• Geo
  • Eng
19.05.2020
მიხეილ ჯიშკარიანი: გაგრის «დინამოდან» თბილისის და კიევის «დინამოში»

ფეხბურთის გულშემატკივრების და სპეციალისტების მეხსიერებაში მიხეილ ჯიშკარიანი დარჩა როგორც ტექნიკური და გამორჩეული ფორვარდი, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა თავისი გუნდის ქომაგებს. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში მან ითამაშა თბილისის დინამოელთა რიგებში სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, 1990-1992 წწ კი სოხუმის „ცხუმის“ შემადგენლობაში შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში,მოგვიანებით ცოტა ხანი გერმანიაში თამაშობდა, იყო მიწვეული დორტმუნდის „ბორუსიაში“, ერთი სეზონი (1994) გამოდიოდა სახელგანთქმულ კიევის „დინამოში“, შემდეგ თამაშობდა რუსეთისა და საქართველოს კლუბებში, რამდენჯერმე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ბოლო წლებში მ.ჯიშკარიანი თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის მრჩეველია.
-მიშა, 50 წლის გახდით, თუმცა თავი შეიკავეთ იუბილეს აღნიშვნაზე.
-ახლა იუბილეების დრო არ არის (იცინის). დაბადების დღეს , რასაკვირველია, გახსენდება არამარტო მთელი შენი ცხოვრება, არამედ თავისებურ ანგარიშს აბარებ საკუთარ თავს, თუ როგორ იცხოვრე. ჩემმა ბავშვობამ სოხუმსა და ბიჭვინთაში განვლო. დავიბადე 1969 წლის 1 ნოემბერს სოხუმში, ფეხბურთის თამაში დავიწყე ბიჭვინთაში: სამი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემი დიმიტრი სოხუმიდან ბიჭვინთაში სამუშაოდ გადაიყვანეს- მუშაობდა ბიჭვინთის „კურორტორგის“ დირექტორად კვების საკითხებში. ჩვენ გვქონდა სახლი სოხუმში, სოხუმში ცხოვრობდნენ აგრეთვე ნათესავები დედის და მამის მხრიდან, მე კი პატარა ასაკიდან მშობლებთან ერთად ბიჭვინთაში ვცხოვრობდი-იქ დავდიოდი ბაღში, სკოლაში, იქვე დავიწყე ფეხბურთის თამაში. საინტერესო ბავშვობა მქონდა – ზღვა, პლიაჟი, ეზოში ფეხბურთის თამაში. 8 წლის ასაკში ჩემი თამაში შენიშნა მეზობელმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ზურაბ რაზმაძემ. სწორედ მან ურჩია მშობლებს ბიჭვინთის საფეხბურთო სექციაში შევეყვანე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გოგი იაშვილი-კარგი სპეციალისტი, პედაგოგი, ყურადღებიანი კაცი, ბიჭვინთის პირველი საშუალო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი. ჩვენი გუნდი მონაწილეობდა ბავშვთა ტურნირებში გაგრაში, სოხუმში, სოჭში. 12 წლის ასაკში, როგორც პერსპექტიული ფეხბურთელი გადამიყვანეს გაგრაში-«ბავშვთა და მოზარდთა სპორტსკოლაში»(«ДЮСШ» ), რომლის დირექტორი იყო თბილისის „დინამოსა“ და სსრკ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 1966 წ. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გიორგი სიჭინავა. გაგრის ზემოაღნიშნულ ბავშვთა გუნდში თამაშობდნენ გია ბაბუაძე, ასტამურ სიჭინავა, გიორგი გოგიაშვილი, ვალერი იაკოვლევი, ჩვენი მწვრთნელი იყო ვიტალი ჟიმანოვი, ჩვენ მოვიგეთ ლეგენდარული ფეხბურთელის შოთა იამანიძის (1937-1971) სახელობის და სხვა ტურნირები.
-მალე თქვენ გაგრის“დინამოში“ მოხვდით?
– ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი, როცა გაგრის „დინამოს“ მწვრთნელმა ომარ წოწორიამ მიმიწვია ამ გუნდში, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. გაგრის გუნდში მივიღე საჭირო გამოცდილება, გაგრის „დინამოში“ თამაშობდნენ ნიჭიერი ი ფეხბურთელები-გიორგი კვარაცხელია, რობერტ ბოსტანჯიანი, მერაბ მოსიავა, არუთუნ რაგანიანი, ჯეირან ქოჩქიანი, გენადი ბონდარუკი, ანდრეი ჩეკუნოვი, ვლადიმერ ტესლენკო, თუ ვინმე გამომრჩა, მაპატიოს(იცინის). მალე ჩემით დაინტერესდნენ სსრკ ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები, რომლებიც იმ დროს ჩამოდიოდნენ გაგრასა და ლესელიძეში საკონტროლი თამაშების ჩასატარებლად ( მათ შორის გაგრის „დინამოსთან“) სეზონის წინ ან ბოლოს. 1986 წლის ბოლოს, როცა 17 წლის ვიყავი, გაგრის „დინამომ“ამხანაგური მატჩი ჩაატარა ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდულ გუნდთან. მატჩის შემდეგ ტორპედოელთა მთავარმა მწვრთნელმა, თბილისის „დინამოსა“ და სსრკ ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გივი ნოდიამ(1948-2005) „ტორპედოში“ მიმიწვია. სკოლა არ მქონდა დასრულებული, ბოლო, მეათე კლასში ვიყავი, 1987 წლის იანვარში უნდა გადავსულიყავი ქუთაისში „ტორპედოში“, მაგრამ აღვმოჩნდი თბილისის „დინამოში“, რადგან გ. ნოდია 1987 წ. დასაწყისში თბილისის „დინამოს“ მეორე მწვრთნელად დაინიშნა. თბილისში ჩასვლისთანავე ბატონმა გივიმ თბილისის „დინამოში“ მიმიწვია. საქართველოს მთავარ გუნდში ჩემ გადასვლაში დიდი როლი ითამაშა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კახი ასათიანმა(1947-2002) , რომელიც 1987 წლის იანვრიდან აგვისტომდე დედაქალაქის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, გ. ნოდია კი – მეორე მწვრთნელი. ასათიანი და ნოდია თბილად, როგორც შვილს ისე მექცეოდნენ, რაც მამხნევებდა და ძალას მმატებდა. 1987 წლის ივნისში დავამთავრე მეათე კლასი თბილისის მეასე საშუალო სკოლაში.
1987 წელს თბილისის „დინამოს“ ძირითადში დაიწყო თამაში თემურ ქეცბაიამ, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. როცა თბილისის “დინამოში“ (1987) მოვხვდი, იმ დროს გუნდში თამაშობდნენ ალექსანდრე ჩივაძე,რამაზ შენგელია, თენგიზ სულაქველიძე, ოთარ გაბელია, რეზო ჩელებაძე,ზაურ სვანაძე, გია გურული,ახრიკ ცვეიბა,გელა კეტაშვილი,სოსო ჭედია და კიდევ ვინ ჩამოგითვალოთ. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდში დებიუტანტებს ძალიან თბილად ექცეოდნენ, რაც გვაძლევდა საშუალებას სწრაფად გაგვევლო ადაპტაცია . თბილისის „დინამოში“ დიდი კონკურენცია იყო, ამიტომ დებიუტანტების უმეტესობას დასაწყისში დუბლშემადგენლობაში უხდებოდა თამაში- სსრკ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლების ჩემპიონატში, რომელიც საინტერესო და საკმაოდ მაღალი დონის იყო: დუბლების გუნდებში ახალგაზრდების მხარდამხარ ხშირად გამოცდილი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, რომლებიც იმ მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხვდებოდნენ ძირითში. თბილისის „დინამოს“ დუბლების საშინაო მატჩებს იმ დროს საშუალოდ 7-10 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, დაახლოებით ამდენი მაყურებელი იყო ჩვენი დუბლების გასვლით მატჩებზე კიევში, მოსკოვში, მინსკში.
-მახსოვს, 1987 წელს თქვენ წარმატებით ითამაშეთ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში და სსრკ დინამოელთა გუნდების ნაკრებში.
