• Geo
  • Eng
14.02.2019
ლევან კუტალია: ახალი გამოწვევების დროა

სატრანსფერო ფანჯარა ეროვნულ ლიგაში ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცვლილება, რომელიც ზამთარში საქართველოს ჩემპიონატში მოხდა, ქუთაისის ტორპედოდან თბილისის დინამოში ლევან კუტალიას გადაბარგება იყო.

 

29 წლის შემტევმა რთული გადაწყვეტილება მიიღო და ერთი პრინციპული მეტოქიდან მეორის ბანაკში გადაბარგდა.

 

Leadersport-ი ეროვნული ლიგის გამოცდილ ფეხბურთელს მიღებული გადაწყვეტილების, ახალ კლუბთან ადაპტაციისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ესაუბრა.

 

 

თითქმის ერთი თვეა, რაც დინამოში ხარ, როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი?

 

დინამოში კარგი და მეგობრული გარემო დამხვდა, რაც ადაპტაციის პერიოდს მიადვილებს. ახალ თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე. ეს ახალი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატის მზადყოფნაში შეხვედრისთვის შეთამაშება სჭირდება.

 

ტორპედოს დატოვებისას სხვა გუნდების შემოთავაზება თუ გქონდა?

 

დიახ, კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა. როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს მიღმა, თუმცა ყველაზე რეალური წინადადება თბილისის დინამოსგან მივიღე.

 

ტორპედოდან პირდაპირ დინამოში გადმოსვლა რთული გადაწყვეტილებაა, როგორ გადადგი ეს ნაბიჯი?

 

ასეა... დინამოში ჩემმა გადმოსვლამ გულშემატკივარში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩემი კარიერული წინსვლისთვის ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახალი გამოწვევების დროა, ამიტომ გადმოვედი დინამოში.

 

ტორპედოში 2 წელიწადი ითამაშე. როგორ შეაფასებ იქ გატარებულ პერიოდს, რა მოგცა ქუთაისურმა კლუბმა პროფესიული თვალსაზრისით?

 

ტორპედოში გატარებული 2 წელიწადი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება. ტორპედომ დიდი გამოცდილება მომცა და მეც ბევრი რამ მივეცი კლუბს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მადლობა გადავუხადო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა.

 

დინამო საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ამ გუნდის ფორმის მორგება დიდი პასუხისმგებლობაა...

 

თბილისის დინამოს უდიდესი ისტორია აქვს. აქ თამაში ერთდროულად ძალიან სასიამოვნოცაა და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

 

 

ახლა დინამო შეკრებაზე იმყოფება. როგორ მიმდინარეობს ახალი სეზონისთვის მზადება?

 

შეკრების გავლა მშვენიერ პირობებში გვიწევს. ამავე დროს, გუნდში მეგობრული განწყობაა, რაც ახალი სეზონისთვის პროფესიონალურად მომზადებაში გვეხმარება. თითოეული ფეხბურთელი როგორც ვარჯიშის, ისე მატჩის დროს ბოლომდე იხარჯება.

 

შეკრებაზე დინამოს რიგებში უკვე პირველი გოლის გატანაც მოახერხე. რა ემოციაა?

 

იდეალური გრძნობაა, როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით გოლი გაგაქვს. იმედი მაქვს სწორად და ძლიერად მუშაობას გავაგრძელებ და ძალიან ბევრ გოლს გავიტან.

 

დინამო საგრძნობლად გაძლიერდა, ჩამოვიდნენ ახალი ლეგიონერები. რა მიზნისთვის იბრძოლებს გუნდი ამ რესურსით?

 

ნამდვილად, დინამოში ბევრი კარგი ფეხბურთელი მოვიდა, შევთამაშდებით და ისე როგორც კლუბის ისტორიაში მუდმივად ხდებოდა, ახლაც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

 

ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. რა მოლოდინი გაქვს და რომელ გუნდებს მიიჩნევ მთავარ კონკურენტად?

 

ვფიქრობ წინ დაძაბული ჩემპიონატი გველის. ძალიან კარგი გუნდები ჰყავთ ტორპედოს, საბურთალოს და დილას. დანარჩენი გუნდებიც ანგარიშგასაწევნი არიან და ყველა მეტოქესთან დაძაბული ბრძოლები გველის.

 

ფოტო: FCDINAMO.GE

 

http://leadersport.ge/ge/news/details/2379?fbclid=IwAR03Zd5grgs4Dqr32EzFjVlP6j5npsI4P8Pz8F8f3vNQreaK_dN0j4pkokc

14.02.2019  ამირან შაიშმელაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024