• Geo
  • Eng
24.07.2018
კახა კაჭარავა: სწორედ ასეთ იმედგაცრუებაზე უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი

თბილისის "დინამო" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა "დუნაისკა სტრედასთან" და ევროპალიგას გამოეთიშა. "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ჩემი აზრით, ბიჭებმა ისე ითამაშეს, ორრაუნდიან ჭიდილში "დინამო" უფრო იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას, - გვითხრა კაჭარავამ საუბრის დასაწყისში, - ვერ ვიტყოდი, რომ მოწინააღმდეგემ რამეში გვაჯობა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. მარტივი შეცდომა დავუშვით დაცვაში, გადამწყვეტ მომენტში დაგვაკლდა გამოცდილება...

- ფაქტია, გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ეს თემა კიდევ რომ განვავრცოთ, რა იყო ეს "ცოტა"?

- პირველ რიგში, ეს იყო გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ ეს ფეხბურთელები აღარ დაუშვებენ ასეთ შეცდომას. ეს არის დროის ამბავი.

ამ დროს კი ჩვენი მეტოქის რიგებში მრავლად იყვნენ გამოცდილი ფეხბურთელები. არის ისიც, რომ საქართველოს ჩემპიონატში შეჩვეულები ვართ არაერთი საგოლე მომენტის გამოუყენებლობას. მაგრამ, თუ საქართველოში ამას გპატიობენ, ევროტურნირებზე ასე ნამდვილად არ არის, დაბალ რეალიზაციას იქ არავინ გაპატიებს. ეს არის ფაქტი.

- აგრძელებთ გუნდში მუშაობას? რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მხრიდან ამას მკაცრი რეაქციაც მოჰყვა, მაგრამ ისევ და ისევ გუნდის საერთო ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, ეს ტრაგედიად არ უნდა იქცეს "დინამოს" ფეხბურთელებისთვის...

- ტრაგედია ის იქნებოდა, კატასტროფულად რომ გვეთამაშა. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა, რომელთა უმრავლესობაც ცოტა ხნის წინ 19-წლამდელთა ლიგაში თამაშობდა, თავი დადეს და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი! რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდოდა ამ ბარიერის დაძლევა, მაგრამ რას ვიზამთ... მჯერა, სულ ცოტა ხანში ამ ბიჭებს მსგავსი პრობლემა აღარ ექნებათ. რაც შეეხება ჩემს მომავალს "დინამოში", დიახ, ვაგრძელებ მუშაობას...

- მეორე მხრივ, "დინამოს" უჭირს ფეხბურთელების შენარჩუნება. არადა, სწორედ სტაბილური, წლების განმავლობაში შეთამაშებული ბირთვია წარმატების წინა პირობა...

- ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია და უნდა, რომ ძალა უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შემადგენლობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ არ არის იოლი. თავადაც დამეთანხმებით, ტოპკლუბებსაც უჭირთ მოთამაშეების შენარჩუნება.

- შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელი და "დინამო" ამ ბარიერს დაძლევდა...

- კი, ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ მოდი, საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. თუ ფეხბურთელი არ არის შესაბამისი დონის, მარტო ასაკისა და გამოცდილების გამო ხომ არ დაიმატებ? ჩვენ თუ არა, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს სხვა ვინ მისცემს შანსს? არავინ.

- კარგად გვესმის, მაგრამ ეს "დინამოა" და მოლოდინიც სხვანაირია...

- ეს მეც მესმის. ფაქტია, ყველას ძალიან გვეტკინა გული, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ამ გუნდს მომავალი აქვს. სწორედ ასეთ იმედგაცრუებებზე უნდა გაიზარდოს მორალურად ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ როცა ხდება, ამ კუთხით უნდა შევხედოთ. კიდევ მეტი უნდა იშრომოს ფეხბურთელმა და ახლო მომავალში ამ იმედგაცრუებას დიდი სიხარული შეცვლის.

კარგად მესმის გულშემატკივრის, მაგრამ არ მესმის, რატომ მაინცდამაინც ასეთ თამაშებზე მოდის გარკვეული კატეგორია? საქართველოს ჩემპიონატშიც ძალიან სჭირდება გუნდს თანადგომა და ჩვენ გვყავს ასეთი გულშემატკივარი, რითაც ვამაყობთ კიდეც.

- ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატზე უნდა გადაერთოთ...

- ცოტას დავისვენებთ და 25 ივლისიდან გავაგრძელებთ წვრთნას ჩვეულებრივ რეჟიმში.

- საქართველოს ჩემპიონატში კონკურენცია არის და, ალბათ, გაძლიერება დაგჭირდებათ...

- რა თქმა უნდა, საჭირო იქნება გაძლიერება. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით. ჯერ მათ კონტრაქტები აქვთ თავიანთ კლუბებთან. ასე რომ, ვნახოთ... დაველოდოთ იანვარს.

- დიდი ალბათობით, გუნდს მალე ოთარ კიტეიშვილი დატოვებს. მის გარეშე "დინამოს" არ გაუჭირდება ჩემპიონობისთვის ბრძოლა?

- არცერთ მწვრთნელს არ გაუხარდება ისეთი ფეხბურთელის წასვლა, როგორიცაა ოთარ კიტეიშვილი. მეორე მხრივ, არსებობს ის, რაზეც უკვე გითხარით - ამბიცია.

ფეხბურთელი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მისი კარიერაც უნდა შედგეს და უზრუნველყოფილიც უნდა იყოს. ოთარს 6 თვის წინ დაუსრულდა კონტრაქტი და შეეძლო წასვლა, მაგრამ მოიქცა ისე, როგორც კაცი და როგორც ფეხბურთელი უნდა მოიქცეს - ბოლომდე დაუდგა გუნდს გვერდში.
ალეკო კაკაურიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
24.07.2018
https://bit.ly/2Lh8oMe

 
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024