• Geo
  • Eng
07.09.2020
ჩისკო მუნიოსი: ჩემი საფიქრალი არ არის წარსული, აქ მოვედი იმისთვის, რომ ავაშენოთ მომავალი!

დიდი ხანი არ არის, რაც თბილისის "დინამო" ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. ის აქ შინაური კაცია. ჯერ ფეხბურთელობის დროს იყო გუნდის ლიდერი და მთავარი მეგოლე, მერე კი კარგი მწვრთნელიც გამოდგა - გუნდს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა!..

მისი უახლოესი ამოცანა ევროპალიგაზე სამი ბარიერის გავლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ორი მეტოქე (ერთი მაინც პოტენციურად ითვლება) ცნობილია და, ცხადია, "დინამოს" შესწევს მათი დამარცხების რეალური ძალა - უელსური "ქონაჰსი" და ფარერული "კლაკსვიკი", აი, მერე კი...

მანამდე ეს ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც "ლელომ" ჩისკოსთან ჩაწერა...

- საინტერესოა, რა გარემო დაგხვდათ "დინამოში" და თავად როგორი განწყობით დაბრუნდით? საერთოდ, როგორია ფსიქოლოგიური ფონი გუნდში "ტირანასთან" მარცხის შემდეგ?

- ამ შემთხვევაში, გარემო ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან აქ მე მოვედი იმისთვის, რომ ავაშენოთ მომავალი. რა თქმა უნდა, ბოლო მარცხი არავის არ მოეწონებოდა, თუმცა ჩემი საფიქრალი ახლა არ არის წარსული, ჩვენ სწორედაც "დინამოს" მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მე დავბრუნდი ჩემს მეორე სახლში და ბედნიერი ვარ ამით, რადგან აქაური გარემო ძალიან მიყვარს.

 

- ამ დროისთვის თქვენი ოფიციალური თანამდებობა - "მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია". როდის აიღებთ პროლიცენზიას, რომლის უქონლობაც, როგორც ამბობენ, თავის დროზე "დინამოდან" თქვენი წასვლის მიზეზი გახდა?

- რეალურად, ამოცანა, რომელიც დგას  ჩვენ წინაშე, ეხება უახლოეს სამ თვეს. ლიცენზიის აღება უნდა მოხდეს ესპანეთში. იყო დრო, როცა კოვიდინფექციის გამო ყველაფერი გაჩერდა ესპანეთში და ამჟამადაც ბევრი რამ გართულებულია. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მთავარი მიზანი და გეგმები დამყარებულია ამ სამ თვეზე. უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი სახე საუკეთესოდ წარვუდგინოთ გულშემატკივარს. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

- თქვენ ესაუბრეთ კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას და როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი თქვენ მიმართ ნდობა?

- "დინამოს" პრეზიდენტთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ის ბოლომდე მედგა გვერდში. ახლა მე მაქვს გეგმა და კონკრეტული პროექტის განხორციელება მსურს, რომლის ვადები ძალიან შემჭიდროებულია. შესაბამისად, ამ დროზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული... კიდევ ერთხელ ვამბობ - რომან ფიფია მაქსიმალურად გვერდში მიდგას.

- გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, გაძლიერდება თუ არა "დინამო", დაიმატებთ თუ არა ახალ   ფეხბურთელებს. ვიცით, რომ ვიქტორ მონხილი უკვე დინამოელია, ასევე, როდნი კლოოსტერი. განიხილება თუ არა ხოსე პერალესის დაბრუნება? ასევე, პოტენციურ ახალწვეულთა შორის ასახელებენ დავით სხირტლაძეს, ბაჩანა არაბულს, გიორგი ბერიძეს... არის თუ არა რომელიმე ამ ფეხბურთელით დაინტერესებული "დინამო" და ხომ არ განიხილება სხვა კანდიდატურები? თუნდაც ქართველი ან უცხოელი?

- მოგეხსენებათ, ახლა არცთუ ისე მარტივი დროა, თუნდაც ტრანსფერების განხორციელების მხრივ. ამ ვირუსმა, რომელიც მსოფლიოს მოედო, ფეხბურთშიც შეიტანა ცვლილებები. თუნდაც აღმოსავლეთევროპული ქვეყნებიდან ფეხბურთელის დამატებაში ხელს ის გვიშლის, რომ ბევრ ქვეყანაში ფეხბურთი ხუთი თვეა, გაჩერებულია. ჩვენ ძალიან მჭიდრო კალენდარი გვაქვს. მოგვიწევს, ჩამოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი არ ექნება ნათამაშები. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, როდის შევა ფორმაში. ასეთ შემჭიდროებულ გრაფიკში კი ეს რთულია. ამ დროისთვის მე ყველანაირ ნდობას ვუცხადებ იმ იმ გუნდს, რომელიც დამხვდა, მით უმეტეს, უმეტესობას ვიცნობ და მათთან მიმუშავია, შესაბამისად, ვიცი, რა შეუძლიათ...

