• Geo
  • Eng
11.07.2018
სტეპან სიკაჩი: უმაღლესი კლასია, აღტაცებული ვარ საქართველოთი!

თბილისის "დინამოში" 29 წლის მეკარე სტეპან სიკაჩი ჩაირიცხა. გამოცდილ გოლკიპერს ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. ერთი სეზონის წინ ის ფოთის "კოლხეთის" კარს იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ...

"დინამოში" სიკაჩს აღარ მოუწევს ბრძოლა გადარჩენისთვის და ქართულ სინამდვილეში უმაღლეს მიზნებს შეეჭიდება. გუშინ "ლელო" დინამოელთა ახალწვეულს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- თავდაპირველად, ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯების გახსენება უნდა გთხოვოთ. საიდან მოდიხართ?

- 10 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი. სულ რაღაც ხუთი ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ მეკარეობა ჩემი მოწოდება იყო. მწვრთნელებიც ასე ფიქრობდნენ და იმის შემდეგ კარში ვდგავარ. თავიდან "შერიფის" აკადემიაში ჩავირიცხე. წარმოშობით დნესტრისპირეთიდან ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა "შერიფის" ძირითად გუნდში აღმოვჩნდი.

- არადა, "შერიფის" შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაგიტარებიათ. რატომ მოხდა ასე?

- ამას აქვს თავისი მიზეზი. ერთი წლის შემდეგ მივიღე მიწვევა გროზნოს "ტერეკიდან" და არ შემეძლო, უარი მეთქვა. "შერიფში" მესამე მეკარე ვიყავი. ახალგაზრდულ ასაკში ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა და ველოდი, რომ შანსი აუცილებლად მომეცემოდა...

- ...მაგრამ არც "ტერეკში" გქონდათ სისტემატური პრაქტიკა.

- ასე იყო, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე. "ტერეკში" დიდი კონკურენცია დამხვდა მეკარის პოზიციაზე. ამის მიუხედავად, თავი არ დამიზოგავს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, "ტერეკმა" ბევრი რამ მომცა. იქ ჩამოვყალიბდი ნამდვილ პროფესიონალად და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

- მერე იყო იჯარით გადასვლა "ვოლგარში", ითამაშეთ "სალიუტში", მოსკოვის "ტორპედოში"...

- მეკარე პრაქტიკის გარეშე წარმოუდგენელია. მეც მინდოდა, მეპოვა ისეთი კლუბი, სადაც მუდმივად ვითამაშებდი. მახსენდება, რუსეთის პირველი ლიგის ამბიციური კლუბი მიწვევდა, პრემიერლიგაში გადასვლას უმიზნებდა, მაგრამ "ტერეკის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა რუუდ გულიტმა არ გამიშვა...

- საინტერესოა, როგორ მოხვდით ფოთის "კოლხეთში"?

- მოსკოვის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაწყდა და ისე მოხდა, რომ იმ მომენტისთვის რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ჩემთვის მთავარი იყო, მეპოვა ისეთი კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა. გამოჩნდა "კოლხეთის" ვარიანტი და დავთანხმდი.

- "კოლხეთში" თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეთ. რა თქმა უნდა, გუნდი გოლებს უშვებდა, მაგრამ მაინც. რა მოგცათ ამ გუნდში გატარებულმა დრომ?

- ძალიან კარგი იყო, კარგი ბიჭები თამაშობდნენ გუნდში... რაც შემეძლო, ვაკეთებდი. მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეკარე როცა უშვებს გოლს, მისი წვლილი, ასე თუ ისე, ნებისმიერ ამ გაშვებულ გოლშია.

- ფოთიდან წასვლის შემდეგ "აფიპსში" როგორ მოხვდით?

