წარმოგიდგენთ თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელის, ფერდინანდ ფელდჰოფერის ინტერვიუს LaGazzeta.ge-სთან. ავსტრიელმა სპეციალისტმა ისაუბრა თავისი ამჟამინდელი კლუბის, ზოგადად ქართული ფეხბურთისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
— უკვე თითქმის 2 თვეა, რაც დინამოში ხართ, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები კლუბზე, ფეხბურთელებსა და საქართველოში საფეხბურთო კულტურაზე?
— ეს კლუბი დიდი ოჯახივით არის. ყველა გაერთიანებულია საერთო მიზნის გარშემო - კლუბში ძველი დიდების დაბრუნებისთვის. ეს რთული საქმეა, მაგრამ იგრძნობა, რომ ყველა მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი, რომელიც მოითხოვს შრომასა და თავდადებას.
მე პირადად მომეწონა, თუ როგორ უჭერდა მხარს მთელი ქვეყანა ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის დროს. ძალიან ემოციური იყო ქუჩაში ამდენი ქომაგის ნახვა. ეს არის შესანიშნავი მოგონებები და კადრები თბილისში გატარებული ჩემი პირველი კვირიდან, რომელიც არ დამავიწყდება.
რაც შეეხება ჩემპიონატს, ვფიქრობ, რომ ეს არის კონკურენტუნარიანი ლიგა, რომელშიც ბევრი ნიჭიერი და საინტერესო მოთამაშეა. ასევე ჩემთვის საინტერესოა გარემო, რადგან აქაურობა ცოტათი განსხვავებულია ჩემი ქვეყანისგან და ყოველთვის სასიამოვნოა სხვა კულტურის ნახვა. ვხედავ, რომ დღეს ქართული ფეხბურთი ვითარდება.
ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით კი ხარისხიანი მოედნები. ვიცი, რომ გასულ წლებში ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გაკეთდა, მაგრამ ზოგიერთი მოედანი ჯერ კიდევ არ არის კარგ მდგომარეობაში და იმედი მაქვს, მოკლე დროში ეს პრობლემა მოგვარდება.
— როგორც ევროპულ ფეხბურთში გამოცდილების მქონე მწვრთნელს, რამ გაგიჩინათ სურვილი დინამო თბილისის სახით გამოწვევის მისაღებად?
— დინამო თბილისი ისტორიული კლუბია, რომელსაც დიდი მემკვიდრეობა აქვს. ჩემი მიზანი იყო საზღვარგარეთ მუშაობა, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და ძლიერი იდენტობის მქონე გუნდის შექმნა, რათა კლუბს ძველი დიდება დავუბრუნო. სიამოვნებით ვიღებ დიდ საფეხბურთო კლუბებში მუშაობის გამოწვევას და ვუმკლავდები ზეწოლასაც, რომელიც გულისხმობს ყველა მატჩის მოგებას.
— კლუბი ამჟამად გარდამავალ ფაზაშია, სადაც აკადემიის მოთამაშეთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა პირველ შემადგენლობაში. რას ფიქრობთ დინამოს ახალგაზრდა ტალანტებზე და როგორ გეგმავთ გუნდში მათ ინტეგრაციას?
— როდესაც გადავწყვიტე ამ კლუბში მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო აკადემიის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარების შესაძლებლობა. ჩემი მიზანია ისინი პირველ გუნდში დავამკვიდრო და მივცე შესაძლებლობა, რომ გაიზარდონ, როგორც მოთამაშეები. ასევე, მსურს დავეხმარო შემდგომ გადადგმულ ნაბიჯებში, იმისთვის რომ გახდნენ წარმატებული ფეხბურთელები, ითამაშონ საქართველოს ნაკრებში და საზღვარგარეთ თამაშისთვისაც იყვნენ მზად.
— ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდაჭერა გულისხმობს სწორი მიმართულებით მათ განვითარებას. ეს არის რთული ამოცანა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ თამაშის სწორ ტაქტიკურ გაგებას, მოედანზე ინტენსივობასა და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტის დანერგვას.
