• Geo
  • Eng
26.11.2018
ბავშვთა ფეხბურთში ბევრი პრობლემაა... როგორ გავზარდოთ ახალი ჩაკვეტაძეები?

საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს წარმატებები გაუძვირდათ. ბოლო დროს ვერც 17-წლამდელებმა და ვერც 19-იანებმა ვერაფრით გაგვახარეს.

რა თქმა უნდა, ყველგან და ყველა დროში ფეხბურთს გამარჯვებისთვის თამაშობენ. ასეა ჩვენთანაც, თუმცა ნაწილობრივ მაინც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჩვენთან საკმარისზე მეტ ყურადღებას ვაქცევთ ჭაბუკთა შედეგებს. მეორე მხრივ, თუ ფეხბურთელი პატარაობიდანვე შეეჩვია წაგებას, თუნდაც საშუალო საფეხბურთო ასაკში მყოფი, მოგებას როგორღა ისწავლის?..

ფაქტია, დღეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში ძალიან ბევრი პრობლემაა. მათი ჩამოთვლა იოლია, მოგვარება კი - ძნელი. მაგალითად, არ მგონია, ათასმეერთედ სჭირდებოდეს გამეორება იმას, რომ ფეხბურთი ხშირად ძვირი სიამოვნებაა ჩვენთან, მწვრთნელები არცთუ იშვიათად მხოლოდ მოვალეობას იხდიან, ზოგს მეტად ჰყავს პატრონი და ზოგს ნაკლებად...

დღეს საფეხბურთო საქართველო გიორგი ჩაკვეტაძით სუნთქავს. ამ ბიჭმა გაგვიჩინა რაღაც ახლის და განსაკუთრებულის იმედი, რომელიც აღარ გვქონია 90-იანების შემდეგ. ეს უკვე კარგია და კარგია ისიც, რომ ამ პატარა ბიჭმა ბევრი გულშემატკივარი დააბრუნა სტადიონზე.

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: სანამ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში ძლიერი საფეხბურთო აკადემია არ იქნება, ვერაფრით ავითვისებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც აშკარად გვაქვს. არადა, ამის დაუნახაობა არ შეიძლება.

რომან ფიფიასთვის კრიტიკა არც ამ სტრიქონების ავტორს დაუკლია და არც სხვა ჩემს კოლეგასა თუ მეგობარს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: თბილისის "დინამოს" აკადემიას მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძის აღზრდა ეყოფა იმისთვის, რომ თავისი არსებობა გაამართლოს.

ფიფიას საფეხბურთო გეზს და მის მიდგომას შეიძლება ბევრი კითხვის ნიშანი ახლდეს, მაგრამ რაც დასანახია, დავინახოთ: ამ კაცმა ჯერ კიდევ წლების წინ თქვა, აკადემია არსებობას გაამართლებს და შედეგს მოიტანსო და. აგერ ფაქტიც!

"ლოკომოტივი", "საბურთალო" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული აკადემიები - კი ბატონო, აქ იზრდებიან ბავშვები, მაგრამ განა ეს საკმარისია? არა, ბატონებო! ვინ გამორიცხავს იმას, რომ, ვთქვათ, სამცხე-ჯავახეთის ან რაჭის რომელიმე სოფელში არის ნიჭიერი ბავშვი? ვერავინ. და რა უნდა ქნას იმ ბავშვის მშობელმა, თუ იმის ფუფუნება არ აქვს, რომ თბილისში, ან რომელიმე იმ რაიონში გაგზავნოს ბავშვი, სადაც აკადემია კარგად მუშაობს?!

რა თქმა უნდა, ყველა სოფელსა თუ ქალაქში ვერ გაიხსნება ცალკე აკადემია და ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ საქართველოს ყველა რეგიონში ერთი ასეთი საფეხბურთო ცენტრი მაინც უნდა იყოს.

ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს უფლება, ეს ქვეყანა თუნდაც პირობითად დავყოთ საფეხბურთო თვალსაზრისით მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონებად, რადგან ნიჭი თავისთავად და, ყველა ბავშვი ძირითადად ერთნაირ სასტარტო პირობებშია.

რომელი ჭკუათმყოფელი დადებს ახლა თავს იმაზე, რომ, ვთქვათ, გურიის რომელიღაც სოფელში არ დაიბადა, არ იბადება, ან მომავალში არ დაიბადება პირობითად მომავალი გიორგი ჩაკვეტაძე?!

მესმის - რასაც ვწერ, ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ იოლი გასაკეთებელია ის, რაც ჩვენმა 17-წლამდელებმა რუსეთთან შეხვედრაში გააკეთეს და რისი გახსენებაც ახლა ძალიან არ გვინდა.

ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრების მთავარ მწვრთნელს რეგიონების გათვალისწინებით მეტი არჩევანი ექნება. ამასთან ერთად, საქართველოს ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატებს თბილისური კლუბების აღსაზრდელები ასტრონომიული სხვაობით ვეღარ მოიგებენ. ეს ისევ მათთვის და საქართველოს ნაკრებისთვისაა ცუდი - უკონკურენტო საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპულ ასპარეზზე რომ გადიან, იქ სულ სხვა რეალობას აწყდებიან და... შედეგი ყველამ ვიცით.

რა თქმა უნდა, ყველაფერ იმის გაკეთება, რაზეც ახლა ვწერთ, დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩემი აზრით, დღეს თუ რამეში უნდა დაიხარჯოს ფული ქართულ ფეხბურთში, სწორედ ამაში. იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ამ პოზიციას არავინ იზიარებდეს და ეს წერილი ისე ებრძოდეს ქარის წისქვილებს, როგორც ამას დონ კიხოტ ლამანჩელი აკეთებდა...

დანარჩენი მომავლის საქმეა. ცხადია, ეს არ არის ერთ ან ორ დღეში მოსაგვარებელი და მოგვარებადი საკითხი, მაგრამ საფიქრალი და სამოქმედო ნამდვილად არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
https://bit.ly/2TMvdYE   ალეკო კაკაურიძე
26.11.2018
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024