• Geo
  • Eng
26.08.2020
რომან ფიფია: ფეხბურთელებს ესმით, რომ ის წყენა, რაც მარცხით მიაყენეს გულშემატკივარს, მათივე გამოსასყიდია!..

ქართველ გულშემატკივარს ძალიან აღელვებს თბილისის "დინამოში" განვითარებული მოვლენები. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტირანასთან" დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა.

ამ მარცხს სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა - კახა ჩხეტიანმა გუნდი დატოვა და "დინამოს" ახლა ჩისკო მუნიოსი გაწვრთნის, ვინც ცოტა ხნის წინ უკვე ხელმძღვანელობდა "დინამოს" და ჩემპიონობაც მოაპოვებინა.

ცხადია, გუნდში საკადრო კუთხითაც არის სიახლეები... მოკლედ, დაგროვდა კითხვები და ამიტომაც ვთხოვეთ ინტერვიუ "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას. ვფიქრობთ, საინტერესო საუბარი გამოვიდა...

- ბატონო რომან, მტკივნეული თემით დავიწყოთ: როგორ შეაფასებდით "ტირანასთან" თბილისურ მატჩს? რა იყო "დინამოს" მარცხის მთავარი მიზეზი?

- გუნდის მთავარი მწვრთნელი გათავისუფლდა. "დინამოში" ჩემი ყოფნის პერიოდში "აქტობეს" შემდეგ ეს იყო ყველაზე მტკივნეული მარცხი. ყველას გვაქვს კლუბში ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ყველა რგოლი, და პირველ რიგში ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობის მინიმუმიც კი ვერ აჩვენეს, გრძნობენ ამ ყველაფერს. ჩვენთვის ევროასპარეზი ჯერ კიდევ გრძელდება, გადავერთეთ ევროპალიგაზე, ფეხბურთელები აცნობიერებენ არსებულ ვითარებას და იმედი მაქვს, შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოაჩენენ.

- ცნობილია, რომ "დინამოს" ჩისკო მუნიოსი გაწვრთნის. რით ხელმძღვანელობდით, როცა არჩევანი ესპანელ სპეციალისტზე შეაჩერეთ და განიხილეთ თუ არა სხვა ვარიანტები?

- დიახ, განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც. გვქონდა გიორგი ნემსაძესთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა მისი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე, ეს საქმე ვერ გამოვიდოდა. საუბარი გვქონდა ასევე ლევან კორღალიძესთან, საკმაოდ ნიჭიერ და პერსპექტიულ მწვრთნელთან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩისკოზე შევაჩერეთ. მან დღეისთვის ყველაზე კარგად იცის ეს გუნდი, იცის მისი შესაძლებლობები თავისი პლუსებით და მინუსებით.

თავის დროზე, როცა ჩისკომ "დინამო" დატოვა, თქვენ განაცხადეთ, რომ ამის მთავარი მიზეზი იყო შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის არქონა. ახლა მოგვარებულია ეს პრობლემა?

- გეთანხმებით მას არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დებულების შესაბამისად, ჩისკო ჩემპიონატის ბოლომდე ოფიციალურად იქნება მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი უეფას პროკატეგორიას აიღებს და სტატუსიც შეეცვლება.

- ჩისკოს სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა როგორი იქნება?

- მასთან ერთად იქნება ფიზმომზადების მწვრთნელი ხორდი აბელა, მწვრთნელი ზაურ სვანაძე, მეკარეთა მწვრთნელი გია ჭანტურია, მწვრთნელი ოთარ გაგნიძე და ანალიტიკოსი დავით გელაშვილი.

- უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს "დინამოს" ხელმძღვანელ რგოლში?

- არა.

- "დინამოს" გაძლიერება ხომ არ იგეგმება, ან ერთგვარი "საკადრო წმენდა", რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ ქართულ საფეხბურთო კულუარებში?

- გაძლიერება შესაძლებელია. რაც შეეხება "საკადრო წმენდას", ეს ხმამაღალი ნათქვამია. მე მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, მაგრამ უმჯობესია, გადაწყვეტილება თავად ჩისკომ მიიღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე.

