ლევან მჭედლიძე თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს. 2008 წლიდან ის იტალიაში იყო, სადაც "ემპოლისა" და "პალერმოს" სახელით თამაშობდა.
ჩვენი პირველობისთვის მართლაც მეგატრანსფერია სერია A-ს ფეხბურთელის მოსვლა. იმედი გვაქვს, სწორედ მჭედლიძე იქნება ის ფეხბურთელი, რომელიც ქომაგის გარკვეულ ნაწილს მაინც დააბრუნებს სტადიონზე...
მან ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში მოირგო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა, რის შემდეგ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.
ორი აზრი არ არის: რომ არა მოჭარბებული ტრავმები, მჭედლიძე ნამდვილად მეტს შეძლებდა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, თუმცა გვიანი არც ახლაა. 29 წლის ასაკში ის ახალ ფურცელს შლის თავის კარიერაში...
ახლა კი "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ ლევან მჭედლიძესთან...
...ამან გადამაწყვეტინა დაბრუნება
- სიმართლე ითქვას, ძალიან მოულოდნელი იყო გულშემატკივრებისთვის, საქართველოს ჩემპიონატში თამაშის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ...
- გეთანხმებით, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო... შევეცდები ავხსნა, თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. საქართველოში ჩამოვედი სამი თვის წინ. ზუსტად ამ დროის განმავლობაში დავრჩი აქ. ყურადღებით ვადევნებდი თვალს ქართული კლუბების გამოსვლას ევროთასებზე. ამას რომ ვამბობ, მხოლოდ თბილისის "დინამოს" არ ვგულისხმობ, სხვა კლუბებიც მყავს მხედველობაში. ზოგადად რომ შევაფასოთ, ცოტა დაგვაკლდა და ეს "ცოტა" არ არის ისეთი ვაკუუმი, რომლის ამოვსებაც არ შეიძლება.
იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და ეს იყო ჩემი შინაგანი გრძნობა, რომ მეთამაშა თბილისის "დინამოში". ფეხბურთელისთვის მთავარი ის არის, რომ როცა თამაშობს, ამისგან მიიღოს სიამოვნება. მე სიამოვნებას ვიღებ "დინამოში" ყოფნისგან. "დინამო" განსაკუთრებული გუნდია ჩემთვისაც და ყველა ქართველისთვისაც. მე ასე ვფიქრობ... ისეთი სიტუაციაა აქ, რომ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო და სხვა არაფერზე. ამან გადამაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება.
- ალბათ, უნდა დაისვას ეს კითხვაც: რატომ მაინცდამაინც "დინამო", თუმცა პასუხი ალბათ წინასწარ ცნობილია - ბოლოს და ბოლოს, თქვენ საფეხბურთო ოჯახში გაიზარდეთ, მამათქვენი კარლო მჭედლიძე სწორედ "დინამოს" კარს იცავდა. ესეც იყო ალბათ განმსაზღვრელი ფაქტორი...
- ბავშვობიდან ბევრი ისტორია მომისმენია თბილისის "დინამოზე"... საქართველოდან რომ წავედი, ძალიან პატარა ვიყავი - სულ რაღაც 14 წლის. მას შემდეგ, ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, ვერ ვაქცევდი საქართველოს ჩემპიონატს ჯეროვან ყურადღებას. ჩამოვედი და ვნახე, რომ შეიძლება აქ თამაში, მერე ისიცაა, რომ კლუბში ყველაფერი ძალიან კარგად დამხვდა...
- საინტერესოა, იყო თუ არა შეთავაზებები უცხოეთიდან, თუნდაც - იტალიიდან?
- იყო შეთავაზებები იტალიიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც. მაგალითად, იტალიიდან იყო ვარიანტები იმ კლუბებიდან, რომლებიც იბრძვიან სერია A-ში დასარჩენად და იმ გუნდებიდანაც, რომლებიც ახლა არიან სერია B-ში და უნდათ გადასვლა იტალიურ საფეხბურთო ელიტაში. იყო სხვა წინადადებებიც... თუმცა მე "დინამოს" სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი.
- წლების განმავლობაში თქვენი ოჯახი იტალიაში ცხოვრობდა, ბავშვები მიეჩვივნენ იქ ყოფნას, იქაურ გარემოს... ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს არჩევანს?
- გეტყვით პირდაპირ: ჩემი არჩევანის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო. ბავშვები აქამდე იტალიაში იზრდებოდნენ და ამ დროისთვის ქართულად ლაპარაკი ცოტა უჭირთ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს და ჩემს დიდ ოჯახს, ყველა სიხარულით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.
როცა რომან ფიფიასთან ერთად მივუჯექი მაგიდას, მივხვდი, რომ ბევრი ფიქრი აღარ იყო საჭირო...
- როგორი "დინამო" დაგხვდათ?
- რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ვინტერესდებოდი იმით, თუ რა ხდებოდა "დინამოში" და ყველა მეუბნებოდა, რომ რიგზეა ყველაფერი. გადმოცემით ასე ვიცოდი, ახლა კი ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და დავრწმუნდი ამაში. მოლაპარაკებები რომ დავიწყეთ, რომან ფიფიასთან ერთად რომ მივუჯექი მაგიდას, მივხვდი, რომ ბევრი ფიქრი აღარ იყო საჭირო.
