფოს და მას მოსთხოვონ, მაგრამ რა უნდა მოსთხოვონ? აქ მე არ ვარ მხარე. საკმაოდ ბევრ ფულს ვდებ „დინამოში“. ამ თემაზე ძალიან მოკრძალებული პასუხი მაქვს.

– ჩვენი ინფორმაციით, ამ ჯგუფმა თქვენ წინადადებაც შემოგთავაზათ, რომ აკადემიისთვის გეპატრონათ, ბაზა და გუნდი კი მათთვის დაგეთმოთ, რეალურად იყო ეს შემოთავაზება?

– აბსოლუტური ჭორია. ჩემთვის დიდი პატივია „დინამოს“ პატრონობა, მაგრამ პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. დიდ თანხებთან არის ეს დაკავშირებული. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ამ ტვირთის თავის ზურგზე შემოგდების სურვილი. ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, მაგრამ, თუ ასეთი გამოჩნდება, მზად ვარ „დინამო“ დავთმო.

– მერაბ ჟორდანიამ განაცხადა, რომ ის ამ ჯგუფის უკან არ დგას და „დინამოს“ დაბრუნებასთან დაკავშირებით პირადი ინტერესი არ გააჩნია. მეორე მხარეს არველაძეები და მათი მეგობრები არიან, რომლებიც ამ ჯგუფის დამაარსებლები არიან. თქვენი ინფორმაციით, ვინ დგას მათ უკან?

– მერაბ ჟორდანიამ ჩემთანაც დააფიქსირა ეს პოზიცია. მეც ვიცი, რომ იყო პრობლემები მესაკუთრეებთან, ბევრჯერ გამოიცვალა პატრონი. მე არ ვარ ვალდებული, გავცე პასუხი ძველ ქმედებებზე. არანაირი ვალდებულება არ გამაჩნია. რაც შეეხება არველაძეებს, დიდ პატივს ვცემ შოთის, პროფესიონალია. აჩი არველაძე კარგი ფეხბურთელი იყო, რაც შეეხება რეზის, ვთვლი, რომ ის არ უნდა იყოს პრეზიდენტი. კმარა. ეს არის ჩემი აზრი. რეზის თავისი აზრი აქვს. ყველას აზრს ვცემ პატივს. ის ხალხი, ვინც ამ ჯგუფში ტრიალებს, განიხილებიან, როგორც რეზის უახლოესი მეგობრები. ვის რა ილუზიები აქვს, არ ვერევი ამ თემაში და არც ვაპირებ აპელირებას. ამას, ჩემთან, აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. რის დაბრუნებას აპირებენ, როგორ აპირებენ, არ ვიცი, ან სად უნდა განიხილონ ეს თემა. არ მსურს ამაზე ლაპარაკი. რა გიპასუხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ამის დაბრუნება. სახელმწიფოსგან კი არ მიყიდია, რომ თუნდაც სახელმწიფომ დაუბრუნოს.

– რამდენიმე წელია თბილისის „დინამოს“ მეპატრონე ხართ. მანამდე სხვადასხვა ბიზნესში საქმიანობდით, თუმცა საზოგადოებამ მაინც „დინამოდან“ გაგიცნოთ. რატომ გადაწყვიტეთ ქართულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადება და ხომ არ ნანობთ ახლა ამას?

– ადრე რუსეთში გუნდი მყავდა. ბევრი მინერვიულია და დიდი თანხაც ჩამიდია. ჩემს ოჯახს ეს კარგად ახსოვს. სწორედ ამიტომ, ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად გაუკვირდა, რომ ეს ნაბიჯი ისევ გადავდგი. დარწმუნებული ვარ, რამდენი ბოროტი ადამიანიც არ უნდა არსებობდეს, რომელთაც შესაძლოა, არ უნდოდეთ ისეთი ადამიანების ყოფნა ქართულ ფეხბურთში, როგორიც ფიფია, კოკაია, ჩიხრაძე და ინჯიაა. ეს გავაკეთე, იმიტომ, რომ დავინახე, ქართულ ფეხბურთს აქვს პოტენციალი და დღესაც დარწმუნებული ვარ ამაში. თუ სინანულზეა ლაპარაკი, ვნანობ, რომ სადღაც სამი წელი დავაგვიანე. პირველი დღიდან აკადემია უნდა გამეკეთებინა. ამას ვთვლი ჩემს შეცდომად. ჩვენ გვყავს უნიკალური თაობა, ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც აღზრდა სჭირდებათ. ბრწყინვალე მშობლები ჰყავთ, მაგრამ საფეხბურთო აღზრდას ვგულისხმობ, რომ ნაცნობი დაავადებები, გამრუდებები და სხვა უბედურებები ავიცილოთ. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა. შევქმენით ეს და დავიწყეთ ფეხბურთელების გაზრდა, აღზრდა. შევარჩიეთ უნიჭიერესი მწვრთნელები, მოვიყვანეთ ჰოლანდიელი სპეციალისტი, სისტემა ააწყო და ა.შ. იქ ცხოვრობს 30 ბავშვი, ჯერჯერობით და იმედი მაქვს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. 200 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს აკადემიაში, აქ არის კვება, ვარჯიში და სხვა ყველაფერი, რაც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, მომავალ 4-5- წელიწადში, შეიძლება მე ფეხბურთში არ ვიყო, ყველაფერი ხდება, მაგრამ ქვეყანას დარჩება უნიკალური აკადემია, ბევრი სწორად გაზრდილი ფეხბურთელი, რომელიც, პირველ რიგში, სიამაყეს მოუტანს ჩვენს ფეხბურთს, საქართველოს და ნაკრებს. ის ადამიანები, ვისაც ტვინი სხვაგვარად აქვთ მოტრიალებული, ამაზე არ ფიქრობენ, არც უფიქრიათ, რადგან არ გაუკეთებიათ. უპირველესად, ამაზე ვფიქრობ. მართლა გიჟი უნდა ვიყო, რასაც ვაკეთებ. ძალიან მალე ქართული ფეხბურთი მიიღებს მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელებს. ეს არის სამოთხე, რაშიც სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს, კერძო სექტორმაც. ზუსტად მაშინ დაიწყება აღორძინება, დავიწყებთ მოგებებს, ახალგაზრდებს იმედი გაუჩნდებათ.

