• Geo
  • Eng
30.05.2016
ლევან ზუხბაია: “მატიას კურიეზე, პაპუნაშვილსა და ქვილითაიაზე”

როგორც იცით, თბილისის “დინამომ” კონტრაქტი გააფორმა შემტევ მატიას კურიესთან, რომელიც ბულგარეთის “ჩერნო მორეში” თამაშობდა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის მარტინიკის ნაკრების ფეხბურთელია და საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს: საფრანგეთშივე დაიწყო კარიერა.

28 წლის კურიეს ტრანსფერთან და სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, თბილისის “დინამოს” ტექნიკურ დირექტორ ლევან ზუხბაიას დავუკავშირდით:

ზუხბაია: “ინფორმაციამ გაჟონა, რომ კურიე “დინამოში” გადმოვიდა და რადგან ეს უკვე ცნობილია, გეტყვით, რომ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მას ბოლო თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით და პროგრესს განიცდიდა ბულგარეთის ჩემპიონატში. ანუ, შესწავლილი გვყავდა კურიე და არ გვსურდა, რომ ჩვენს მიერ შესწავლილი ფეხბურთელი სხვებისთვის იოლი ნადავლი გამხდარიყო. კურიე თბილისში შეკრებაზე შეუერთდება “დინამოს”. ვფიქრობ, მისი სახით კარგი ფეხბურთელი შევიძინეთ.

- სხვა ფეხბურთელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვერ დაგვიკონკრეტებთ? გვაინტერესებს, გიორგი პაპუნაშვილის “ვერდერიდან” დაბრუნების საკითხი როგორ გადაწყდება.

- გადაწყვეტილი არაფერი არაა, მაგრამ უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა. “ვერდერის” გენერალური მენეჯერი ტომას აიჰინი პოსტიდან წავიდა და მის ნაცვლად ფრანკ ბაუმანი დაინიშნა. ვნახოთ, როგორ გადაწყდება პაპუნაშვილის საკითხი. არის შანსი, რომ ჩვენ შემოგვიერთდეს.

- საუბარია გიორგი ქვილითაიას "ბატე"-ში, კიევის “დინამოში”, ან “პარტიზანში” გადასვლაზე.

- როგორც იცით, ქვილითაიას კონტრაქტი აკავშირებს “დინამოსთან”. განსაზღვრული გვაქვს, რომ ქვილითაიამ ევროტურნირებზე “დინამოს” მაისურით ითამაშოს. ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და ვიცით, რომ დიდი ძალაა. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი ორგანიზმი და თუ საინტერესო წინადადებას მივიღებთ, რომელიც კლუბსაც დააკმაყოფილებს და ფეხბურთელსაც, მაშინ განვიხილავთ.

- “დინამოში” სხვა სატრანსფერო სიახლეებსაც უნდა ველოდოთ.

- ჯერჯერობით, ასე ვერ დავკონკრეტდებით, რადგან მოლაპარაკებებია და როცა ყველაფერი გაირკვევა, კლუბი განცხადებას გააკეთებს.

 

http://worldsport.ge/ge/page/139810_levan-zuxbaia-matias-kurieze-papunashvilsa-da-qvilitaiaze

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024