 

ერთი სიტყვით, ეჭვი არ მეპარება მათ ოსტატობასა და კლასში. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ამ გუნდით თანდათან მივუახლოვდეთ მიზნებს... ახლა რაც შეეხება  თქვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს... დიახ, მონხილი დავაბრუნეთ. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ასევე გვყავს ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. ფორვარდებზე  ჯერ ვერაფერს გეტყვით. გუნდში 22-23 ფეხბურთელია. არ გვავიწყდება ახალგაზრდული გუნდი - "დინამო 2", სადაც ასევე არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მათ ბოლომდე ვენდობი და ვიშრომებთ ამ ბიჭების საუკეთესოდ წარმოსაჩენად. რაც შეეხება პერალესს, მას უცხოურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. "დინამოს" კარს კარგი და გამოცდილი მეკარე იცავს. მე მისი მჯერა!..

- უკვე საკმაო დრო გავიდა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრიდან. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "დინამოს" მომავალი მეტოქის, უელსური "ქონაჰსის" შესახებ?

- ევროთასებზე ასპარეზობა განსაკუთრებული ემოცია და მოვლენაა. შეიძლება ითქვას, ეს დღეები კალენდარში წითლად გვაქვს შემოხაზული. ყოველთვის, როცა არის მეტოქეზე კითხვა, მე ერთადერთი პასუხი მაქვს - არ არსებობს სუსტი მეტოქე ევროთასებზე. ყველა ის კლუბი, რომელიც გასულია ევროთასებზე, წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, იცავს იმ კლუბის ლოგოს, რომელსაც წარმოადგენს. შესაბამისად, აქ არავინაა სტატისტი. დღევანდელ ფეხბურთში ყველა მეტოქე უნდა დააფასო. მე მჯერა, ჩვენი მეტოქეც ბოლომდე გვაფასებს. ასე რომ, ურთულესი მატჩის მოლოდინში ვართ. არ აქვს მნიშვნელობა იმ გუნდის სახელს, რომელსაც ეთამაშები. ყველა ფეხბურთელი

მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რადგან მათ უნდა ახსოვდეთ, რომ თამაშობენ დიდი კლუბის სახელით, რომელსაც წარმოადგენენ. აქვე არის ბევრი მენტალური მომენტი, ფიზიკური კონდიციები და სხვა. მოკლედ, ჯაჭვის არაერთი რგოლია და აქ ყველა რგოლმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს! როცა არის ერთობლიობა, აქედან გამომდინარე ვიღებთ შედეგს. მე მჯერა ჩემი გუნდის. თუ ყველა თამაშს მივუდგებით მაქსიმალური თავდადებით, დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება.

- თავის დროზე, ფეხბურთელის რანგში, სწორედ უელსური "ლანელის" წინააღმდეგ ითამაშეთ პირველად "დინამოში". მაშინ "დინამო" გასვლაზე 1:2 დამარცხდა, თუმცა საპასუხო მატჩი 5:0 მოიგო და თქვენ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულეთ. ძნელია უელსში თამაში?

- მახსოვს ეს თამაშები და მახსოვს ის გარემოც, რომელიც აქ საშინაო მატჩისას დაგვხვდა - დიდი გულშემატკივრობა ტრიბუნებზე! შინ ვთამაშობთ თუ გასვლაზე, ეს არ უნდა იყოს არასასურველი შედეგის გამართლების საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა, უელსში მიდიხარ სათამაშოდ თუ ჰოლანდიაში, თავი ბოლომდე უნდა წარმოაჩინო და შედეგიც იქნება. რა თქმა უნდა, შინ თამაში ყოველთვის სასურველია, მაგრამ არსებობს წილისყრა და რომელ ქალაქში თამაშიც მოგვიწევს, ვალდებული ვართ, ამის მიხედვით ვიმოქმედოთ. ერთ მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი - თავდადებასთან ერთად, ყველამ უნდა ისიამოვნოს ამ დიდ კლუბში ყოფნით.

 

- იმ შემთხვევაში, თუ "დინამო"  "ქონაჰსის" ბარიერს გადალახავს,  ფარერების ჩემპიონ "კლაკსვიკს" დაუპირისპირდება. ალბათ, ამაზე იღბლიანი წილისყრის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ეს თქვენთვის და "დინამოსთვის დამატებითი წნეხი ხომ არ არის?