- "ემპოლიში" ბოლო დროს ძალიან ცოტას თამაშობდით. ისე ჩანდა, რომ ხშირად ეს არ იყო ტრავმის მიზეზით. იმიტომ ხომ არ ხდებოდა, რომ გუნდის დატოვებას აპირებდით?
- ნამდვილად ასე იყო. გეტყვით, რა და როგორ მოხდა - იანვარში "ემპოლიმ" შემომთავაზა კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება, მაგრამ მე უარი ვთქვი. ჩავთვალე, რომ ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისათვის, აუცილებელი იყო გარემოს შეცვლა. დგება მომენტი, როცა შენს კარიერაში უნდა გადაშალო ახალი ფურცელი. ამის თაობაზე პირდაპირ ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს... არ მერიდება მათთან პირდაპირ ლაპარაკი. "ემპოლი" ჩემი ოჯახი იყო და ასევე რჩება ახლაც. მათაც პირდაპირ მითხრეს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში მექნებოდა მცირე სათამაშო დრო და რომ აქცენტს სხვა ფეხბურთელებზე გააკეთებდნენ. საბოლოოდ სწორედ ასე მოხდა.
- წლების განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ითამაშეთ, რომელსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. იტალიური სტადიონების პრობლემებზე კი საუბრობენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც საქართველოში ხდება. "დინამოში" ამ კუთხით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ქართული საკლუბო ფეხბურთი არ არის მხოლოდ "დინამო". ეს გარკვეულ უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით?
- არავითარ შემთხვევაში! 15 წლის ბიჭი აღარ ვარ, დაუფიქრებელი ნაბიჯი რომ გადავდგა. მე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი გამოწვევაა ახალი რეალობა, ახალი გუნდი, სხვა ჩემპიონატი... ასე რომ, არავითარი უხერხულობა!
პროფესორების ვერდიქტი
- რას უნდა დაბრალდეს მოჭარბებული ტრავმები თქვენს კარიერაში? ზედმეტ დატვირთვებს ხომ არა?
- ამაზე თავისი ვერდიქტი გამოიტანა რამდენიმე პროფესორმა. ყველა ავტორიტეტულმა სპეციალისტმა ერთხმად აღნიშნა, რომ ეს არის 16-19 წლის ასაკში მიღებული დიდი დატვირთვების ბრალი. მადლობა ღმერთს, 7-8 თვეა, ტრავმას აღარ შევუწუხებივარ. იმედია, ასეც გაგრძელდება.
- თბილისის "დინამო" ჩემპიონობიათვის იბრძვის. ბრძოლა ძალიან დაძაბულია...
- ძალიან დიდი ბრძოლაა ჩემპიონობისთვის და ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს. ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ძალიან დასანანი 2 ქულა დავკარგეთ ბოლნისის "სიონთან" შეხვედრაში, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის "საბურთალოსთან". ჩვენი მიზანი გამარჯვებაა!
შესაძლოა, საბურთალოსთან რამდენიმე წუთი ვითამაშო...
- ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის თქვენს დებიუტს საქართველოს ჩემპიონატში. როდის შეიძლება ვიხილოთ ლევან მჭედლიძე "დინამოს" მაისურით?
- ეს სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია... შესაძლოა, "საბურთალოსთან" რამდენიმე წუთი ვითამაშო...
- დასამალი არ არის, "დინამოს" ქომაგი, და არა მარტო, განსაკუთრებული იმედით ელის თქვენს დებიუტს...
- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. მათგან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს ჩემთვის, თუნდაც მოტივაციის კუთხით. ასევე, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა შენზე იმედებს ამყარებენ, შენი ვალია, რომ ეს იმედები და მოლოდინი გაამართლო.
- "დინამოს" სამწვრთნელო შტაბზე რას იტყვით?
- ძალიან კარგად მუშაობენ. გუნდი მიჰყვება სამწვრთნელო შტაბს, ისინი ყველაფერს აკონტროლებენ. კარგის მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი მათ მუშაობაზე.
ეს შანსი ერთად უნდა გამოვიყენოთ!
- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ეროვნულ გუნდში ლევან მჭედლიძისგან ბევრს ელის გულშემატკივარი...
- მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ყველა ფეხბურთელის კარიერაში. არ მიმაჩნია, რომ "დინამოში" ჩამოსვლით მე გადავდგი ნაბიჯი უკან, შევიმცირე ეროვნულ გუნდში მოხვედრის შანსი და ასე შემდეგ...
- როგორ შეაფასებდით დანიასთან მატჩს?
- საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან თანაბრად თამაში შეუძლია. გავიხსენოთ, რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა ძირითადი შემადგენლობიდან. ახალგაზრდებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი. მუდმივი კონტაქტი მაქვს ნაკრების ფეხბურთელებთან. ისინი უზომოდ არიან მოტივირებულები. ახლა ორი უახლოესი შეხვედრა წარმატებით უნდა ჩავატაროთ...
- გაისად მარტში გველის ერთა ლიგის პლეი ოფები...
- ეს უდიდესი შანსია. შანსი, რომელიც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვქონდეს. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი, ამაზე ორი აზრი არ არის. ქართველი ქომაგი ჩვენთან ერთადაა და ამ ნდობას გამართლება სჭირდება. ერთად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი.