ლუგანსკის "ზორიას" 25 წლის ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია ქართველ გულშემატკივარს ძალიან კარგად დაამახსოვრდება. ის ახლახან თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ივანისენია ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. ua-football.com-თან საუბარში მან საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა:.
"საქართველოში თბილისის "დინამო" არის განსაკუთრებული კლუბი და მას ყველა დიდ ანგარიშს უწევს. ამ გუნდისგან მუდამ მაქსიმუმს ელიან. წლეულს "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და უნდათ, რომ თანდათან მოუმატონ...
შეიძლება, საქართველოს ჩემპიონატის დონე მაღალი არ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, იქ ბევრია ტექნიკური ფეხბურთელი. ისინი სწრაფი აზროვნებით გამოირჩევიან. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი მოთამაშეები არაერთ ევროპულ გუნდში თამაშობენ...
"დინამოს" ბევრი ლეგენდა ჰყავს, მათ შორის, ზაურ სვანაძე - ის ჩვენი მწვრთნელი იყო და 1981 წლის "დინამოს" წევრი გახლდათ, იმ "დინამოსი", რომელმაც თასების თასი მოიგო. ჩვენი მწვრთნელი გახლდათ კახა კაჭარავაც და როცა ის წავიდა გუნდიდან, რამდენიმე მატჩი სვანაძის ხელმძღვანელობით ჩავატარეთ. მერე კი გუნდში მოვიდა ჩისკო მუნიოსი და სვანაძე მისი ასისტენტი იყო...
საქართველოში ყველაზე მეტად ხალხმა მომხიბლა. ასეთ საოცარ ხალხს იშვიათად შეხვდებით! ისინი ძალიან მეგობრულები და სტუმართმოყვარეები არიან. მათ გულშია ის, რომ სტუმარს დიდი სიყვარულითა და ყურადღებით მოექცნენ. საქართველოში წელიწადის ოთხივე დროს მზე ანათებს და, ჩემი აზრით, ამიტომაცაა ეს ხალხი ასეთი კეთილი რომაა!..
ჭაჭა არ გამისინჯავს, თუმცა დავაგემოვნე ხაჭაპური და ხინკალი. ასევე ძალიან გემრიელი აქვთ ღვინო! ზოგადად, ქართული სამზარეულო ძალიან მომეწონა", - ასე იხსენებს ივანისენია საქართველოს, სადაც თბილისის "დინამოს" მაისურით 2018-19 წლებში 46 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ის უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს, მისი გადაბირება იქაურ გრანდს, კიევის "დინამოს" სურს...