• Geo
  • Eng
12.03.2020
ივან ტრუბოჩკინი: ეს თბილისის დინამოა და სხვანაირად ვერც იქნება!..

ახლაც და მომავალშიც ვეცდებით, ახლოს გაგაცნოთ საქართველოში მოთამაშე ლეგიონერები - ვინ არიან, საიდან მოდიან, რას ფიქრობენ საქართველოზე...

დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს თბილისის "დინამოს" მცველ ივან ტრუბოჩკინთან. 26 წლის უკრაინელი კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. სხვადასხვა დროს თამაშობდა იმავე კიევის "დინამოსა" და მის მეორე გუნდში. ასევე, "უმეაში" (შვედეთი), "კრუმაკჩიში", კიევის "არსენალში", "ჩერნომორეცსა" და დონეცკის "ოლიმპიკში"...

ტრუბოჩკინი სხვადასხვა დროს იცავდა უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას, მათ შორის, 21-წლამდელებისაც. ის ერთობ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა...

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "დინამოზე"?

- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "დინამო" დიდებული კლუბია. ინფრასტრუქტურა, ბაზა, სტადიონი, გულშემატკივრები... მწვრთნელებმაც შესანიშნავად მიმიღეს. ზოგადად, ბრწყინვალე გარემო დამხვდა შეკრებიდან ჩამოსულს. განსაკუთრებული ძალისხმევა ნამდვილად არ დამჭირვებია აქაურობასთან შესაგუებლად.

- გვიამბეთ თქვენი განვლილი კარიერის თაობაზე...

- კიევის "დინამოში" გავიზარდე. 8 წლიდან სწორედ ამ კლუბის წევრი ვიყავი. 22 წლამდე სწორედ ამ კლუბში ვითამაშე. გამოვიარე ყველა ასაკობრივი გუნდი. ვიყავი "დინამო 2-ის" კაპიტანი. ამის შემდეგ ცოტა ხნით, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, შვედეთში ვითამაშე. მერე დავბრუნდი უკრაინაში და კიევის "არსენალში" ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა პირველი ლიგიდან გადავედით პრემიერლიგაში... მერე ვითამაშე ოდესის "ჩერნომორეცსა" და დონეცკის "ოლიმპიკში", უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში...

- რამდენად სწრაფად მოახერხეთ ადაპტაციის გავლა ახალ კლუბში?

- არანაირი პრობლემა არ ყოფილა! ძალიან მალე გავიარე გუნდში ადაპტაცია, დღესაც - მწვრთნელებიც და ბიჭებიც ბოლომდე მიდგანან გვერდში. აქ ატმოსფეროა ისეთი, სხვანაირად ვერც იქნებოდა.

- რა მიზნებს ისახავთ "დინამოსთან" ერთად?

- როცა ვლაპარაკობთ თბილისის "დინამოს" მიზნებზე, სხვა რა უნდა იყოს, თუ არა - მაქსიმალური?! რა თქმა უნდა, გუნდს შარშანელი შედეგის გამეორება სურს. გარდა ამისა, მაქსიმალურად შორს უნდა წავიდეთ ევროთასებზე და ვაჩვენოთ მაღალი ხარისხის თამაში. კიდევ ერთხელ ვამბობ - თბილისის "დინამოში" სხვანაირად ვერც იქნება!..

- როგორ მოგეწონათ საქართველო, თუ მოახერხეთ გაცნობა მის კულტურასთან, სამზარეულოსთან, ქართველ ხალხთან?..

- ქართველებს აქამდეც ვიცნობდი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად კარგი ხალხია ქართველები!.. რაც შეეხება თქვენს სამზარეულოს, მე მისი გემოც ვიცი, რადგან კიევში არაერთი ქართული რესტორანია. აქ ჩამოსვლის შემდეგ სულ ორჯერ მომეცა ქალაქში გასვლის შესაძლებლობა... ვერ გეტყვით, რომ უკვე ბევრი რამ ვიცი თქვენს ქვეყანაზე. ამისთვის დრო ბევრი არ მაქვს, ძალიან გადატვირთულია ფეხბურთელების გრაფიკი...

- "დინამოში", თუნდაც ბოლო დროს, არაერთ უკრაინელ ფეხბურთელს უთამაშია. რომელიმე მათგანს თუ იცნობთ?

- ვიცნობ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ოდესის "ჩერნომორეცში"... ვიცნობ მიხაილო შიშკასაც, რომელიც აქ შარშანდელ სეზონში თამაშობდა...

- საქართველოში ჩამოსვლამდე თუ გქონდათ სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტები?

- შემოთავაზებები ნამდვილად იყო და თან - არაერთი. თუმცა "დინამოს" წინადადება ყველაზე რეალური იყო. სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია...

- რა შემთხვევაში ჩათვლით თქვენს კარიერას წარმატებულად "დინამოში"?

- ჩემპიონობა, თასი და ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა - ეს იქნება ჩემი მიზნები "დინამოში".

- რას ეტყოდით კლუბის გულშემატკივრებს?

- ჯერ მხოლოდ სამი მატჩი ჩავატარე გუნდში. ჩვენი ფანსექტორი კარგია, სტადიონზე თუ დიდი რაოდენობით არა, რამდენიმე ათასი კაცი მაინც დადის. გახარებული ვარ იმ გარემოთი, რომელიც დამხვდა. მინდა მათ შევპირდე, რომ მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება, მათი იმედები რომ გავამართლოთ.

 

 

12.03.20

გაზეთი ლელო

http://bit.ly/2Qdndjk

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024