- "დინამო" ევროპალიგაზე აგრძელებს ასპარეზობას. რა მიზანს უსახავთ გუნდს ევროპალიგაში, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებით?

- მიზანს რაც შეეხება, ჩემს გუნდს მწვრთნელის წასვლის შემდეგ განვუცხადე, რომ მიზანი არ იცვლება, ყველაფერი დამოკიდებულია მათ თავდადებაზე. ფეხბურთელებს ესმით, რომ ის წყენა რაც მარცხით მიაყენეს გულშემატკივარს, მათივე გამოსასწორებელია.

- სულ მალე თბილისის "დინამოს" საქართველოს ჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის უშუალო კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან". ზოგადად, როცა "დინამოს" ეხება საქმე, ჩემპიონობის გარდა, სხვა მიზანზე საუბარი უადგილოა, მაგრამ კითხვა ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დაგისვათ - მიზანი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობაა?

- ზოგადად "დინამო" მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის, შესაბამისად - საქართველოს ჩემპიონობის მოსაპოვებლადაც. იმედი მაქვს ჩისკოსი, რომ გუნდს მობილიზაციას და საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს.

- ნიკა ნინუა პაოკ-ში გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი - "ვოლფსბერგერში". ფაქტია, "დინამოდან" ტრანსფერით წასული ფეხბურთელები არასოდეს მიდიან მეორეხარისხოვან გუნდებსა და ჩემპიონატებში...

-  ეს ჩვენი მიდგომა და პრესტიჟიცაა. მაგალითად, ნიკა ნინუას არაერთი მსურველი ჰყავდა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მასთან დაკავშირებით არაერთი შეთავაზება მივიღეთ. საბოლოოდ, ნიკა საბერძნეთის ჩემპიონ გუნდში აგრძელებს კარიერას. იგივე ლოჩოშვილი - მისი დამატებაც რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა ჩვენც და თავად ლუკამაც ავსტრიული ვარიანტი არჩია.

- რა თქმა უნდა, "დინამოს" აკადემიაზეც უნდა გკითხოთ. რამდენად ხართ კმაყოფილი მისი განვითარების ამჟამინდელი ტემპით? ვიცით, კორონავირუსის გამო არაერთი სასიკეთო წამოწყება შეჩერდა, მათ შორის, ვერ შედგა ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი. ალბათ, ის გაისად უსათუოდ გაიმართება...

- თუ ხელისშემშლელი არაფერი იქნა, დარასელიას თასი აუცილებლად გაიმართება. ეს ტურნირი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფეხბურთელების ზრდის პროცესში. არაერთი ევროპული გრანდი სტუმრობდა უკვე თბილისს და მომავალშიც მრავლად ესტუმრებიან. აკადემია სტაბილური ტემპით ვითარდება და ყოველ წელს პირველ გუნდს ფეხბურთელებით აძლიერებს. კიდევ ერთი რგოლი დაემატა ჩვენს აკადემიას - ეს არის "დინამო 2", გუნდი, რომელიც, ფაქტობრივად, 19 წლამდელებსა და პირველ გუნდს შორის ხიდის ფუნქციას შეასრულებს.

- საქართველოს ნაკრების კარსმომდგარ მატჩებზეც უნდა გკითხოთ, მეტადრე, ბელარუსთან 8 ოქტომბრის მატჩზე. როგორი განწყობით ეგებებით ამ თამაშს?

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი პერიოდი უდგას. ბელარუსთან და შემდეგ ფინალშიც - აუცილებლად მოსაგები მატჩებია. ეს გამარჯვება ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება და დარწმუნებული ვარ "ჯვაროსნები" ასე ნანატრ წარმატებას მოიპოვებენ. აგერ, ეროვნულ ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი გიორგი კუცია მიიწვიეს. ასევე არაერთი ისეთი ფეხბურთელია გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც "დინამოს აკადემია" აქვს გამოვლილი, ან თუნდაც ჩვენი პირველი გუნდის ფორმა სცმიათ. ეს ყველაფერი წარმატების იმედთან ერთად, სიამაყის გრძნობით მავსებს.

 

https://bit.ly/3aWHHpz

26.08.2020

გაზეთი ლელო

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021