• Geo
  • Eng
08.06.2018
„მემარჯვენე“ დინამოელი
ბაზაზე, ვარჯიშამდე კარგა ხნით ადრე მიდის და ემზადება, ჯერ ვარჯიშისთვის და შემდეგ თამაშისთვის. წლებმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ დანიშნულ თუ, დაუნიშნავ პროცედურასთან და ვარჯიშთან ერთად, საკუთარი თავიც და სხეულიც, თავად უნდა გააკონტროლოს. იმიტომ, რომ ბოლოს, მოედანზე გასვლისას, ყველა ნიუანსი სააშკარაოზე გამოდის და ხშირად, წარმატებაც და წარუმატებლობაც შესაძლოა, იმ  ერთ პატარა ნიუანსს უკავშირდებოდეს, რომელსაც თამაშამდე, ან ვარჯიშამდე, ნაკლები ყურადღება დაუთმე.
 
„ალბათ, გამოცდილებიდან გამომდინარე ვიქცევი ასე. მაინც, ასაკით პატარა, რომ არ ვარ, მეტ-ნაკლებად ვხვდები რას უნდა მივაქციო ყურადღება. თუმცა, ადრეული ასაკიდან მოყოლებული, ჩვევად მაქვს, რომ  რაღაც ვიკითხო, ვუყურო, მოვიძიო, ვიშრომო, რომ ისევ მე გამომადგეს. მოკლედ, ვიცი და ვგრძნობ, ჩემი ორგანიზმისთვის, რა გავაკეთო თამაშამდე 4 დღით ადრე, 3 ან 2 დღით ადრე. როგორ დავისვენო. აქედან გამომდინარე ჩამომიყალიბდა სტერეოტიპი და მივყვები ამ გეგმას. ამ ყველაფერს ვაკეთებ იმის გამო, რომ კონკრეტულ თამაშზე თავი კარგად ვიგრძნო, ჯანზე ვიყო და ახლა უკვე „დინამოს“ მოვუტანო შედეგი“- ამბობს გუჯა რუხარია.
 
 
 
აჭარაში დაბადებულ და ბათუმში გაზრდილ 31 წლის ფეხბურთელს, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, თითქმის 14 წლის წინ, გადაბარგება რუსეთში, ვლადიკავკაზის „ავტოდორში“ მოუხდა. მთელი ეს პერიოდი, გუჯა რუხაია, რუსეთის სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა, სანამ „დინამო თბილისიდან“ არ მიიღო შემოთავაზება.
 
- იქაური მოქალაქეობა მაქვს. თუმცა, დიდი სურვული მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მივიღო, დავიბრუნო. მაშინ, 2011-ში, როდესაც ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა შანსი, რომ ნაკრებში დაგიძახონ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,  ეს შანსი ხელიდან გავუშვი. საბუთების გამო არ გამოვიდა ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლა. არადა, შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა.
 
 
 
- რადგან საუბარი ნაკრებზე ჩამოვარდა, არ შემიძლია გუშინდელ თამაშზე არ გკითხო. ჩვენი ნაკრების გუშინდელ თამაშზე ლუქსემბურგთან რას იტყვი? მითუმეტეს, რომ საზოგადოებამ უკვე მარჯვენა ფლანგზე მოთამაშეებს „განაჩენი“ გამოუტანა? შენი ფლანგია...
 
- ჩემი აზრით, როდესაც გუნდი აგებს, არაა ისე, რომ მარჯვენა, ან რომელიმე ფლანგმა, ან პოზოციამ წააგო. ეს ხომ არ არის ჩოგბურთი? ინდივიდუალური სპორტი? ეს, არის გუნდური სპორტი. ამიტომ, გამოდის შეცდომების ჯაჭვი და როგორც ასეთი, მარჯვენა ფლანგი შეცდა, მარცხენა თუ მეკარე, ვფიქრობ, არაა სწორი დადანაშაულება. არის გუნდი, არის გუნდური მექანიზმი. თუ აგებს, აგებს ყველა და თუ იგებს, იგებს ყველა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, უნდა მოგვეგო. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ... გასაგებია ლუქსემბურგია. გასაგებია, ვისაც ვეთამაშებით, მაგრამ სასურველი იყო, რომ მოგვეგო. ამ მარცხის მიუხედავად მჯერა, რომ ბიჭები, ყურებს არ ჩამოუშვებენ და გააგრძელებენ გზას. ამხანაგური თამაში იყო და ვფიქრობ, ვაისმაც მოსინჯა. ბუნებრივია, რომ აქვს წინასწარი გეგმა და უყურებს ვინ, როგორ, რა  შეუძლია. ერთი დღითა და ერთი თამაშით ხომ არ წყდება ნაკრების ბედი? ამიტომაც ვამბობ, რომ დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ბიჭების და რასაც ვხედავ, დიდი პოტენციალი არის. მთავარია, სწორი მიმართულება მიეცეს და ვფიქრობ, შედეგიც მოვა.
 
 
- ნაკრებში თამაშის ოცნება კიდევ გაქვს?
 
- ნამდვილად! 2011 წლიდან, 7 წელი გავიდა და დღესაც ძალიან ვნანობ, რომ მაშინ როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს, ვერ მოვახერხე წამოსვლა. დღესაც, ოცნება არის, რომ როდესმე, საქრათველოს ნაკრებში ვითამაშებ. ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ეს ოცნება, იწყება პატარა ასაკიდან და რაც არ უნდა წლოვანი იყო, დიდი, პატარა, საშუალო, ყოველთვის მთავარია ითამაშო ნაკრებში, გამოადგე შენს ქვეყანას, პატარა წვლილი შეიტანო. მეც, ერთ-ერთი ვარ, იმ ბევრ ქართველს შორის, ვისაც ეს სურვილი აქვს. შრომა ყოველთვის ფასდება და ვნახოთ...
 
 
 
- მემარჯვენე - მემარჯვენედ, მაგრამ კარიერის მანძილზე მარჯვენა ფლანგზე ბევრი პოზიცია გაქვს გამოცდილი. სად უფრო მოგეწონა თამაში?
 
- ნალჩიკის „სპარტაკში“ ვთამაშობდი 2 წელიწადნახევარი, სხვა პოზიციაზე მომიხდა თამაში. მაშინ, მწვრთნელმა მთხოვა, რომ მარჯვნივ კი აგიყვანეთო, მაგრამ ჩვენი მარჯვენა ნახევარმცველი ვინც არის, ის მარცხნიდან ვერ თამაშობს და შენ თუ შეგიძლია, იქნებ ითამაშოო. ასე, რომ ეს დრო, მარცხენა ფლანგზე თამაში მომიწია. მარცხენა ფეხი სუსტი მაქვს, მაგრამ დიდი სურვილის და შრომიდან გამომდინარე, „რაღაც“ მაინც მოვახერხე და ამ ფლანგიდანაც, გუნდის თამაშში და ნალჩიკის ისტორიაში წვლილი შევიტანე.  თუმცა, რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ „მემარჯვენე“ ვარ, ბუნებრივია, უფრო მარჯვნიდან, მსიამოვნებს თამაში დაცვა იქნება თუ ნახევარდაცვა.  
 
 
 
- 10-ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდი გუჯა რუხაია მოედანზე?
 
- შესაძლოა, იმის გამო, რომ უკვე წლებიც დამიგროვდა, მაშინაც კი, რუსეთში, რომ ვიყავი და ახლაც, აგენტები, სელექციონერები, მენეჯერები ხშირად მიკავშირდებიან და მეკითხებიან აზრს ამა თუ იმ ფეხბურთელზე. ყოფილა ასეთი შემთხვევები. ჩემი პოზიციის მოთამაშეზე, არ შემიძლია ვთქვა კარგია ან ცუდია. ვცდილობ, ნებისმიერს დადებითი მხარე მოვუძებნო, ამიტომ შევაფასებისგანაც თავს ვიკავებ ხოლმე. ასეთი კუთხით, გუჯა რუხაია შრომისმოყვარეა მოედაზეც და ცხოვრებაშიც. რაც მთავარია, ის, 100%-ით დამხარჯველია. არ აქვს მნიშვნელოთა თამაშის თუ, ვარჯიშის დროს იქნება ეს.
 