– წასვლას აპირებთ?

– რა თქმა უნდა. წასვლა არასდროს არ არის ცუდი, უნდა იყოს დროული და არ უნდა იყოს დაგვიანებული, მაგრამ ამას უნდა მოჰყვებოდეს რაღაც მიღწევა. საერთოდ, ნორმალური ადამიანები ასე ფიქრობენ, რომ რაღაცას მიაღწიონ დროთა განმავლობაში და შემდეგ წავიდნენ. ეს არის სწორი. შემდეგ სხვა რაღაცას უნდა მიხედო.

– დროთა განმავლობაში გუნდში ბევრი მენეჯერი შეიცვალა. ამ გადასახედიდან, როგორ გგონიათ, მათ თქვენი ფინანსური რესურსები პირადი ინტერესებისთვის ხომ არ გამოიყენეს?

– ფეხბურთი, საერთოდ, ჯენტლმენების სპორტია. ასე ვთვლი, არ ვლაპარაკობ არაჯენტლმენებზე. ყველაფერი სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანო. ცუდი რაღაცებიც ხდება ხოლმე, მაგრამ ამის გამოტანა გარეთ, პატარა ადამიანების საქმეა. არიან ადამიანები, მათ შორის ფეხბურთელებიც, ვისაც პატივისცემამ აწყინა.

– აკადემიისა და გუნდის შენახვა რა გიჯდებათ ყოველწლიურად?

– ეს თანხა ძალიან მაღალი იყო, ცხრა მილიონ დოლარამდე. ჩვენ, ლეგიონერების ჯგუფს არაადეკვატურ ხელფასებს ვუხდიდით. ასეთივე ხელფასები ჰქონდათ ქართველ ფეხბურთელებსაც. არასწორი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, დაყრდნობილი ვიყავი ჩემს თანამოაზრეებზე, ამიტომ გავყევი მათ. შემდეგ მივხვდი, რომ თავად უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები, დამემთავრებინა ეს. თუ ჩვენ არ გავზრდით მომავალ თაობას, შეიძლება წუთიერ გამარჯვებას მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები ვერ დაიკავებენ გუნდში ადგილებს, ისევ ლეგიონერებზე ვიქნებით ჩამოკიდებული. ქართველ ფეხბურთელებს დავკარგავთ. როცა მივხვდი, რომ ამის საშიშროება იდგა, ახლოს ვიყავით ამასთან, მივიღე გადაწყვეტილება გაახალგაზრდავების შესახებ. ეს არის ჩვენი ფეხბურთის შანსი. აქ უნდა გავზარდოთ ფეხბურთელები. იმ პოზიციებზე, რომელზეც საქართველოში ნაკლებობა გვაქვს, მოვიწვევთ 3-4 ლეგიონერს. ვაპირებთ უცხოელებით გაძლიერებას, სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ მათი რიცხვი იქნება მცირე.

– აქვს თუ არა ფულის ხარჯვას აზრი, თუკი „დინამოს“ არ ეყოლება კონკურენტი?

