• Geo
  • Eng
24.05.2016
რომან ფიფია: "დინამოში" ხუთი ევროპელი მოგვყავს, თან ნაკრების წევრები...

თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "ლელო" კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას ქობულეთის "შუქურასთან" შეხვედრის შემდეგ ელაპარაკა.

ფიფია ამბობს, რომ "დინამო" საევროპოდ საგრძნობლად გაძლიერდება. ფიფიას გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა, საინტერესო ამბავი მაინც გაგვიმხილა.

ინტერვიუ კი ალექსანდრე იაშვილის დიდი ფეხბურთიდან გაცილებითა და კლუბთან მისი შესაძლო თანამშრომლობის თემით დავიწყეთ...

- ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთიდან გააცილეთ. საინტერესოა, ის "დინამოში" გააგრძელებს მუშაობას?
- არა, იაშვილი "დინამოში" არ დარჩება, რადგან ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთისთვის კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

- სეზონი დასრულდა. გუნდმა ყველა ქართული ტიტული მოიგო - ქვეყნის ჩემპიონი გახდა და აღმართა თასი. მაგრამ დამეთანხმებით, "დინამოს" ამოცანა მხოლოდ ეს ვერ იქნება. მთავარია, როგორ გამოვა გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ან თუნდაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეძლებთ?

- კლუბში მოსვლის შემდეგ ჩემი მთავარი საზრუნავი სწორედ ესაა. ადრე თუ გვიან ეს უნდა შევძლოთ. ამას ითხოვს გულშემატკივარიც და "დინამოს" ისტორიაც.

- ყველას აინტერესებს, რა ცვლილებები იქნება "დინამოში". მთავარი კითხვაა - გაძლიერდება გუნდი?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება და ამას მალე შეიტყობთ.

- უკვე შევიტყვეთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც ბრემენის "ვერდერში" იჯარის პერიოდი დაუმთავრდა, შესაძლოა, "დინამოს" დაუბრუნდეს...
- ვნახოთ, ვნახოთ... ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით.

- გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ესპანელი მეკარის ჩამოყვანა გსურთ...
- ახალი მეკარე ნამდვილად გვეყოლება, მაგრამ საიდან იქნება, ამას ჯერ ვერ დავაკონკრეტებ...

- კარგით, მაშინ სხვანაირად გკითხავთ: ახალწვეულები ქართველები იქნებიან თუ უცხოელები?
- ქართველებიც გვჭირდება და ძლიერი ლეგიონერებიც. გეტყვით, რომ 5 ლეგიონერის დამატება გვსურს, რომლებიც ევროპული გუნდებისა და ნაკრებების ფეხბურთელები არიან.

- სეზონის დუბლით დასრულება ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა. მაგრამ მეორე მხრივ, მხოლოდ ადგილობრივ სარბიელზე წარმატება არასაკმარისია. თქვენი აზრით, გაძლიერებით გუნდი ევროთასებზე სასურველ მიზანს მიაღწევს?
- მე საამისოდ ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავარია, ამ ლეგიონერებს მერე როგორ ჩემპიონატში მოუწევთ თამაში. სამწუხაროდ, ჩვენი პირველობის დონე სასურველი არ არის და რეალურად რომ ვთქვათ, ფონს ლეგიონერების გარეშეც გავალთ. მაგრამ ევროთასებისთვის ხომ მთელი გუნდი უნდა მოემზადოს, რომ აქედანვე შეეგუოს მაღალ ტემპსა და დაძაბულობას?..

მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემპიონატის დონე ადრე თუ გვიან ამაღლდება.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/92135-roman-fifia-qdinamoshiq-khuthi-evropeli-mogvyavs-than-nakrebis-tsevrebi.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024