-კარგად გცოდნიათ ჩემი გზა ფეხბურთში(იცინის). 1987 წელს თბილისის „დინამოს“ დუბლებში ვთამაშობდი, იმავე წელს მე და ომარ თეთრაძე მიგვიწვიეს სსრკ „დინამოს“ გუნდების ნაკრებში, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო წარსულში მოსკოვის „დინამოსა“ და სსრკ ნაკრების ფეხბურთელი ალექსანდრე მაქსიმენკოვი (1952-2012). იმ ნაკრების შემადგენლობაში მე და თეთრაძემ რამდენიმე საერთაშორისო მატჩი და ტურნირი ვითამაშეთ. იმავე წელს წარმატებით ვითამაშე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ნემსაძე,დავით ყიზილაშვილი, გოგა ხურცილავა, ანდრო გიურჯიევი ( ნინიადისი), გიორგი მაქასარიშვილი,მიხეილ კალატოზიშვილი და სხვები.ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იყვნენ შოთა ჭეიშვილი და ნოდარ აკობია, რომლებიც იყვნენ თბილისის „დინამოს“ დუბლების მწვრთნელები. საქართველოს ნაკრებმა საარბრიუკენში(გფრ ) სერიოზული საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ფინალში ჩვენ დავამარცხეთ ჩეხოსლოვაკია- იმ დროს ევროპაში ერთერთი უძლიერესი ნაკრები.
-თქვენი დებიუტი თბილისის „დინამოს“ ძირითადში 1988 წ.გაზაფხულში შედგა.
-1987 წლის აგვისტოში დინამოელთა მთავარი მწვრთნელად დანიშნეს გერმან ზონინი, გუნდის უფროსი კი იყო ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი, რომელმაც 1986 წელს ტრავმების გამო შეწყვიტა ფეხბურთელის კარიერა. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ვოვა გუცაევმა როგორც დინამოს გუნდის უფროსმა აიღო შეფობა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელზე, მათ შორის თემურ ქეცბაიასა და ჩემზე. ბატონმა ვოვამ ბევრი მასწავლა მე, როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს, მისი დამსახურებაა, რომ 1987-1988 წწ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა დინამოელთა ძირითადში. 1987 წლის შემოდგომაზე დინამოელები კარგად გამოვიდნენ უეფას თასზე- დაამარცხეს სოფიის „ლოკომოტივი“ (1:3,3:0 ), ბუქარესტის „ვიქტორია“(2:1,0:0) და ჰქონდათ რეალური შანსი დაემარცხებინათ იმ დროს საკმაოდ ძლიერი ბრემენის „ვერდერი“ (1:2 и 1:1).
ჩემი დებიუტი თბილისის „დინამოს“ ძირითადში 1988 წლის 23 აპრილს შედგა – 18 წლის ვიყავი, როცა ბაქოში ვითამაშე სსრკ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩი ადგილობრივ „ნეფთჩთან“(0:1 წავაგეთ). თბილისში კი პირველი მატჩი დინამოელთა ძირითადში ჩემპიონატის მატჩი 30 აპრილს ჩავატარე დონეცკის „შახტიორთან“(ჩვენ მოვიგეთ 2:0, ბურთები გურულმა და შენგელიამ გაიტანეს). 1988 წელს კიდევ რამდენჯერმე ვითამაშე დინამოელთა ძირითადში ჩემპიონატის და სსრკ თასის მატჩებზე. ჩემი წონა იყო 63 კგ (სიმაღლე 176 სმ) , მეტოქეთა ფიზიკურად ძლიერი მცველები (მათი უმრავლესობის სიმაღლე იყო 185-190 სმ,წონა 83- 88კგ) არ მინდობდნენ (იცინის), ვცდილობდი ჩემი ტექნიკისა და სიჩქარის ხარჯზე მათთან შეტაკებას ავრიდებოდი, თუმცა ყოველთვის არ გამომდიოდა, მეტოქე გუნდის ზოგი მცველი პირდაპირ უხეშობაზე გადმოდიოდა -შედეგად ტრავმები.
