კახა ჩხეტიანი: ...ვხედავ დინამოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე! ლეგიონერები? შეიძლება, ეს იყოს ბელგიაში მოთამაშე ბრაზილიელი ან სხვა ქვეყანაში მოთამაშე არგენტინელი...
თბილისის "დინამო" ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს. 41 წლის კახა ჩხეტიანისთვის, რომელიც ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" მოძღვრავდა, ეს დიდი გამოწვევაა.
"ლელო" დაუკავშირდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ახალ თავკაცს და ინტერვიუ ჩაწერა. ვისაუბრეთ ძალიან ბევრს საინტერესო საკითხზე და ვფიქრობთ, ეს საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვისაც...
- კახა, თავდაპირველად უნდა გკითხოთ თქვენი საფეხბურთო ფილოსოფიის შესახებ. როგორი იქნება კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი "დინამო"? ზოგადად, როგორი ფეხბურთი გიყვართ?
- რაც შეეხება ჩემს შეხედულებას ფეხბურთზე, შემიძლია, შედარებით მოკლედ გიპასუხოთ. მიყვარს ფეხბურთი, რომელიც ქართული გენიდან, ჩვენი ფესვებიდან მომდინარეობს. მიყვარს ფეხბურთი, რომელიც ბურთის ფლობაზეა დაფუძნებული, მიყვარს სწრაფად გადასვლა შეტევაში და სწრაფადვე დაბრუნება დაცვაში... საერთოდ, მიყვარს ტოტალური ფეხბურთი. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს გუნდმა, რომელსაც მე ვწვრთნი.
- რა თქმა უნდა, "დინამოს" მწვრთნელობა თავისთავად ნიშნავს დიდ წნეხს. მზად ხართ ამისთვის?
- რომელი გუნდიც არ უნდა ჩაიბარო, წნეხი ყველგან არის. რა თქმა უნდა, "დინამოს" ეხება საქმე და განსაკუთრებულია პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ მზად ვარ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის ჩემი საქმე და რადგან მივიღე გამოწვევა, ესე იგი მეიმედება საკუთარი თავის. ისეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომელიც მოიტანს შედეგს და, ამავე დროს, მაღალი იქნება თამაშის ხარისხიც.
- სამწვრთნელო შტაბი უკვე დააკომპლექტეთ?
- კი, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ სამწვრთნელო შტაბი უკვე დაკომპლექტებულია. გუნდის გაწვრთნაში დამეხმარებიან ზაურ სვანაძე და გიორგი დეკანოსიძე, ფიზმომზადებაზე შალვა ღონღაძე იქნება პასუხისმგებელი. მეკარეებს გია ჭანტურია გაწვრთნის. ასევე, გვაქვს ძლიერი ანალიტიკური სამსახური.
- ცხადია, მოხაზული გექნებათ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებული გეგმები...
- გადაწყვეტილია, რომ ორ თურქულ შეკრებას გავივლით. პირველ შეკრებაზე ჩავატარებთ ოთხ ამხანაგურ მატჩს, მეორე შეკრებაზე კი - ექვსს. ჯერჯერობით, მეტოქეებზე ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით.
- ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს?
- რა თქმა უნდა, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ამოეწურათ კლუბთან კონტრაქტის ვადა და დატოვებენ "დინამოს". მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ძირითადი ბირთვი. მათ შორისაც, რომელთაც კონტრაქტები დაუსრულდათ, არიან გამორჩეული ფეხბურთელები და გვინდა, ისინიც შევინარჩუნოთ.
- პრესკონფერენციაზე იყო ლაპარაკი "დინამოში" ლეგიონერების შესაძლო გამოჩენის თაობაზეც. უფრო კონკრეტულად, რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ამაზე მართლაც მიმდინარეობს მუშაობა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დიდი სიფრთხილე გვმართებს. "დინამოს" სჭირდება ისეთი ლეგიონერები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს და სარგებლობას მოუტანენ. ასეთია ჩვენი პრინციპი. დიდი დაკვირვება გვჭირდება ამ დროს, რათა არ შევცდეთ. რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით, შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.
- ხომ არ აპირებთ, ლეგიონერების შერჩევის დროს აქცენტი გააკეთოთ რომელიმე ქვეყანაზე? მაგალითად, ბრაზილიაზე?
- ასე დაზუსტებით ვერ ვიტყვი, არ არის ასე... შეიძლება, ვთქვათ, ეს იყოს ბელგიაში მოთამაშე ბრაზილიელი, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში მოთამაშე არგენტინელი და ასე შემდეგ. მთავარია, ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელიც გამოგვადგება. ეს იქნება ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოვიყვანთ...
- რაც შეეხება აქაურ ფეხბურთელებს...
- ბუნებრივია, ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. თუ გამოადგებიან "დინამოს" და, ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ გაგვვიხარდება.
