• Geo
  • Eng
23.04.2019
ეს არის სწორედ ჩვენი მიზანი!.. დინამოელთა მწვრთნელი ვახტანგ იაგორაშვილი ვიტალი დარასელიას ტურნირს აჯამებს

თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში დასრულდა ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ტრადიციად ქცეული ტურნირი, რომლის გამარჯვებული პირველად გახდა მასპინძელი - თბილისის "დინამოს" ასაკობრივი გუნდი.

 "ლელოს" დღევანდელ  ნომერში წაიკითხავთ პატარა დინამოელთა თავკაცის, ვახტანგ იაგორაშვილის ინტერვიუს. ტურნირის ყველა შეხვედრა ვნახეთ და ჩვენს შთაბეჭდილებებს გაზეთის მომდევნო ნომერში "გავშლით", მაგრამ ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპელებს თხუთმეტწლამდელებში არაფერში ჩამოვრჩებით. მეტიც, მთელ რიგ კომპონენტებში მაღლაც ვდგავართ. მთავარია, რა იქნება ორ-სამ წელიწადში, როცა ეს ბიჭები გარდატეხის ასაკს მიაღწევენ და სწორედ ამას მიექცეს ყურადღება...

ახლა კი სიტყვა მივცეთ დინამოელთა მწვრთნელ იაგორაშვილს, რომელსაც ტურნირის შეფასება ვთხოვეთ...

 

- თავდაპირველად, გვაინტერესებს ვიტალი დარასელიას თასის თქვენეული ზოგადი შეფასება. რამდენად გაამართლა ტურნირმა მოლოდინი?

- ტურნირმა ბოლომდე გაამართლა მოლოდინი. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები სხვადასხვა დონითა და ხელწერით. მაგალითად, "ემპოლი" უფრო ორგანიზებული და ხისტი გუნდი იყო. "ფეიენოორდი" ერთგულობდა ჰოლანდიური ფეხბურთის იდეალებს - ლამაზ თამაშს, ბურთის კონტროლს...

- "დინამომ" ტურნირი დამაჯერებლად მოიგო. საინტერესოა, რომელ შეხვედრაში გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშა "ფეიენოორდმა", მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ "ემპოლისთან" გაგვიჭირდა ყველაზე მეტად - გუნდთან, რომელმაც ყველაზე მეტი წინააღმდეგობა გაგვიწია.

- სწავლა თუნდაც მოგებულ შეხვედრებშიც შეიძლება. როგორ ფიქრობთ, რა უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან?

- რა თქმა უნდა, სასწავლი არის. თუნდაც "ფეიენოორდი" რომ ავიღოთ, ჰოლანდიელები ძალიან კარგად ათამაშებდნენ ბურთს შუაში, იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ "სამკუთხედს"... თუ დააკვირდით, რამდენიმე წუთის განმავლობაში უბურთოდაც დაგვტოვეს.

- რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც განაპირობა "დინამოს" გამარჯვება ამ ტურნირზე?

- ეს იყო ჩვენი დიდი მონდომება. აქ მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, ლაპარაკია მთელ სტაფზე. სწორედ ამ დიდმა ერთობლივმა მონდომებამ გამოიღო შედეგი.

- ხომ არ ჩაეყარა საფუძველი თანამშრომლობას რომელიმე ევროპულ აკადემიასთან?

- ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა ტურნირით, კმაყოფილი დარჩა მისი საორგანიზაციო დონით.

- როგორ ფიქრობთ, ახლო მომავალში ამ გუნდიდან დაახლოებით რამდენი ფეხბურთელი შეიძლება ვიხილოთ თბილისის "დინამოში" მთავარ გუნდში?

- ზუსტი რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთი ფეხბურთელები იქნებიან. თუნდაც, ირაკლი აზაროვი ავიღოთ. შარშან დარასელიას თასზე თამაშობდა, ახლა კი "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის წევრია.

- ყველაზე მტკივნეული კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თუნდაც სამი წლის შემდეგ მოვუგოთ ასეთივე კარგ გუნდებს?

- ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მივაწოდოთ "დინამოს" პირველ გუნდს.

 

 

http://bit.ly/2IWaL4J

გაზეთი ლელო 23.04.19

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024