• Geo
  • Eng
07.03.2019
რას ფიქრობს 'დინამოს' მწვრთნელი ფელის ვისენტე ქართველ ფეხბურთელებსა და ხინკალზე?

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტემ ჩაიბარა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა “ჩიხურასთან” პირველი ტურის მატჩში (2:0 “დინამოს” სასარგებლოდ).

40 წლის ესპანელ სპეციალისტს ასისტენტობას ჩისკო მუნიოსი და ზაურ სვანაძე უწევენ...

“ლელო” დინამოელთა ახალ მწვრთნელს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ჩვენი საუბარი ბოლნისის “სიონთან” მატჩამდე შედგა...

- ბატონო ფელის, მოგვიყევით თქვენი განვლილი სამწვრთნელო გზის შესახებ...

- სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე ახალგაზრდულ წლებში ფეხბურთს ვთამაშობდი. 17 წლამდე ჯერ მადრიდის “რეალში”, შემდეგ კი “ატლეტიკოში” გამოვდიოდი. მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მალევე მომიწია თამაშისთვის თავის დანებებამ. შემდეგ იმავე სფეროში სამწვრთნელო და ფიზმომზადების განხრით განვაგრძე სწავლა და “დინამომდე” რამდენიმე კლუბშიც ვიმუშავე - “ლეგანესი”, “პარლა”, “ლევანტე”, “ალმერია”, ჩინური “დალიან იფანგი”...

- თბილისის “დინამოს” მწვრთნელობა რიგითი საქმე არ არის. როგორ გრძნობთ თავს ახალ რეალობაში?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის! რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ ასეთ დიდ და სახელოვან კლუბში ყოფნით. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა. არაერთი მიზანი გვაქვს, სირთულეებსაც ვაცნობიერებ, თუმცა შრომით ყველაფერს მივაღწევთ. ასე მჯერა.

- რას იტყვით თქვენს სამწვრთნელო შტაბზე, მისი მუშაობის პრინციპებზე?

- საკმაოდ დიდი მოტივაცია და ენერგია გვაქვს მუშაობისთვის. გვაქვს ასევე გეგმა და ყოველდღე ვმუშაობთ ამაზე. ამ შტაბის ყოველი წევრი უმნიშვნელოვანესია კლუბისთვის და მინდა, გვერდში დგომისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩისკო, ზაურ სვანაძე, ოთარ გაგნიძე, გელა ჭანტურია - ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია.

- რა სხვაობაა ესპანელ და ქართველ ფეხბურთელებს შორის?

- ინტენსიურობა და სისწრაფე. ბურთთან ერთად უფრო სწრაფი მოძრაობა და ასევე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ქართველ ფეხბურთელებს შორის უკვე არაერთი ტალანტი ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ პოტენციალიც საკმაოდ დიდია.

- რას იტყვით საქართველოზე, თბილისზე, ქართულ სამზარეულოზე, ჩვენს ხალხზე?

- ლამაზი ქალაქია ბევრი ლამაზი ადგილითა და გულთბილი ხალხით. სამზარეულოს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ რაღაცით ესპანურს ჰგავს. ხინკალი კი საუკეთესოა და უგემრიელესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
https://bit.ly/2EUTExv  
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024