 
 
- მოდი, მაშინ ასე შეგეკითხები. შენი პოზიციის მოთამაშეები და კონკრეტულად დღეს, იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც „დინამო თბილისში“ ასრულებ (შავი სამუშაო მაქვს მხედველობაში, რომელიც როგორც წესი, მაყურებლისთვის უფრო დაკარგულია ხოლმე), როგორ ფიქრობ, დაფასებული ხარ?
 
- დაფასებული ვართ თუ, არა? ვფიქრობ, უფრო მეტად დაფასებული ვიქნები, როდესაც „დინამო თბილისი“, ჩემპიონები გავხდებით და უეფას ეტაპებს გადავლახავთ. ფეხბურთი არ არის ინდივიდუალური სპორტი. ამიტომ, ყოველთვის გუნდთან ერთად ვასოცირდები. ჩემი დაფასებაც ის იქნება, როდესაც დაფასებული იქნება „დინამო თბილისი“,  როდესაც ჩემპიონები ვიქნები, თასს ავიღებთ და უეფაზე დავძლევთ ეტაპებს.
 
 
 
- რადგან უეფა და ევროტურნირები მოიტანა სიტყვამ, 19 ივნისს უკვე კენჭისყრაა. ვინ გინდა რომ 12 და 19 ივლისის მატჩებში „დინამო თბილისის“ მეტოქე იყოს?
 
- რასაც გადავხედეთ, ვფიქრობ, არ გვინდა ირლანდიური გუნდი, ან სადმე საქართველოდან ტერიტორიულად, რომ შორს არის (ეცინება). ამ ეტაპზე, ჩვენს პოტენციურ მეტოქეებად, ისეთი ქვეყნის გუნდები სახელდება, რომლებთანაც „დინამო თბილისის“, დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მომდევნო ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია. მე, ასე მჯერა და მოვიგებთ კიდევაც. მთლიანად, გუნდში ასეთი შემართებაა. უნდა გადავლახოთ. ამისთვის ვშრომობთ, ამისთვის ვვარჯიშობთ თამაშამდე და თამაშის მერეც...
 
- ისე, რას ნიშნავს,  იყო დინამოელი?
 
- იყო დინამოელი, პირველ რიგში არის ლეგენდასთან შეხება. „დინამო“ იმის გარდა, რომ სახელოვანი და ტიტულოვანი კლუბია, იყო მისი ნაწილი - არის ძალიან საამაყო. მარტო ჩემთვისა, როგორც ამ კლუბის მოთამაშისთვის არა. მთლიანად, ჩემი ოჯახისთვისაც, რომლისთვისაც ფეხბურთი ბევრს ნიშნავს. ისინი ამაყები არიან, რომ ელემენტარული ჩემი თამაშით, შესაძლოა „დინამოს“ მივუტანო შედეგი, წარმატება.
 
 
 
- შენი ოჯახის წევრებს, თბილისში, „დინამო არენაზე“ მეც ხშირად ვხედავ. ხშირად, თამაშის საცქერლად ბათუმიდანაც ჩამოსულან. ამას გარდა ვიცი, რომ მთელი ოჯახი ფეხბურთში ხართ ჩართულები.
 
- როგორც ყველა ბავშვმა, ფეხბურთის თამაში მეც ეზოში დავიწყე. უბანში ვთამაშობდით ძირითადად. ვიცოდი, რომ სპორტული სკოლა იყო და ძალიან მინდოდა იქ მისვლა. როდესაც მივედით, 8-9 წლის ვიყავი. მომეწონა და დავრჩი. მერე უკვე, მე ცხოვრებისეულად ისეთი პოზიცია მიჭირავს, რომ თუ რაღაცას მოკიდებ ხელს, ფეხბურთი, ვარჯიში, სწავლაა ეს,  თუ რაც არის, გლობალური, თუ მცირე მასშტაბების და ჩემგან ძალებს მითხოვს, უნდა გავაკეთო 100%-ით. იგივე დამემართა ფეხბუთზეც. სპორტსკოლაში როდესაც მივედი, მომეწონა და მივყევი და 100 % დავუთმე ფეხბურთს. შეიძლება ითქვას, რომ 1 დღეც არ ჩამიგდია. არ მახსენდება დღე, რომ დამზარებოდა ვარჯიში. ოჯახს რაც შეეხება, იყო ასეთი შემთხვევა - ნაბერეჟნიე ჩელნის „კამაზში“ როდესაც ვთამაშობდი, -5 გრადუსი ყინვა იყო. სტადიონზე მოთამაშეების გარდა, სათადარიგო ფეხბურთელები, მსაჯები, კლუბის ხელმძღვანელობა და მხოლოდ ჩემი იჯახი იყვნენ. ახლაც, ასე არიან და ყოველთვის მეხმარებიან, პატარაც და დიდიც. ფეხბურთში, მცირედი არ არსებობს. ან ხარ, ან - არა. ამიტომ, ეგ რომ იციან კვების, რეჟიმის თუ დასვენების მხრივ, ყველანაირად ხელს მიწყობენ.
 