— მოედნის გარეთ მნიშვნელოვანია კარგი განწყობის შენარჩუნება, სწორი კვებისა და დასვენების რეჟიმის დაცვა. ეს ყველაფერი ფეხბურთისადმი საკუთარი თავის მიძღვნაა, რათა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი და საბოლოო წერტილი ევროპის ტოპ ლიგაში თამაში იყოს.
— ცოტა ხნის წინ, კონფერენს ლიგის შესარჩევზე დამარცხდით მორნართან, გუნდი ეროვნულ ლიგაში ცხრილის შუაშია. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს და როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებია საჭირო გუნდის მუშაობის გასაუმჯობესებლად?
— თითოეული თამაში გვეხმარება განვითარებაში. მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავერთიანდეთ, გავხდეთ გუნდი, რომელიც იაზროვნებს ერთიანად, როგორც მექანიზმი. გუნდი, რომელიც თავისი მოთამაშეებით საქართველოს ეროვნულ გუნდსაც დაეხმარება.
— დინამო ყველაზე ტიტულოვანი კლუბია საქართველოში, შესაბამისად, მის ასეთ მდგომარეობაში ხილვა გულშემატკივრისთვის არ არის მისაღები. როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა დინამო თბილისის მიმართ? როგორ გეგმავთ დაუყოვნებელი შედეგების დაბალანსებას ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასთან?
— დიახ, რეალობა და მოლოდინები ამჟამად არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს მოითხოვს შრომას, შრომას, შრომას – ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია სწრაფად განვითარება. გრძელვადიან პერსპექტივაში, მიზანი, რა თქმა უნდა, არის ტიტულების ისევ მოგება და მოთამაშეების მომზადება მათი შემდეგი ნაბიჯისთვის.
— შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი მისია - რა ღირებულებებისა და პრინციპების დანერგვას ცდილობთ გუნდში?
— შრომა, პროფესიული ცხოვრების წესი, ვნება საქმისადმი, გამბედაობა და გამარჯვების მენტალიტეტი, ეს ყველაფერი აუცილებელია. დღევანდელ ფეხბურთში გამძლეობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მთავარია დროულად წამოდგე და წინსვლა გააგრძელო, რაც არ უნდა იყოს! დინამოს მსგავსი ტრადიციული საფეხბურთო კლუბი არ უნდა იყოს დასასვენებელი ადგილი, ეს უნდა იყოს გამოწვევა თითოეული მოთამაშისთვის.
— თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება დინამო თბილისის წარმატების მთავარ ინდიკატორი? არის ეს ტიტულები? მოთამაშეების განვითარება თუ სხვა რამ?
— ეს არის ორივეს კომბინაცია და დიდი გამოწვევა თითოეული ჩვენთაგანისთვის. ეს არის გამოწვევა, რომლითაც მომავალში საუკეთესო გუნდი უნდა ავაშენოთ. როგორც კლუბი, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ სწორად ორგანიზებული, როდესაც საქმე ეხება მოთამაშის გაყიდვას, რათა ყოველ ჯერზე ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოგვიწიოს.
— აკადემიის მოთამაშეების პირველ გუნდში დაწინაურება თამამი ნაბიჯია. დინამომ ეს გადაწყვეტილება სეზონის წინ მიიღო. როგორ ფიქრობთ, როგორი სათამაშო სტილი ან სტრატეგია შეეფერება ამ ახალგაზრდა გუნდს?
— ჩვენი ფილოსოფია და სათამაშო სტილი საუკეთესოდ იქნება აღწერილი, როგორც ინტენსიური, დინამიკური და მიმზიდველი. ეს არის ძირითადი ელემენტები, იმისთვის რომ გავხდეთ წარმატებულები არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზე. ამას დრო დასჭირდება და ეს კლუბში ყველას ესმის. თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ გზის გავლას, ეს იქნება სასარგებლო არა მხოლოდ დინამოსთვის, არამედ საქართველოს ეროვნული გუნდისთვისაც.