– იმისთვის, რომ ჩემპიონატი კონკურენტუნარიანი იყოს, ამას სჭირდება 10 გუნდი, ან რვა, კარგი საფარით. ფეხბურთელები რომ რეზინის მოედანზე თამაშობენ, არც ხასიათი აქვთ, არც ფეხბურთის თამაში უნდათ. როგორ შეიძლება უმაღლეს ლიგაში ასეთი მინდვრები იყოს. აუცილებელია, ცოტა, მაგრამ ხარისხიანი. ეს ფორმულაა, ახალი არავის არაფერი მოუფიქრებია. უნდა იყოს 10 გუნდი, 4 წრე და კარგი პირობები, შედეგს ხალხი აიძულებს. ჩვენს არენაზე არ მოდის ხალხი, მაგრამ რეგიონებში, სადაც ჩავდივართ, მოსახლეობას ძალიან უყვარს ფეხბურთი. როდესაც ხალხს ეცოდინება, რომ თუ გუნდს ინფრასტრუქტურა არ ექნება და ამიტომ შეიძლება მოხსნან უმაღლესი ლიგიდან, ის აიძულებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გააკეთოს სათანადო მოედანი. სხვანაირად ვერ განვვითარდებით, როგორ შეიძლება უკონკურენტოდ იყო. დღეს არის რამდენიმე გუნდი, იგივე გორის „დილა“, ბათუმის „დინამო“, რომლებიც ლიდერის ხასიათს ავლენენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მსაჯთა შეცდომები არანაკლებ დისკომფორტში გაყენებს. ცალკეული ადამიანების საქციელი, შენ ამდენი ფული უნდა მიიტანო ფეხბურთში, “ქუხილავებმა” კი არასწორად უნდა დაფსტვინონ. ფეხბურთის ფედერაციის ცვლილებები ძალიან ბევრ რაღაცას შეეხება, ბევრი რამე შეიცვლება.

– „დინამომ“ ბევრი მწვრთნელი შეიცვალა. გეგუჩაძის მუშაობას კარგი შეფასება და გაშუქება აქვს. იპოვეთ ის მწვრთნელი, ვინც გჭირდებოდათ?

– არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გეგუჩაძე ის მწვრთნელია, რომელმაც უნდა გაწვრთნას „დინამო თბილისი“. თუ გეგუჩაძე არა, მაშინ უნდა ვიფიქრო უცხოელ მწვრთნელზე. კომფორტი მაქვს გეგუჩაძესთან. ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხებზე, მე ჩემს აზრს ვამბობ, იმედი მაქვს, ის გაგებით ხვდება ამას. არის შტაბი და იქ განვიხილავთ. გეგუჩაძის ხელწერა დაეტყო გუნდს. ალბათ, ცოტა ადრე რომ გადამეწყვიტა, უფრო წაადგებოდა თბილისის „დინამოს“.

– თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა და ბინები შეუძინა. მსგავსი ქველმოქმედება თქვენგან პირველი არ ყოფილა. სოციალურად ძალიან აქტიური ხართ, რამ განაპირობა ეს?

– მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საცხოვრებელი სახლის დაკარგვა, მით უმეტეს, თუ რაღაც პატარა ძაფი გაკავშირებს ამ საცხოვრებელთან და ისიც იკარგება. ეს ხალხი ყველაზე დაუცველი აღმოჩნდა. ვიცი ეს პრობლემა, აფხაზეთიდან ვარ. ჩვენ დავკარგეთ სახლ-კარი და არამარტო ჩვენ. 300 ათასზე მეტი ადამიანი გახლავთ დევნილი, რომელიც იძულებით გადაადგილებაში იმყოფება. ზოგი შეეჩვია ამ ვითარებას, ზოგი ვერა, ზოგი კარგად ცხოვრობს, მაგრამ ვერ ეჩვევა. ყველას თავისი ვითარება, ნაცნობობა, ოჯახი და ადგილი აქვს. მამაჩემი გაგრაშია დასაფლავებული. რამდენჯერმე შემოგვთავაზეს გადმოსვენება. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. ამის გაკეთება ჩემთვის აფხაზეთის საბოლოოდ დაკარგვას ნიშნავს. ბევრჯერ შემომთავაზეს სასაფლაოს მონახულება ლესელიძეში, მაგრამ სხვა ადამიანებმა რა დააშავეს? ძალიან მიყვარს მამაჩემი, ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანი იყო. ჩვენ უნდა დაველოდოთ, როცა ყველას ერთად გვექნება საშუალება, მოვინახულოთ ის ადგილები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც იქ განისვენებს. რაც შეეხება ამ ამბავს, არ მიფიქრია. კარგად იცით, პიარი ჩემი თემა არაა. პირველი, რაც გამახსენდა, იყო უბედურება. ვთქვი, რომ ამის გაკეთება მსურს და მინდოდა, ამით მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. ცხოვრებაში მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. მეც ძალიან ბევრ მაგალითს ვიღებ, რაც მომწონს. თუ ადამიანს რაღაც სწყინს და უხარია, ის აუცილებლად ითვისებს კარგ მაგალითს. ეს ჩემთვის ბრიფინგი არ ყოფილა, გულის ძახილი იყო, ჩვენი ვალია და ვისაც აქვს შესაძლებლობა, უნდა დაეხმაროს. ეს დაუწერელი კანონია, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი 

http://primetimenews.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%93/

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024