 
 
 
- „დინამო არენის“ ტრიბუნაზე აღმოვაჩინე შენს ძმასთან დათოსთან ერთად, პატარა გოგონა, რომელიც „დინამოს“ გამეტებით ქომაგობდა. შემდეგ, ამ გოგონას შესახებ, სხვა საინტერესო ამბებიც მომივიდა, სანამ „დარასელიას“ ტურნირზე პირადად გავიცნობდი.
 
- კი, ეს ანაა, ჩემი 4 წლის შვილი. როდესაც მე ვთამაშობ, ყოველთვის ტრიბუნაზეა. ახლა, ბუცები მაყიდინა, „დინამო თბილისის“ ფორმა. ჯიუტად მთხოვს, რომ ფეხბურთზე შევიყვანო. თუ გოგონები არ თამაშობენ, ბიჭებთან შემიყვანეო. ვფიქრობ, მომიწევს ბიჭების გუნდში მიყვანა. თუმცა, პირობა დავუდე, რომ ჯერ გასინჯვაზე მივიყვანდი და თუ მოეწონებათ და დაიტოვებენ მაშინ ითამაშოს.
 
 

- პირველი გოლი თუ გახსოვს?
 
- პირველი გოლი? ბავშვობაში გატანილი თუ შემდეგ, პროფესიონალურ ფეხბურთში? არ მახსოვს. ახლა, რომ მითხრი, დამაფიქრე. გასახსენებელია. (ცოტას ფიქრობს, შემდეგ სახე უნათდება და ამბობს). ააა, კი მახსოვს, როდესაც „დინამო ბათუმთან“ ვიყავი თავიდან. თითქოს გავსინჯავთო. ჩემმა ძველმა მწვრთნელმა ვოვა ცაგარელმა მიმიყვანა.  როდესაც მივედით, გამოვიდა ისე, რომ სინჯერბზე 4 გოლი გავიტანე. აი, ეს ემოციები დარჩენილი მაქვს  დღემდე. თან გოლი გავიტანე, თან ასაკი არეული იყო, ჩემზე ბევრად დიდები თამაშობდნენ, თან „დინამო ბათუმი“ იყო. გოლი, რომ გავიტანე, თანაც ერთი კი არა 4, ეიფორიაში ვიყავი და არც მაინტერესებდა გუნდში მტოვებენ, არ მტოვებენ...
 
- „დინამო თბილისისი“ შემადგენლობაში გატანილი სადებიუტო გოლი თუ გახსოვს?
 
- თბილისში, ჩეპი პირველი გოლი, ასე ვთქვათ „გასვლაზე“ გავიტანე ბოლნისის „სიონთან“. ისე მოხდა, რომ თამაშს ვაგებდით და „დინამო თბილისის“ მაისურით გატანილი, ჩემი პირველი სადებიუტო გოლით, ანგარიში გათანაბრდა. ორმაგად სასისიხარულია. გარდამტეხი მომენტია, როდესაც თამაშსს აგებ და ასეთ დროს, ანგარიშს გაათანაბრებ. მერე, ეგრევე მეორე გოლი გავიტანეთ და გამოვიდა, რომ ის თამაში ამოვატრიალეთ. ძალია დიდ ემოცია იყო.
 