— როგორ ინარჩუნებთ მოტივაციას გუნდში, განსაკუთრებით ევროპულ და შიდა შეჯიბრებებში ბოლო წარუმატებლობის გამო?
— მე შევპირდი ფეხბურთელებს, რომ დავეხმარები განვითარებასა და პროგრესში. ჩვენ განვლილი თამაშებიდან გაკვეთილი მივიღეთ, ზოგიერთი ფეხბურთელისთვის ეს საერთოდ სადებიუტო მატჩები იყო საერთაშორისო სცენაზე. ისინი ამ გაკვეთილებს დაიმახსოვრებენ, როგორც განვითარების ნაწილს. პროგრესი მოედანზე და მის გარეთ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს გვაძლევს მოტივაციას ყოველდღე ვიმუშაოთ და ვიცხოვროთ პროფესიონალურად.
— რა როლს ხედავთ გუნდში უფრო გამოცდილი მოთამაშეებისთვის და როგორ ეხმარებიან ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
— მოთამაშეთა ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი ჩვენს ფილოსოფიაში ჯდებიან და ყველას შეუძლია გუნდის შენებაში თავისი როლის შესრულება. გამოცდილი მოთამაშეები უმცროსებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყვნენ, ყოველდღე მაქსიმუმს გასცემდნენ და აკადემიის მოთამაშეებზე დადებით გავლენას ახდენდნენ. თუ ისინი ამას არ აკეთებენ, ეს არ არის სწორი. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ.
— დინამო რჩება საქართველოს თასის გათამაშებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეჯიბრი თქვენთვის და გუნდისთვის? როგორ ამზადებთ გუნდს ამ ტიტულისთვის საბრძოლველად?
— მჯერა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.
— რა მოლოდინი გაქვთ სეზონის დარჩენილ ნაწილზე? რა კონკრეტულ გაუმჯობესებას უმიზნებთ?
— ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე, გავაუმჯობესოთ ჩვენი სათამაშო სტილი და ფეხბურთელების თამაშის ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ კლუბს ჰქონდეს მკაფიო გზავნილი და კონცენტრირებულები ვიყოთ ყველა მიმართულებით ჩვენი მიზნების მისაღწევად.
— რა მესიჯი გსურთ გაუგზავნოთ დინამო თბილისის გულშემატკივრებს, რომლებსაც თავიანთი გუნდის დიდების/გამარჯვებების დაბრუნება უნდათ?
— იყავით პოზიტიურად განწყობილები, გვერდში დაუდექით გუნდს რთულ დროსაც კი. ეს ადვილი არ არის, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შემოვაბრუნოთ.
— როგორც მწვრთნელი, როგორ უყურებ გამოწვევებსა და წარუმატებლობებს? რა გიბიძგებთ წინსვლისკენ, განსაკუთრებით ისეთ რთულ სიტუაციებში, როგორიც ახლანდელია?
— ეს არის რწმენის საკითხი. ყოველი დღე გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობაა. ფეხბურთში უნდა გაუმკლავდე აღმავლობასა და დაცემას. წარმატება არის ერთიანობა, გუნდური სულისკვეთება და მიზნების მიღწევა.
— რისი მიღწევას გსურთ, ვგულისმობ, პირად სუბიექტურ მიზანს, დინამოში ყოფნისას და როგორ გინდათ დაგიმახსოვროს კლუბმა და მისმა გულშემატკივრებმა?
— რა თქმა უნდა, ტიტულებით, რაც სამუდამოდ რჩება, თუმცა მე ასევე მინდა, რომ დავეხმარო მოთამაშეებს განვითარებაში და ვიყო მათი პოტენციური შესანიშნავი კარიერის ნაწილი.
20.8.24 La Gazzetta De Lo Sport