• Geo
  • Eng
05.07.2019
ნოდარ ქავთარაძე: დინამო არის გუნდი, რომელიც ჩემს საფეხბურთო ამბიციებს აკმაყოფილებს

ორიოდე დღეა, თბილისის “დინამომ” შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეიმატა. საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი, 26 წლის უნივერსალი, ვისაც ფლანგებზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც. უკვე ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ის დიდი ძალა იქნება თბილისური კლუბისთვის.

ნოდარ ქავთარაძის საფეხბურთო კარიერა მოსკოვის “ლოკომოტივში” დაიწყო. სხვადასხვა დროს უთამაშია “ტიუმენში”, ტვერის “ვოლგაში”, მაიკოპის “დრუჟბაში”, თბილისის “ლოკომოტივში”, გორის “დილასა” და ქუთაისის “ტორპედოში”, საიდანაც თბილისის “დინამოს” მიაშურა. 

“ლელომ” ნოდარ ქავთარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ნოდარ, რატომ აირჩიეთ თბილისის “დინამო”?

- ეს არის უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქართული კლუბი და ამით ყველაფერია ნათქვამი! თამაშობს ევროთასებზე და აქვს კონკრეტული მიზნები. გარდა ამისა, ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს. ეს არის გუნდი, რომელიც აკმაყოფილებს ჩემს საფეხბურთო ამბიციებს.

- როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- ძალიან დადებითი. “დინამოში” ყველა პირობაა იმისთვის, რომ კარგად ითამაშო ფეხბურთი. ძალიან კარგი ბაზა, შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი, თანაგუნდელები, პერსონალი... ძალიან თბილად მიმიღო ყველამ და ამისთვის დიდი მადლობა მათ! დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ და თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობ. 

- კარს მოგვადგა ევროთასები. თქვენი აზრით, რა შეუძლია “დინამოს”?

- ორი აზრი არ არის, რომ პირველი ბარიერი უსათუოდ უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, არც აზერბაიჯანული “გაბალაა” ის გუნდი, რომელსაც “დინამო” ვერ მოუგებს. მერე ვნახოთ, რომელ გუნდს შეგვახვედრებს წილისყრა ასეთ შემთხვევაში. ყველანი იმედიანად ვართ ევროთასების წინ...

- რას იტყოდით ბათუმის “დინამოსთან” მოგებულ მატჩზე?

- ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები ხვდებოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მოგება იყო, თუმცა ტრაგედია არც სხვა შედეგი იქნებოდა, რადგან ჩემპიონატი ძალიან გრძელია. შევძელით და გავიმარჯვეთ, რამაც ძალიან გამახარა.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ჩისკოზე, როგორც მწვრთნელზე?

- გუნდში ახალმოსული ვარ, მაგრამ ადაპტაცია არ გამჭირვებია. ჩისკო შემტევი ფეხბურთის მომხრე და მოყვარულია. მან კარგად იცის, რა შეუძლია თითოეულ ფეხბურთელს, როგორ ფორმაშია ის კონკრეტულ მომენტში და ამის მიხედვით არჩევს ძირითად შემადგენლობას. ჩისკო მაქსიმალურად ცდილობს, გამოიყენოს “დინამოს” შემტევი ფეხბურთელების სისწრაფე. სასიამოვნოა მასთან მუშაობა.

- თქვენი ბოლო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” იყო...

- ყველამ კარგად იცით, რაც მოხდა იქ. პრობლემების მიუხედავად, ძალიან შეკრული გუნდი იყო. ერთად ვიდექით ფეხბურთელები და მწვრთნელები. ყოველთვის თბილად გავიხსენებ “ტორპედოში” გატარებულ პერიოდს.

- ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ ნოდარ ქავთარაძეს უნდა მიეცეს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ. თუ გიფიქრიათ საქართველოს ნაკრებში თამაშზე?

- პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს ნაკრები ჩემთვის ძალიან ძვირფასი გუნდია და დიდი პატივი იქნება ჩემთვის, თუ მიმიწვევენ... 

- თქვენი კარიერა მოსკოვის “ლოკომოტივში” დაიწყო. დღეს თუ არიან “რკინიგზელთა” შორის თქვენი ყოფილი თანაგუნდელები?

- ვითამაშე ამ გუნდის დუბლშემადგენლობაში. ჩემზე ცოტა უმცროსები არიან ძმები მირანჩუკები. მათთან დღემდე ვმეგობრობ, ასევე ბარინოვი... სხვათა შორის, ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო გიორგი ჯიქია და დღემდე ვინარჩუნებთ ახლო მეგობრობას. მინდა, მას წარმატება ვუსურვო მოსკოვის “სპარტაკში”. 

- რატომ ვერ მოხვდით “ლოკომოტივის” პირველ გუნდში?

- ალბათ, საამისოდ ბოლომდე მზად არ ვიყავი. ისიცაა, რომ ახალმა მწვრთნელმა აქცენტი გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთა. დუბლებში სისტემატური სათამაშო პრაქტიკა მქონდა, ბევრი რამ ვისწავლე იქ.

- მერე იყო რამდენიმე რუსული კლუბი...

- “ტიუმენი” პირველ ლიგაში თამაშობდა და იქ დიდი გამოცდილება მივიღე. “ვოლგასა” და “დრუჟბაშიც” მქონდა სისტემატური პრაქტიკა. ეს იყო მაშინ ჩემთვის მთავარი.

- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?

- დავით სირაძემ მიაწოდა ჩემ შესახებ ინფორმაცია თბილისის “ლოკომოტივის” მაშინდელ მწვრთნელს, გიორგი დევდარიანს. მან დიდი ნდობა გამომიცხადა და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო.

- საქართველოში ჩამოსვლას ხომ არ ნანობთ?

- არანაირად! აქ ხალხმა გამიცნო. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ჩემპიონატი პროგრესირებს. ბევრია დაძაბული თამაში. 10-გუნდიანმა პირველობამ გაამართლა. შარშან ქუთაისის “ტორპედომ” წარმატებით ითამაშა ევროთასებზე. ახლა ევროთასები კარსაა მომდგარი და მინდა, ყველა ქართულ კლუბს წარმატებები ვუსურვო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ქომაგები გავახაროთ. 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"   05.07.19
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024