• Geo
  • Eng
28.03.2020
კახა ჩხეტიანი: მთავარია, დროულად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დანარჩენს ეშველება!..

"ლელო" თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და მცირე ინტერვიუ ჩაწერა. საინტერესოა, როგორ ცხოვრობს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამ უფეხბურთობის ჟამს...

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული პერიოდი დგას - სავარჯიშო პროცესი შეწყვეტილია, შეჩერებულია საქართველოს ჩემპიონატი. ფეხბურთელები როგორ ახერხებენ ფორმის შენარჩუნებას?

- რა თქმა უნდა, ისინი შინ ყოფნის პირობებში მაქსიმალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას. ჩვენ მათ ვაძლევთ მითითებებს სავარჯიშო პროცესთან დაკავშირებით. ყველაფერი კეთდება იმ რეკომენდაციების უკმაცრესი დაცვით, რომელიც გვაქვს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ მსოფლიოს და საქართველოს ყველა მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველამ ბოლომდე უნდა დავიცვათ რეკომენდაციები.

- ძირითადად რა ვარჯიშები შეიძლება შეასრულოს ფეხბურთელმა შინ ყოფნის დროს?

- ფიზიკური ვარჯიშები, სირბილი... მათ ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციები. მაქსიმუმ, სახლთან ახლოს ბუნებაში გავიდნენ იზოლირებულად და ივარჯიშონ შეძლებისდაგვარად.

- "დინამოს" ლეგიონერები წავიდნენ თუ საქართველოში არიან?

- მათი უმრავლესობა წავიდა. მხოლოდ ორნი არიან საქართველოში. ოჯახები ჰყავთ საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში... ყველას უნდა, რომ ამ რთულ ვითარებაში იყოს ოჯახთან ერთად...

- ფაქტია, მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გუნდებმა ზამთარში გაიარეს, ამ პაუზის გამო ჩავარდა...

- ცხადია, ეს ასეა. ბევრი რამ თავიდან უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველება, მთავარია, დროულად გამოვიდეთ შექმნილი ვითარებიდან. ახლა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ზედმიწევნით უნდა დავიცვათ თითოეული რეკომენდაცია...

- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავთ. ალბათ, ბევრად უკეთესია, გულშემატკივრებთან ერთად ვითამაშოთ ბელარუსის ნაკრებთან...

- რა თქმა უნდა, უკეთესია. გადაჭედილი "დინამო არენა" ჩვენი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

- ხომ არაფერს დაამატებდით?

- მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ურთულეს ჟამს დგას ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მადლობა ყველას, ვინც ამა თუ იმ ფორმით ეხმარება ქვეყანას... მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უფლის შეწევნით!

 

28.03.20 გაზეთი ლელო
https://bit.ly/2UpfDEG

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024