• Geo
  • Eng
16.04.2015
ოთარ კაკაბაძე: დინამოში ახალგაზრდებს გვენდობიან და ეს შედეგს მოიტანს

ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას მთავარ ხიბლს ახალგაზრდა ფებხურთელების ძირითად გუნდებში დაწინაურება და მათი კარგი თამაში სძენს. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის დინამოს მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელიც 19 წლისა ამ ერთი თვის წინ გახდა. კაკაბაზე დინამოში სტაბილურად თამაშობს და 9 მარტს გორის დილასთან საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორიც გახდა. კაკაბაძე ''ჩვენს თამაშთან '' თბილისის დინამოზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს. 

დილასთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრის შემდეგ ყველა ელოდა, რომ დინამო მარტვილში გაიმარჯვებდა. რატომ გაგიჭირდათ ბოლო მატჩებში?

სამწუხაროდ, ბოლო ორ ტურში დასანანი ქულები დავკარგეთ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ჩავარდნა აქვს და ვინც მერანთან მატჩს უყურა, ალბათ ამაში დამეთანხმება. რა თქმა უნდა, ზედიზედ ორ თამაშში ქულების დაკარგვამ ცუდ განწყობაზე დაგვაყენა, სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. 

დინამოს მესამე ადგილზე ყოფნა, ცოტა უცნაურია. რამდენად მომზადებულია გუნდი ფსიქოლოგიურად მომავალი მატჩებისთვის?

დასანანია, დილასთან და მერანთან საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მესამე ადგილზე ჩამოვქვეითდით და, ცხადია, ეს არ გვსიამოვნებს. მიუხედავად ამისა, გუნდში ფსიქოლოგიურად კარგი განწყობაა და მომავალი მატჩებისთვის ორმაგი ენერგიით ვემზადებით. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს.

ამ ეტაპზე დინამოს მთავარ პრობლემად რას მიიჩნევ? გარედან ისე ჩანს, თითქოს გამოცდილება არ გყოფნით. 

მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, დინამოს საკმარისი გამოცდილება არ აქვს. თუ არ ვცდები, ჩვენს გუნდში საშუალო ასაკი 21 წელია, რაც ძალიან ახალგაზრდული მაჩვენებელია. 

ევროტურნირებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ თვენახევარში სეზონი მთავრდება. შენი აზრით, ამ შემადგენლობნით რა იქნება დინამოს მაქსიმუმი ევროპის ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ მატჩებში?

ვიცი, ბევრი ფიქრობს რომ დინამოს ევროტურნირებზე შანსი არ აქვს, მაგრამ ამ აზრს არ ვეთანხმები. ამ გუნდში ვთამაშობ და ვიცი, რა პოტენციალი აქვს დინამოს. საქართველოს ჩემპიონატში ყველა გუნდი 5 მცველით გვიპირისპირდება და ასეთ პირობებში, ადვილი არაა გახსნილი ფეხბურთი ითამაშო. ევროპული გუნდები კი, ძირითადად შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, დაახლოებით ისეთს, რა სტილიც დინამოს აქვს. ვფიქრობ ზაფხულში უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით.

16 გუნდიანი ჩემპიონატის თემა სეზონის ბოლომდე აქტუალური იქნება. ფაქტია, დინამომ გასულ წელს 8 ქულიანი უპირატესობით მოიპოვა ჩემპიონობა, დღეს კი მესამე ადგილზე ხართ.

პირადად მე ამ ფორმატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და დინამოს მიერ დაკარგულ ქულებს, ვერც გუნდების რაოდენობის ზრდას  ვუკავშირებ. უბრალოდ, აუტსაიდერებთან ბევრი ქულა დავკარგეთ და ამიტომ შეირყა ჩვენი პოზიცია სატურნირო ცხრილში.

უშუალო კონკურენტებიდან ვის მიიჩნევ ყველაზე ძლიერად? სამტრედიას ორივე მატჩი მოუგეთ, აი დილასთან და ბათუმის დინამოსთან კი, გაგიჭირდათ. 

ჩვენი კონკურენტებიდან ყველაზე ძლიერი, მაინც გორის დილაა. მათთან თამაში აღარ გვიწევს და ეს კარგიცაა, ბათუმის დინამოსთან კი, შანსი გვაქვს შეცდომა გამოვასწოროთ და შინ წაგებული თამაშის გამო რევანში ავიღოთ. დილა, ამ ეტაპზე, დანარჩენი სამი გუნდიდან ყველაზე ძლიერია. 

პირადად შენ თამაშზეც ვთქვათ. ასე სტაბილურად უმაღლეს ლიგაში პირველად გიწევს თამაში. როგორ შეეგუე ეროვნულ ჩემპიონატს?

საკუთარ თამაშში პროგრესს ვგრძნობ. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ და ამაში, პირველ წრეში ჩატარებული თამაშები ძალიან დამეხმარა. ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რაშიც ზამთრის შეკრება დამეხმარა. მეორე წრეში ჩემპიონატს უფრო გავუშინაურდი და აღარც მღელვარებას ვგრძნობ. თავდაჯერებულობა მომემატა და ეს დადებითი თვისებების გამოვლენაში ძალიან მეხმარება. 

გასულ წლებში უმაღლეს ლიგაში ამდენი ახალგაზრდა ფებხურთელი ერთად არასდროს ყოფილა. წელს კი თითქმის ყველა გუნდში ორი-სამი 20 წლამდე ფეხბურთელი თამაშობს. 

დინამოზე უკვე ვთქვი რომ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. რამ გამოიწვია ეს ცვლილება, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ახალგაზრდების ნდობა კარგია და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. 

დინამოში შენ და ვაჟა ტაბატაძე ერთმანეთის კონკურენტები ხართ. განსაზღვრულია რომელი ხართ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი?

რაც შეეხება ტაბატაძეს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი დონის მცველია. მისგან ბევრს ვსწავლობ. საერთოდაც დინამოში დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია არავის აქვს. 

ეროვნული ჩემპიონატის მცველებიდან შეტევაში ერთ-ერთი აგრესიული და აქტიური შენ ხარ. გორის დილასთან მეოთხედფინალურ მატჩში დინამომ შენი გოლით მოიგო. როგორი შეგრძნებაა, როცა გუნდი შენს მიერ გატანილი ბურთით ნახევარფინალში გადის?

გოლის მომენტში ყველაზე ბედნიერი ხარ, ძალიან მაგარი გრძნობაა. მით უმეტეს ასეთ თამაშში და ასეთ მეტოქესთან. მნიშვნელოვანი გოლი იყო, თუმცა ამაში დიდი წვლილი ჩემმა გუნდელებმა შეიტანეს.

ალბათ იცი, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კახა ცხადაძეს ნაკრებში შენი მიწვევა სურდა, თუმცა, როგორც თავად თქვა, ამ ეტაპზე შენი ასაკის გამო თავი შეიკავა. თუ ელოდი ასეთ მოკლე დროში ნაკრების კანდიდატთა შორის მოხვედრას?  

ცხადია, ველოდი, მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი მიზნები მაქვს. ნებისმიერი ფეხბურთელი რაღაცისკენ მიისწრაფის და მეც ასე ვარ. ცხადაძის ყურადღება მესიამოვნა, ყველაზე უკეთ მან იცის, ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ - არა.

 

ოთო მუმლაძე:  http://www.gff.ge/ka/News/Details/1007

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024