- რამდენად შეიძლება "დინამოში" ვიხილოთ ქართველი ლეგიონერები? თუნდაც ისეთები, რომელთაც აქვთ სათამაშო დროის დეფიციტი თავიანთ კლუბებში? გვესმის, რომ ძალიან რთული იქნება ასეთი ფეხბურთელების ჩამოყვანა, მაგრამ თუნდაც გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და სხვები... ამაზე არ გიფიქრიათ?
- გასაგებია, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ ფეხბურთელებს კონტრაქტები აქვთ... რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ მოთამაშეებს, მათ ყველა კარგად იცნობს და, მათ შორის მეც, კარგის მეტსაც ვერაფერს ვიტყვი ამ ბიჭებზე, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი - რამდენად შევძლებთ ჩვენ, რომ მისაღები პირობები შევუქმნათ ამ ფეხბურთელებს? მოკლედ, ძალიან ბევრი ნიუანსი იყრის ერთად თავს...
- ისე მოხდა, რომ ლევან მჭედლიძეს ჯერ თითქმის არ უთამაშია თბილისის "დინამოში". ამის მიზეზიც ვიცით - მოჭარბებული ტრავმები. არადა, ყველამ ვიცით მისი რეალური ძალა - დროის სიმცირის მიუხედავად, მოახერხა და ერთი ისეთი ქულა მოუტანა თბილისის "დინამოს", რომელიც, შეიძლება, გადამწყვეტიც იყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. როგორ წარმოგიდგენიათ მჭედლიძესთან თანამშრომლობა?
- არიან ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს და ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ლევან მჭედლიძეც. ჩვენ ვიცით მისი რეალური შესაძლებლობები და ვიცით, რომ ძალიან ბევრი შეუძლია. ექიმებსაც ველაპარაკეთ და იმედი გვაქვს, აღარ შეაწუხებს ტრავმები. რად უნდა იმას ლაპარაკი, რომ მჭედლიძე დიდი ძალაა "დინამოსთვის". სამწვრთნელო შტაბის წევრები ბოლომდე დავუდგებით მას გვერდში.
- "დინამოს" აკადემიაზე ცალკე უნდა გკითხოთ. ყველას თვალწინ გვაქვს გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითი. უახლოეს მომავალშიც გვაქვს იმის იმედი, რომ აკადემიის აღზრდილები ასეთივე ხმაურიან სიტყვას იტყვიან ჩვენს ფეხბურთში...
- ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. აკადემიის გამართული საქმიანობა მნიშვნელოვნად განაპირობებს "დინამოს" წარმატებას. ჩვენ მივყვებით გეზს, რომელიც გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად გუნდში დაწინაურებას გულისხმობს. ასევე, სხვადასხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს მიეცემათ პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალება. კადრებს ამოვწევთ ცვალებადობის მიხედვით. ვთქვათ, დღეს ერთს და ხვალ - მეორეს. იქნება გარკვეული ცვლილებები მიდგომებში და ეს ცვლილებები არ იქნება ისეთი, საქმეს რომ ავნოს... ამასთან, ექსკლუზიურად მოგაწვდით ერთ ინფორმაციას - ვგეგმავთ "დინამო 2-ის" ჩამოყალიბებას. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დაასრულებენ საკლუბო აკადემიას და ვერ მოხვდებიან ძირითად გუნდში, საშუალება მიეცემათ, იქ გააგრძელონ კარიერა. ეს გუნდი, ალბათ, რეგიონული ლიგიდან დაიწყებს ასპარეზობას და ეცდება, ეტაპობრივად აიწიოს ზემოთ. მაგალითად, პირველ ლიგამდე...
- ამ გუნდსაც თქვენ ხომ არ გაწვრთნით?
- არა. ეს ისე გამოვა, რომ ფორმალურად აქაც ვიყო და იქაც, სინამდვილეში კი - არსად...
- ზაფხულში "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს ასპარეზობა. როგორ "დინამოს" ხედავთ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე და რის მიღწევას იმედოვნებთ?
- ჩემს ოცნებაში ვხედავ "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ ყველანაირად. იმედია, წილისყრაშიც გაგვიმართლებს და მაინცდამაინც "ვამპირები" არ შეგვხვდებიან (იცინის).
- და ბოლოს, მარტის მოლოდინზე უნდა გკითხოთ. საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს არის ევროპის ჩემპიონატთან...
- მოლოდინი მართლაც უდიდესია. რაც საქართველო დამოუკიდებელია, ასეთი შანსი ჩვენ არ გვქონია. არავინ უნდა იფიქროს, რომ იოლი იქნება... არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბელარუსია და აუცილებლად მოვუგებთ, ან მერე გაგვიადვილდება რამე... მჯერა, სამწვრთნელო შტაბიცა და თითოეული ფეხბურთელიც სრულ მზადყოფნაში შეხვდება ამ გამოწვევას. უზომოდ ბედნიერი ვიქნები მეც და ქართული ფეხბურთის თითოეული ქომაგიც, თუ ჩვენ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. ეს იქნება ქართული ფეხბურთის ახალი "13 მაისი"!..