– ამის გამო თქვენ მოგიწიათ თბილისის „დინამოს“ დატოვება და გადასვლა ჯერ ბათუმის „დინამოში“, შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“
-1988 წლის ზაფხულში თბილისის „დინამოში“ თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მივიღე, რის გამოც წლის ბოლომდე ვერ შევძელი ვერც თამაში და ვერც ვარჯიში. 1989 წლის დასაწყისში დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა ფორმის აღსადგენად მირჩია გადასვლა ბათუმის „დინამოში“, რომელიც სსრკ ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა. ბათუმელთა რიგებში ჩავატარე რამდენიმე შეხვედრა, 1989 წ. ბოლოს კი მიმიწვიეს ლანჩხუთის „გურიაში“, რომელმაც 1989 წ. ბოლოს მოიპოვა უფლება 1990 წ. ეთამაშა უმაღლეს ლიგაში. “გურიას“ მთ. მწვრთნელი იმ დროს იყო კიევის „დინამოს“ და სსრკ ნაკრების ყოფილი მცველი მიხეილ ფომენკო, მან დამპატიჟა გუნდში, რომელიც ემზადებოდა სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგისთვის. „გურიას“ შემადგენლობაში 1990 წ. იანვარში ჩავატარე რამდენიმე საკონტროლო მატჩი ლესელიძეში(გაგრა).. 1990 წ. 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება სსრკ ჩემპიონატიდან საქართველოს გუნდების გამოსვლის და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. საქართველოს ჩემპიონატი სკ „სამტრედიაში“ დავიწყე, რომელიც 1989 წ. გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგაში, 1990 წ. კი საქართველოს უმაღლეს ლიგაში. 1990 წ. აპრილში სამტრედიელთა რიგებში ჩავატარე 5 მატჩი, 4 შეხვედრა მოვიგეთ. იმ დროს სამტრედიის გუნდში გამოდიოდნენ ნოდარ ჭელიძე, გივი ბაბუნიძე, იგორ შეპტიცკი, ძმები თვალაბეიშვილები. 1990 წ. მაისში სოხუმის „ცხუმის“ მთ. მწვრთნელმა, საქართველოს და სსრკ დამსახურებულმა მწვრთნელმა გიგა ნორაკიძემ (1930-1995) და კლუბის პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და საკავშირო კატეგორიის მსაჯმა, შემდეგ კი მენეჯერმა გურამ გაბესკირიამ ( 1947-1993) მიმიწვიეს „ცხუმში“-საქართველოს ერთერთი საუკეთესო გუნდში 1990-1992 წწ. „ცხუმის“ რიგებში თამაშობდნენ გამოცდილი ფეხბურთელები-გოჩა გოგრიჭიანი, სოსო მალანია, გელა ინალიშვილი, გიორგი დოჩია, გიორგი ჩიხრაძე, ზურაბ ფარულავა, დიმა პაპავა, გურგენ ბენიძე,გოჩა ჟორჟოლიანი, იურუ გაბესკირია,აშოტ კურგენიანი, 1991 წლიდან კი ფეხბურთის ვირტუოზი გრიგოლ ცაავა. მეც მინდოდა თამაში სოხუმის „ცხუმში“ – დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბიჭვინთა-გაგრაში, რასაკვირველია, სული და გულით მსურდა „ცხუმში“ თამაში, რომელიც იმ დროს საქართველოს ერთიანობის სიმბოლო იყო. 1990 და 1992 წ.„ცხუმი“ ორჯერ გავიდა საქართველოს ეროვნული თასის ფინალში, 1992 წ. მაისში კი ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. გუნდში იმ პერიოდში ზემოღნიშნული ფეხბურთელების გარდა თანაშობდნენ მელორ ბიგვავა, გიორგი გოგიაშვილი, ზურაბ მინდაძე, ახალგაზრდა ზურაბ ქვაჩახია, ძმები ზვიად და გიზო ჯელაძეები, გიგა გადელია.

-1991-1992 წწ სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარეს.