- ამჯერად, მე ვერ ვილაპარაკებ მესამე ეტაპის მეტოქეზე, იმ თამაშზე ფიქრის დროც არ მაქვს, რადგან წინ არის უმნიშვნელოვანესი მატჩები - ჯერ ბათუმის "დინამოსთან", მერე კი ევროპალიგის მეორე ეტაპი უელსში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ სასურველი შედეგით დავასრულოთ ეს ორი მატჩი. თუ უელსურ ბარიერს გადავლახავთ, მერე მექნება დრო ფარერების გუნდზე ფიქრისთვის. რაც შეეხება წნეხს, დამიჯერეთ, წნეხი ყოველთვის არის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მეტოქეს ვეთამაშებით და არ არსებობს წნეხის მაქსიმალური ან მინიმალური ზღვარი.

- საქართველოს ჩემპიონატზეც გკითხავთ. როგორ შეაფასებთ ჩვენს პირველობაზე არსებულ ვითარებას?

- დადებითად შევაფასებ. ისევ კოვიდინფექციას რომ მივუბრუნდეთ, ბევრ ქვეყანაში შეწყდა სეზონი ისე, რომ აღარც განახლებულა. საქართველოში კარგად გადალახეს ეს ეტაპი. ერთი ის იყო, რომ ეროვნული ლიგა, ოთხის ნაცვლად, ორ წრედ ტარდება. ჩვენ ამ მდგომარეობაში ვერაფერს შევცვლით და ვემორჩილებით წესებს. ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს. ოთხი გუნდია, რომელსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა ქულა აშორებს. რეგულაციები სწორადაა გატარებული.

- თქვენი სამწვრთნელო შტაბი უკვე ფორმირებულია თუ კიდევ დაემატება ვინმე?

- გუნდი უკვე საბოლოოდ შეივსო. ჩემთან ერთად არიან ესპანეთიდან ჩამოსული მწვრთნელები - ერთი ასისტენტი და ერთიც ფიზმომზადების სპეციალისტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გვერდში მიდგას ზაურ სვანაძე - უდიდესი გამოცდილებითა და ცოდნით. ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით. ასევე, მეკარეების მწვრთნელი გელა ჭანტურია, რომელიც წლებია, თავის საქმეს ემსახურება. ასევე, ახალგაზრდა ოთო გაგნიძე და დავით გელაშვილი. მე მჯერა ჩემი სტაფის და, ზოგადად, გუნდის. ყველანი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან. ბევრ კლუბში მინახავს, ვინ როგორ შრომობს და შემიძლია ვთქვა, რომ აქ მაღალი დონის პროფესიონალები არიან.

- საინტერესოა, იმ დროის განმავლობაში, რაც "დინამოში" არ იყავით, რა ადგილი ეჭირა თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთს. ყველაზე ხშირად რითი იყავით დაკავებული?

- ერთი, რომ პროფესიული კუთხით ვაგრძელებდი სწავლას, და მეორე - ოჯახი, რომელსაც მთელი წელი საქართველოში ყოფნის გამო მონატრებული ვიყავი. როცა მაქვს დრო, ვცდილობ, ის მაქსიმალურად ოჯახთან, შვილებთან ერთად გავატარო.

 

- დაბოლოს, თქვენი მწვრთნელობისას თუ უნდა ველოდოთ გუნდში ისეთი ფეხბურთელის გამოჩენას (ალბათ, უფრო ლეგიონერის), რომელიც "დინამოსათვის" გახდება იგივე, რაც თავის დროზე იყო... ჩისკო? ნუთუ, თუნდაც ძლიერი ფეხბურთელებით მდიდარ ესპანურ ბაზარზე არ შეიძლება მოინახოს  ასეთი მოთამაშე?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემი ასეთი შეფასებისთვის!.. რაც შეეხება დამატებას, ყოველთვის არის შანსი, რომ გუნდი გაძლიერდეს. როცა "დინამოში" ვთამაშობდი, გარშემო მყავდნენ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები. ზუსტად ასევე მჯერა იმ მოთამაშეების, რომლებიც დღეს გუნდში არიან. რა იქნება მომავალში, ამას ვერ გეტყვით. კლუბში არის ხალხი, ვინც ამას გეგმავს, ვინც ამაზე ზრუნავს... ჩვენი მიზანია, იმ ფეხბურთელებისგან მივიღოთ მაქსიმუმი, რომლებიც დღეს გუნდში არინ. ასევე დავამატებ, რომ "დინამოს" აკადემია, რომლისგანაც ჩვენ ვიღებთ მაღალი დონის შევსებას, უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს. იქ პროფესიონალები საქმიანობენ და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აკადემიიდან ყოველ წელს მოდიან ფეხბურთელები, რომლებიც პირველ გუნდში იკავებენ ადგილს. ეს არ არის ადვილი და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის!..

 

https://bit.ly/3ifPaTr

გაზეთი ლელო 07.09.20

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021