• Geo
  • Eng
15.07.2016
ლადო დვალიშვილი: ერევნის მატჩში ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდი, ლადო დვალიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლიურ "დინამოს" დაუბრუნდა შჩეცინის (პოლონეთი) "პოგონიდან". ეროვნული გუნდის შემტევი (34 მატჩი, 5 გოლი ნაკრებში) კარგი იყო "ალაშკერტთან" თბილისურ შეხვედრაში. დვალიშვილმა ძალიან ბევრი იშრომა და ლამის ყველა პირველი ბურთი მოიგო. მოკლედ, სომეხთა დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ჰქონდა რეალური საგოლე მომენტიც...

მას არაერთ ევროპულ კლუბში ("სკონტო", ჰაიფას "მაკაბი", პოლონია", "ლეგია", "ოდენსე", "პოგონი") უგორებია ბურთი. აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის გამოცდილებაც. მოკლედ, მისი დამატება პირდაპირ მისწრება იყო ახალგაზრდული "დინამოსთვის" საჩემპიონთალიგო სტარტის წინ.

დღეს ის "ლელოს" რესპონდენტია...

- პოლონეთიდან თქვენს წამოსვლას ნაკლებად ველოდით. როგორ მოხდა "დინამოში" თქვენი დაბრუნება?
- პოლონეთიდან რომ წამოვედი, თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მშობლიური გუნდის მაისურა მოვირგე. ჩემთვის "დინამო" განსაკუთრებული კლუბია. გაჩნდა შანსი, რომ წარმატებით ვითამაშოთ ევროთასებზე და მეც მინდა, ამაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- "პოგონში" როგორ შეეგუვნენ თქვენს წასვლას?
- კლუბთან კონტრაქტი 1+2 სისტემით მქონდა გაფორმებული. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა. სულ ეს იყო.

- წლებია, "დინამოში" არ გითამაშიათ. როგორი სიტუაცია დაგხვდათ გუნდში? როგორია ატმოსფერო?
- ყველამ იცის, რომ რამდენიმე ევროპულ კლუბში ვითამაშე და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ასეთი პირობები არსად მინახავს. შესანიშნავი ატმოსფეროა გუნდში, აქ ერთი ოჯახია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, ასეთ "დინამოში" რომ დავბრუნდი. კლუბი აწყობილი მექანიზმია. ყველამ ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. მოკლედ, ყველანაირად სასიამოვნო გარემოა.

- ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა - "დინამოს" წინაშე ასეთი ამოცანა დგას...
- მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, მინიმუმი კი - ევროპის ლიგის ჯგუფში. მჯერა, შეგვიძლია, გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. ყველას ძალიან გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ. ხალხი მონატრებულია გამარჯვებებს...

- შეაფასეთ "ალაშკერტთან" მატჩი...
- პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. აქ შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. სეზონის პირველ მატჩში დასაწყისი ყოველთვის ჭირს და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. შეიძლება, თავიდან ცოტა თავდაჯერებაც გვაკლდა... მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ბურთი გავაგორეთ, კომბინაციური თამაშიც წაგვივიდა... რაც მთავარია, ორი ბურთი გავიტანეთ და მეტოქეს არ გავატანინეთ. გატანა კიდევ შეიძლებოდა. თუნდაც, ჩემი მომენტი ავიღოთ...

- "ალაშკერტმა" რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ზოგადად თუ ვიტყვით, ორგანიზებული გუნდია, ხისტ ფეხბურთს თამაშობს და ყველანაირად ცდილობს, მინდორზე თავისუფალი სივრცეები არ დაგიტოვოს... მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ "დინამო" უკეთესი გუნდია. მაგრამ ჩვენ მოწინააღმდეგე ბოლომდე უნდა დავაფასოთ. ევროთასებზე არაერთხელ მითამაშია ასეთი მატჩები. პირველ, საშინაო მატჩში შეხედავ და თითქოს დიდი არაფერი, მეორე შეხვედრას კი შინ ისე ატარებს მოწინააღმდეგე, რომ ვეღარ ცნობ... ასე, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი თამაში ვითამაშოთ ერევანში.

- სადებიუტო მატჩის მიუხედავად, თქვენი თამაში ყველას მოეწონა - ბევრი იბრძოლეთ, ლამის ყველა პირველი ბურთი მოიგეთ... ეგ იყო, კარგი საგოლე მომენტი გაგიცუდდათ...
- მიცნობთ და იცით, რომ საკუთარ თავზე საუბარს ყოველთვის გავურბივარ. ჩემი თამაში სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ... ისე კი, იმ მომენტში უნდა გამეტანა... გარედან ცოტა იოლად ჩანს ყველაფერი. არიან თავდამსხმელები, რომელთა მთავარი მიზანი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ამოცანა, გოლის გატანაა. მე ასეთებს არ მივეკუთვნები. ჩემთვის პირველ ადგილზე გუნდის წარმატება, კოლექტიური თამაში დგას. 2 გოლი გავიტანეთ, მოვიგეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- დაბოლოს, მინდა "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გკითხოთ...
- მათში ძალიან დიდი ნიჭი და მონდომება დავინახე. მთავარია, საქმეს ბოლომდე სწორად მიუდგნენ და ბევრი იშრომონ. ასეთ შემთხვევაში, მათი დიდი წარმატებით ყველა ერთად გავიხარებთ.

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/94174-lado-dvalishvili-erevnis-matchshi-yvelafristhvis-mzad-unda-viyoth.html

ალეკო კაკაურიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024