– დიახ, ეს სამი ჩემპიონატი (1990 წ., 1991 წ. გაზაფხულის მოკლე ჩემპიონატი და 1991-1992 წწ პირველობა) „ცხუმში“ იყო ერთერთი საუკეთესო ჩემს კარიერაში. იმ დროს საქართველოს ჩემპიონატის გუნდებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებით და ლეგიონერებით (ძირითადად ლიტვიდან და ბელარუსიდან ) იყვნენ დაკომპლექტებული. 1991-1992 წწ ჩემპიონატში მე 35 ბურთი გავიტანე და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის დავიკავე მეორე ადგილი ოთარ კორღალიძის („გურია“) შემდეგ-მას 40 ბურთი ჰქონდა გატანილი. სულ იმ სამ ჩემპიონატში( ორი სრული და ერთი მოკლე ჩემპიონატი) 110 მატჩში 74 გოლი გავიტანე(105 მატჩი «ცხუმში» -73 გოლი, 5 მატჩი «სამტრედიაში» -1 გოლი). სოხუმის „ცხუმმა“ 1991-92 წწ ჩემპიონატში,რომელიც 1992 წ. მაისში დასრულდა, მეორე ადგილი დაიკავა, ჩვენმა გუნდმა და საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ევროტურნირებში თამაშის უფლება მოიპოვა:საქართველო 1992 წ. გაზაფხულში ფიფას და უეფას წევრი გახდა, ივნისში უეფამ წინასწარ განაცხადში შეიყვანა „ცხუმი“ და „დინამო“, როგორც 1992-93 წწ ევროტურნირების მონაწილე გუნდები , მაგრამ 1992 წ. ივლისში უეფამ ევროტურნირებიდან ორივე ქართული გუნდი მოხსნა იმ მოტივით რომ “საქართველოში დაძაბული ვითარებაა”.
-1992 წლის გაზაფხულში სოხუმში იმყოფებოდნენ მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმომადგენლები, იმ დროს „ცხუმის“ პრეზიდენტმა გურამ გაბესკირიამ განაცხადა, რომ „ატლეტიკო“ მიშა ჯიჭკარიანს იწვევსო.
-ესპანელებმა სოხუმში ნახეს „ცხუმის“ რამდენიმე მატჩი, მათ შორის შეხვედრა ოზურგეთის „მერცხალთან“, რომელშიც 7 ბურთი გავიტანე. იმ დროს „ცხუმი“უეფას თასში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს არც ერთი ფეხბურთელი არსად გაეშვათ, სანამ გუნდი უეფას თასის საკვალიფიკაციო ტურნირში არ მიიღებდა მონაწილეობას. მერე კი უეფამ მიიღო ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილება საქართველოს გუნდების არ მონაწილეობაზე. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ომი. პირველ ხანებში “ცხუმი“ სოხუმში იმყოფებოდა და ჩემპიონატის მატჩებზე ვერტმფრენით მივდიოდით, 1992 წლის ოქტომბრიდან კი „ცხუმი“ წყალტუბოში განთავსდა და ასე გააგრძელა ჩემპიონატი.
-1993 წლის ზაფხულში თქვენ გერმანიაში აღმოჩნდით, თამაშობდით ვორმსის „ვორმატიაში“, წამიკითხავს პრესაში, რომ გიწვევდნენ დორტმუნდის „ბორუსიაში“.
– მე, მელორ ბიგვავა და ლევან ყიფიანი 1993 წლის აგვისტოდან იმ წლის ბოლომდე კლუბ „ვორმატიაში“ვთამაშობდით, გერმანელი სპეციალისტები და მაყურებლები კმაყოფილნი იყვნენ ჩვენი თამაშით. იმავე დროს დორტმუნდის „ბორუსიის“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ ჩემი თამაშით, მიმიწვიეს გუნდში. „ბორუსიას“ რიგებში ვითამაშე ერთი ამხანაგური მატჩი, ორი გოლი გავიტანე – ორივე დანიელი ფლემინგ პოულსენის ( 1992 წ.ევროპის ჩემპიონი) პასით(იხ.ფოტო). ჩემი გადასვლა „ბორუსიაში“ არ შედგა, რადგან „ბორუსიას“ და „ვორმატიას“ წარმომადგენლები და ჩემი მენეჯერები ვერ შეთანხმდნენ ტრანსფერის პირობებზე. ეს გულსატკენი იყო, რადგან „ბორუსიასაც“ უნდოდა ჩემი დატოვება გუნდში და მეც მინდოდა იქ თამაში. ამის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი.
-1994 წელს კიევის „დინამოში“ თამაშობდით?