 
 
- პრაქტიკულად, რაც შენ „დინამოში“ გადმოხვედი, კაჭარავა გენდო და სულ შემადგენლობაში ხარ. სხვა გუნდებს, რომ თავი დავანებოთ, „დინამო თბილისში“ ვინმე, ყველაზე მოსახერხებელი პარტნორი თუ გყავს გუნდში, ვისაც უსიტყვოდ უგებ და თვალდახუჭული ენდობი?
 
- როდესაც გარკვეულ ფეხბურთელებთან ერთად დიდი ხანია თამაშობ ერთ ფლანგზე, ეს ნდობის მოპოვება, ძალუნებურად ხდება. რაც „დინამოში“ მოვედი, ისე გამოვიდა, რომ მე და შულაია ვართ მარჯვნიდან და შუაში თოთაძე. ჩვენი სამკუთხედი, „თვალდახუჭული“ ვუგებთ ერთმანეთს. შუაშიც, ერთი საყრდენი გვემატება ხოლმე და ვახერხებთ ამოცანის შესრულებას. ამიტომ, როდესაც თამაშების გარკვეულ რაოდენობას აგროვებ, უკვე ხვდები, ვინ, როგორც „გიგებს“. თუმცა, ამ მომენტში, ალბათ, შულაას გამოვარჩევდი.
 
 
- ისე მოხდა, რომ როდესაც მოხვედი „დინამოში“, კლუბს აქცენტები გაახალგაზრდავებაზე და ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აქვს გაკეთებული. შენ, ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი გამოდიხარ მოქმედ ფეხბურთელებს შორის. თაობებს შორის, ყოველთვის არის ხოლმე რაღაც უხილავი ბარიერი. რჩება, ხოლმე რაღაც უთქმელი. თუნდაც, თამაშის დროს.  ამ მხრივ, როგორ არის საქმე?
 
- არის ასაკობრივი მომენტი, მაგრამ ჩვენი ბიჭებიდან გამოდინარე, საკმაოდ გაკვირვებული ვარ. იმიტომ, რომ „დინამო თბილისის“ ყველა ფეხბურთელზე, ასაკის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ არიან პროფესიონალები. მე გამოვლილი მაქვს ძველი დროც. შესადარებლად, რუსეთიც შემიძლია მოვიყვანო.  ახლა, რასაც ვუყურებ, ჩვენებს, პოტენციალი აქვთ დიდი. არიან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები. ამას გარდა, არიან შრომისმოყვარეები. არ არსებობს, რომ ვარჯიშამდე 1 საათით ადრე არ მოვიდნენ და სატრენაჟოროში არ შემოვიდნენ. ვარჯიშის მერეც არ დარჩნენ. ჯერ, რასაც ვხედავთ „უფროსები“, მე, თოთა, ივანიშვილი ასეა. ვავსებთ ერთმანეთს და გამოდის რაღაც საშუალო. ამაყი ვარ, რომ „დინამოში“ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. მთავარია, სიზარმაცეს არ ვხედავ. 
 
 
 
 
- გუჯა, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან ხშრად მომისმენია, რომ განსაკუთრებით სადებიუტო მატჩებში, „დინამო არენა“, დინამოელობა... ამ კლუბის მთელი ისტორია, ტიტული, „დინამო თბილისი“ ბრენდი, მოკლედ, მთელი ეს „სიმძიმე“ უნდათ, თუ არ უნდათ, მხრებზე აწვებათ და ზოგ შემთხვევაში თრგუნავთ კიდეც. შენ, როდესაც, სადებიუტო მატჩი ჩაატარე „დინამო თბილისის“ შემადგენლობაშო, რაიმე მსგავსი განცდა თუ გქონდა?
 
- პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, მქონდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა არ ვარ, თავისთავად ვიცი სადაც მოვედი, რა გუნდშიც მოვედი. „დინამო თბილისი“ არაა ის გუნდი, რომელიც სადღაც შუაში იყოს,  ან ბოლოში. ეს არის გუნდი,  „დინამო თბილისი“, რომელიც უნდა გახდეს ჩემპიონი. პირადად მე, ასეთი მიზნით და შემართებით მოვედი ამ გუნდში. რასაკვირველია, ჩემი საფეხბურთო კარიერის მანძილზე და დაახლოებით 13-14 წელი რუსეთში მომიწია თამაში, დასვენებების დროს, მიწევდა თბილისშიც ჩამოსვლა. შემეძლო, უცხოეთშიც დასვენება, მაგრამ არსად წავსულვარ, რადგან მინდოდა დასვენების დღეები საქართველოში გამომეყენებინა. თბილისში ყოფნის დროს, რამდენჯერაც გვერდს ჩავუვლიდი „დინამო არენას“, ყოველთვის მიჩნდებოდა სურვლი და განცდა, რომ ლეგენდას ვუყურებდი გარედან. ერთდ დღესაც, დადგა ის დღე, რომ მეც გამოვედი ამ სტადიონზე და ბუნებრივია, ასეთ სტადიონზე თამაშისას, პასუხისმგებლობა გიათმაგდება. კი, გთრგუნავს რაღაცნაირად. პირველ რიგში მოწინააღმდეგეს და შენც. გხდის პასუხისმგებელს, რომ შენ თამაშობ ამ გუნდში და ამ მოედანზე. ჩემთვის, ასეთ ლეგენდარულ გუნდში და სტადიონზე თამაში, რაღაცნაირი ათმაგი შემართბეაა და სიამაყე. 
 
 

 
 
- მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგის მატჩებზე ტრიბუნები ცარიელია?
 
- კი, მიუხედავად ამისა. ეს ტრიბუნები, რომ შეივსოს ცოტათი მაინც, საერთოდ, ალბათ, ემოციებს საზღვარი არ ექნება. ძალიან დიდი სტიმული იქნება ეს ბიჭებისთვის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრიტურნირებზე „დინამო არენაზე“ მოვა გულშემატკივარი. ამისთვის ჩვენც, თამაშით უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი მოვიზიდოთ. ჩვენ, რომ კარგად ვითამაშებთ, შედეგს ვაჩვენებთ, ხალხი მოვა. ასე, რომ ჩვენზეა დამკიდებულ. გულშემატკივის მხარდაჭერა ყოველთვის აუცილებელია.
 
- თვის ბოლოს უეფა-ს ევროპა ლიგის თამაშებია უკვე ჩანიშნული. რას ეტყოდი გულშემატკივას, ფან-სექტორი, ბუნებრივია, არ მყავს მხედველობაში
 
- გულშემატკივარს, ვთხოვდი, რომ მოვიდნენ, დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენ, ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა. რაც არ უნდა დავიხარჯოთ და მივიღოთ სიამოვნება, საბოლოოდ, ყველაფერი კეთდება მათთვის. ამიტომ, ძალიან უდისესი თხოვნაა, მოვიდნენ ტრიბუნებზე. ჩვენ კი, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, 100%-ით და ასეთ დროს, მათი მხარდაჭერა არის მთავარი.
 
 
 
გუჯა რუხაიასთან ეს ინტერვიუ, დიღომში, ანდრო ჟორდანიას „დინამოს საწვრთნელ“ ბაზაზე ჩავწერეთ. ფეხბურთელთან საუბარმა, სულ 20 წუთი გასტანა და ეს დროც, გუჯამ ვარჯიშსა და ვარჯიშამდე მოსამზადებელი პროცედურების შუალედში გამონახა. სანაკრებო შესვენების დროს, მაშინ, როდესაც „დინამო თბილისის“ ძირითადი გუნდის თითქმის მთელი შემადგენლობა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იყო გადანაწილებული, იქ, სადაც „ცხოვრობს დინამო“ დასვენების არაფერი შეიმჩნეოდა. 
თბილისელები, ამ შესვენების შემდეგ, პირველ შეხვედრას ეროვნულ ლიგაზე 10 ივნისს საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩებამდე კიდევ ხუთი თამაშის,4 ელიგის და ერთიც სათასო შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ეს „დინამოსთვის“, ევროტურნირის მნიშვნელოვან თამაშებამდე ბოლო მოსამზადებელი პერიოდი იქნება. ასე, რომ ჩვენც და ალბათ, თქვენც, გულშემატკივარი გუჯა რუხაიასაც და „დინამო თბილისსაც“ წარმატებულ ზაფხულს ვუსურვებთ.
 
 
http://tajiji.blogspot.com/2018/06/blog-post.html
08.06.2018  თამარ ჯიშკარიანი
 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024