• Geo
  • Eng
16.05.2018
ოთარ კიტეიშვილი: 'დინამოს' ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და განვიხილავთ 'სარაგოსას' შემოთავაზებას

"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის გადაბირებით ესპანური "სარაგოსაა" დაინტერესებული.

გარდა ამისა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან სასაუბრო ისედაც დაგროვდა - თბილისის "დინამო" ბოლო დროს ვერ არის იდეალურ ფორმაში და ეს ბოლო უქმეების დედაქალაქურმა დერბიმაც დაადასტურა, რომელშიც კახა კაჭარავას გუნდი "ლოკომოტივთან" დამარცხდა...

- ფაქტია, ბოლო თამაშებში თბილისის "დინამო" ვერ ბრწყინავს, რაც ობიექტური მიზეზებითაც შეიძლება აიხსნას. ახალგაზრდული შემადგენლობის პირობებში სტაბილურობა ასე ადვილად და სწრაფად არ მოდის. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს მცირე ჩავარდნა?

- მართალი ხართ, "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია და ასეთ დროს არასტაბილურობის ფაქტორს ვერ გამორიცხავ. გულშემატკივარი დააკვირდებოდა, რომ პრაქტიკულად ერთი და იმავე შემადგენლობით გვიწევს თამაში.

არის ტრავმებიც, რაც ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში. ჩემი აზრით, გუნდს სჭირდება გაძლიერება ორი-სამი მაღალი დონის ფეხბურთელით, თუნდაც ლეგიონერებით. ცხადია, საწყენი იყო დამარცხება დედაქალაქურ დერბიში, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ამ მცირე ჩავარდნას თავი დროულად დავაღწიოთ. მჯერა, რომ გუნდს ამის გაკეთება შეუძლია.

- "ლოკომოტივთან" შეხვედრაში ისე ჩანდა, "დინამო" ფიზიკური მომზადების მხრივაც ვერ არის იდეალურ კონდიციებში. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ გვყავს ფიზმომზადების ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელმაც შესანიშნავად იცის თავისი საქმე. გრძელი სეზონია და ჩავარდნა ყველა გუნდს შეიძლება ჰქონდეს.

- "ლოკომოტივი" ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია და ცოტა მოდუნებულები ხომ არ გახვედით მოედანზე? იმის რწმენით, რომ ადვილად მოიგებდით...

- "ლოკომოტივი" აუტსაიდერთა შორისაა, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს... ჩვენ ვიცოდით, რომ დიდი ბრძოლა გველოდა. მეორე მხრივ, უნდა ითქვას ისიც, რომ, გინდა თუ არა, თამაშის წინ, თუნდაც ცალი თვალით, მაინც უყურებ სატურნირო ცხრილს და ფეხბურთში ის ძალიან ხშირად იტყუება.

- სულ მალე ევროტურნირებზე მოგიწევთ თამაში. იმ იშვიათ დინამოელთა შორის ხართ, ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება რომ აქვთ. როგორია თქვენი მოლოდინი?

- სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელების 90 პროცენტს არ აქვს ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება. ვეცდები, ბიჭებს ჩემი გამოცდილება ბოლომდე გავუზიარო. ძალიან მოტივირებულები ვართ ევროტურნირების წინ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და რაც შეიძლება მეტი ეტაპი გავიაროთ. მიმაჩნია, რომ ამ გუნდში არის პოტენციალი და იმის შანსიც, რომ ევროთასებზე წარმატებით ვითამაშოთ. უბრალოდ, ურიგო არ იქნება, თუ გუნდი რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელით გაძლიერდება.

- საქართველოს ესტუმრნენ ესპანური "სარაგოსას" წარმომადგენლები. დადასტურდა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანური კლუბი თქვენითაა დაინტერესებული. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ უკეთეს ლიგაში ითამაშოს, უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს ძალა. გამონაკლისი არც მე ვარ და ეს სავსებით ნორმალური მგონია. მართლაც არის დაინტერესება "სარაგოსას" მხრიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტია კარსმომდგარი ევროთასები.

ამის შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და განვიხილავთ "სარაგოსას" მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024