– 1994 წლის იანვარში კიევის „დინამოში“ მიმიწვია მიხეილ ფომენკომ. რომელიც იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ის კარგად მიცნობდა –1989 წლის ბოლოს სწორედ მან მიმიწვია „გურიაში“, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. 1994 წლის იანვარში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშე კიევის „დინამოში“, თებერვალში დინამოელებთან ერთად გერმანიაში, რუიტში წავედი შეკრებაზე, თებერვალში გუნდს უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ყავდა (ფომენკოს მაგივრად იოჟეფ საბო დანიშნეს) . რუიტში კიდევ რამდენიმე მატჩი ვითამაშე გერმანულ კლუბებთან ,ამის შემდეგ იქვე რუიტში ხელი მოვაწერე სამწლიან კონტრაქტს კიევის „დინამოსთან“. ერთი წელი ვიყავი კიევის „დინამოში“ – უკრაინის ჩემპიონატში იმ წელს 21 მატჩი ვითამაშე, ორი შეხვედრა ვითამაშე ევროპის ჩემპიონთა ლიგაში-ორივეჯერ საფრანგეთის „პსჟ“ წინააღმდეგ- ორივეჯერ მეორე ტაიმში შემიყვანეს მოედანზე. კიევის „დინამოში“ იმ დროს ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ – ვიქტორ ლეონენკო, სერგეი რებროვი, ოლეგ ლუჟნი,სერგეი შმატოვალენკო,სერგეი სკაჩენკო და სხვები, მე მოვასწარი თამაში ანდრეი შევჩენკოსთან: 1994 წლის 8 ნოემბერს დონეცკში „შახტართან“ გასვლით მატჩში მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა ანდრეი შევჩენკო, ხვდებით ალბათ ვის მაგივრად – მან ჯიშკარიანი შეცვალა(იცინის) შეხვედრის 55 წუთზე, როცა კიეველები იგებდნენ ანგარიშით 2-1(მატჩი დასრულდა დინამოელთა გამარჯვებით 3-1). მე თბილად მახსენდება კიევში თამაშისა და ცხოვრების დრო, მადლობელი ვარ „დინამოს“ იმდროინდელი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და კლუბის პრეზიდენტის გრიგორი სურკისის, რამდენიმე ფეხბურთელთან ახლაც ვმეგობრობ. 1994 წლის ბოლოს მე კვლავ მიმიწვიეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მწვრთნელი იყო ლეგენდრული ა.ჩივაძე. 1994 წლის დეკემბერში ვითამაშე საქართველოს ნაკრებში გასვლით მატჩში ტირანაში, 1-0 მოვუგეთ ალბანეთს. 1995 წლის დასაწყისში მიმიწვიეს კიევის გუნდ „ცსკა- ბორისფენ“-ში, რომელიც გამოდიოდა უკრაინის უმაღლეს ლიგაში და რომლის მწვრთნელი იყო მ. ფომენკო.
– არ ნანობდით, რომ წახვედით კიევის „დინამოდან“?
– იმ დროს კიევის „დინამოში“ იყო ძალიან ძლიერი კონკურენცია შეტევის ხაზზე- წარმოიდგინეთ,გუნდში იყვნენ უკრაინის ნაკრების ფორვარდები ლეონენკო, რებროვი, შევჩენკო, პრეზეტკო, სკაჩენკო. მე კი მინდოდა უფრო ხშირი თამაში ძირიათადში, ამიტომ ასეთი ძლიერი კონკურენციის პირობებში გადავწყვიტე გადასვლა „ცსკა-ბორისფენში“, სადაც ვითამაშე რამდენიმე თვე. შემდეგ კი ცნობილი მწვრთნელის ვალერი ჩეტვერიკის მოწვევით მე და კიევის „დინამოს“ ორი ყოფილი ფეხბურთელი (ანდრეი ალექსანენკო და ანდრეი ზავიალოვი) გადავედით კლუბ „კამაზ-ჩელნიში“, რომელიც რუსეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა . ჩეტვერიკი მე მენდობოდა, სულ ძირითადში მაყენებდა, „კამაზმა“ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპის ინტერტოტოს თასზე ითამაშა, სხვათა შორის სტუმრად „მიუნხენ 1860“ დავამარცხეთ. მოგვიანებით „კამაზში“ ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ჩეტვერიკი.  