- ფოთში ვეღარ დავრჩებოდი. ოჯახური პირობების გამო, უნდა დავბრუნებულიყავი რუსეთში. ამ დროს გამოჩნდა წინადადება ამ გუნდიდან. ეს არის კრასნოდარის კლუბი დიდი ამბიციებით და ძალიან მზრუნველი პრეზიდენტით, რომელიც ფეხბურთელებს ისე ექცევა, როგორც შვილებს. ჩვენი მიზანი ერთი ლიგით აღზევება იყო, მაგრამ ეს შანსი ბოლო ტურში გავუშვით ხელიდან. მოგება გვჭირდებოდა და მხოლოდ ფრეს დავჯერდით...

- ...და ბოლოს, "დინამო"...

- გადაჭარბების გარეშე უნდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია. საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე და მიყვარს ძველი ამბების მოსმენა.

ვიცი, რა სახელი ჰქონდა "დინამოს" საბჭოთა კავშირსა და ევროპაში. რამხელა ტრადიციების გუნდია! აღფრთოვანებული ვარ საკლუბო ინფრასტრუქტურით. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო.

- როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?

- ძალიან კარგად. როცა გუნდში მოვედი, ბიჭებმა მომილოცეს ამ დიდი ოჯახის წევრობა. საერთოდ, საქართველოში უკვე ბევრი მეგობარი მყავს. ადრეც მითამაშია ქართველებთან ერთად. როცა "კოლხეთიდან" შინ დავბრუნდი, მეუღლეს ვუთხარი - საახალწლო არდადეგებზე საქართველოში უნდა წავიდეთ-მეთქი.

მაგრამ ვერ მოვახერხე. "დინამოდან" რომ მივიღე შემოთავაზება, მეუღლემ მითხრა - ხომ ნატრობდი საქართველოში წასვლას და, აჰა, მივდივართ კიდეცო... საერთოდ, ადაპტაციის პრობლემა არსად მქონია. ძალიან კონტაქტური ადამიანი ვარ, ასეთივეა ქართველი ხალხიც...

- ვისი ინიციატივა იყო "დინამოში" თქვენი ტრანსფერი?

- უშუალოდ მთავარმა მწვრთნელმა დამირეკა და ძალიან თბილად მელაპარაკა. სიმართლე გითხრათ, საფიქრალი არაფერი იყო და დავთანხმდი...

- სულ მალე "დინამოსთან" ერთად ევროპალიგაზე ითამაშებთ და "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდებით...

- სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ გუნდის თითოეული წევრი ასი პროცენტით დაიხარჯება ამ შეხვედრაში. ძალიან არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ვიცი, რომ თავს არ დავზოგავთ. მწვრთნელმა უკვე გვაჩვენა მეტოქის თამაშის ვიდეოფირი. მიგვითითა "დუნაისკა სტრედას" ძლიერ და სუსტ მხარეებზე...

- "დინამოსთან" ერთად რა მიზნები გაქვთ?

- ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. საქართველოში "დინამოსთვის" ჩემპიონობისა და თასის მოპოვების გარდა, ყველანაირი შედეგი წარუმატებლობად ითვლება და ეს სავსებით ბუნებრივია.

- ასე დაგვჩემდა, რომ ყველა უცხოელს ვეკითხებით ამას და ვერც თქვენ იქნებით გამონაკლისი - ქართულ სამზარეულოზე რას იტყვით?

- უმაღლესი კლასია! სამზარეულოც დიდებულია და ხალხიც. აღტაცებული ვარ საქართველოთი!

- და ბოლოს, მოლდოვის ნაკრებზეც გკითხავთ: 21-წლამდელთა ნაკრებში სისტემატურად თამაშობდით, ეროვნულ გუნდში კი ერთი მატჩიც არ ჩაგიტარებიათ. რატომ მოხდა ასე?

- რუსეთში შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელი თამაშობდა რომელიმე სხვა ქვეყნის ნაკრებში, ის ავტომატურად ითვლებოდა ლეგიონერად. მივიღე რუსეთის მოქალაქეობა, რათა ჩემი კარიერა უკეთესი გზით წასულიყო. აი, ეს იყო მიზეზი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://bit.ly/2NGtUay
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024