1998 წლის ბოლოს სარატოვის „სოკოლში“ აღმოვჩნდი – 20 გატანილი ბურთით 1999 წლის პირველი ლიგის ბომბარდირების სიაში მეორე ადგილი დავიკავე. მაშინ „სოკოლის“ პრეზიდენტი რომან ფიფია იყო (იგი 2010 წლის დეკემბრიდან თბილისის „დინამოს“ მფლობელი და პრეზიდენტია), სწორედ მისი მიწვევით მოვხვდი „სოკოლში“. იმ პერიოდში ხშირი ტრმვები მქონდა, მცველები არ მინდობდნენ არც უკრაინაში, არც რუსეთში და არც სხვა ქვეყნებში – როცა ოსტატობა აღარ ყოფნიდათ დაუნდობლად მირტყამდნენ ფეხებში და ბოდიშსაც არ იხდიდნენ (იღიმის). 2000 წელს „სოკოლიდან“ წამოვედი, დავბრუნდი საქართველოში, რევაზ ძოძუაშვილის მიწვევით ერთი შეხვედრა ვითამაშე თბილისის „ლოკომოტივში“ საქართველოს თასის ფინალში და ქვეყნის თასის მფლობელი გავხდი. შემდეგ ბორის იგნატიევის მიწვევით გადავედი „ტორპედო-ზილში“, იქ 2000 წელს ცხრა ოფიციალური შეხვედრა ვითამაშე და ორი ბურთი გავიტანე. იგნატიევი 1980-იანი წლების ბოლოდან მიცნობდა, როცა სსრკ დინამოელების ნაკრებში ვთამაშობდი. მენდობოდა და ეს სასიამოვნო იყო, მაგრამ ტრამვებმა თავი იჩინეს და სტაბილურად თამაშს ვეღარ ვახერხებდი. 2003 წელს ვითამაშე უფის „ნეფტიანიკში“. ახალმა ტრამვებმა 33 წლის ასაკში მაიძულა ფეხბურთელის კარიერა შემეწყვიტა. 2004-2008 წწ „ამერის“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩიხრაძისა და კლუბის პრეზიდენტის ზურაბ ფოცხვერიას მიწვევით „ამერის“ მეორე მწვრთნელად ვიმუშავე. ამ გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია – ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი, არც თუ ცუდად ითამაშა ევროტურნირებზე, საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილიც მოიპოვა. უნდა აღვნიშნო გ.ჩიხრაძის, როგორც მწვრთნელის წარმატებული მუშაობა და ზ. ფოცხვერიას დიდებული მენეჯმენტი, რომელიც სამწვრთნელო შტაბის მუშაობაში არანაირად არ იჭრებოდა, პირიქით – წარმატების მიღწევისთვის ყველა პირობას გვიქმნიდა.
2012 წლიდან დღემდე ვარ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველი, რომელმაც ბევრი გააკეთა გუნდის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, შექმნა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია. ძალიან მინდა და ვიმედოვნებ, უახლოეს წლებში თბილისის „დინამო“ მოახერხებს ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას. ეს არ არის იოლი საქმე, არის მრავალი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოახერხა თბილისის „დინამომ“ უკანასკნელ წლებში ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. გულწრფელად მჯერა, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახერხებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. 26 მარტს საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩი უნდა ეთამაშა, გამარჯვების შემთხვევაში 31 მარტს თბილისში უნდა დაპირისპირებოდა მაკედონია-კოსოვოს დუელის გამარჯვებულს. პანდემიის გამო ეს და სხვა საფეხბურთო მატჩებიდა ტურნირები გადაიდო, მაგრამ მოვა ამ თამაშების ჩატარების დრო და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მაქსიმალურს გაიღებენ და ევროპის ჩემპიონატის (2020) საფინალო ნაწილში გასვლით გაახარებენ ქომაგებს, რომელიც 2021 წელს გაიმართება. მჯერა, სოხუმსა და გაგრაში მშვიდობიანი დაბრუნების დღეც დადგება, მოვა დრო საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების თამაშები სოხუმში ჩატარდება.

 

თენგიზ პაჭკორია  19.05.2020

https://tinyurl.com/ybb7b2uo

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024